ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ამერიკის ავტომწარმოებელ სამ უდიდეს კომპანიას შეხვდა. ტრამპი ცდილობდა კომპანიის ხელმძღვანელები დაერწმუნებინა, რომ მათ გააგრძელონ წარმოება აშშ-ში და არ გაიტანონ საკუთარი ბიზნესი საზღვარგარეთ.
ის „ჯენერალ-მოტორსის“, „ფორდის“ და „ფიატ-კრაისლერის“ წარმომადგენლებს შეხვდა. უკვე მეორე დღეა ახალი პრეზიდენტი დიდი კორპორაციის ლიდერებს ხვდება თეთრ სახლში, ამერიკული წარმოების გაზრდის იმედით.
„ჩვენ ძალიან ვცდილობთ წარმოების ამერიკაში დაბრუნებას, ჩვენ მნიშვნელოვნად ვამცირებთ გადასახადებს და უსარგებლო რეგულაციებს. ჩვენ გვინდა რეგულაციები, თუმცა ისიც გვინდა, რომ ამ რეგულაციებს რაიმე შინაარსი ქონდეთ“, - განაცხადა ტრამპმა შეხვედრისას.
ინაუგურაციამდე რამდენიმე კვირით ადრე, დონალდ ტრამპმა ამერიკელი ავტომწარმოებლები გააკრიტიკა მათ მიერ მექსიკაში ბიზნესის გაფართოების გამო და შემდეგ შეაქო ისინი ამერიკაში უფრო მეტი სამუშაო ადგილის შექმნის პირობისთვის.
ტრამპმა გააფრთხილა ბიზნესმენები, რომ ის ეცდება კონგრესის დაყოლიებას, რათა 35% ოდენობის „მნიშვნელოვანი საბაჟო გადასახადი“ დააწესოს იმ კომპანიებზე, რომლებსაც წარმოება ქვეყნის გარეთ გააქვთ და შემდეგ ცდილობენ პროდუქტის ამერიკაში გაყიდვას.
ახალი პრეზიდენტის განცხადებით, ის აპირებს სახელმწიფო რეგულაციების და გადასახადების „მასიურად“ შემცირებას, რათა შეინარჩუნოს წარმოება აშშ-ში.
წარმოებას ამერიკის ეკონომიკაში მნიშნელოვანი როლი აქვს და მისი წილი მსოფლიოში უდიდესია. თუმცა 2000 წლიდან მოყოლებული, ამერიკამ ამ სექტორში 5 მილიონი სამუშაო ადგილი დაკარგა. კომპანიებს იაფი მუშახელის ძიებაში წარმოება სხვა ქვეყნებში გადააქვთ. ავტოწარმოებაში დასაქმებულთათვის მექსიკაში 5-ჯერ ან უფრო მეტჯერ უფრო ნაკლებია ანაზღაურება, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებში.