მსოფლიოს პირველი ჩოგანი ჩოგბურთში, ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობაში მონაწილეობას მიიღებს მიუხედავად იმისა, რომ სპორტსმენი კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ვაქცინირებული არ არის.
ჯოკოვიჩმა, ტურნირში მონაწილეობის უფლება მას შემდეგ მიიღო, რაც სამედიცინო მიზნებით, გამონაკლისის დაშვებაზე განაცხადი გააკეთა და კომისიისგან თანხმობა მიიღო.
ტურნირში მონაწილეობის შესახებ, ჯოკოვიჩის განცხადება, მელბურნში საზოგადოებრივი მღელვარების მიზეზი გახდა. ავსტრალიაში, პანდემიის განმავლობაში, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი შეზღუდვებია დაწესებული.
შტატ ვიქტორიას ადგილობრივმა ხელისუფლებამ, სადაც ღია პირველობა იმართება, ჯოკოვიჩის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების პასუხისმგებლობა ფედერალურ მთავრობას და პრემიერ-მინისტრს დააკისრა. ფედერალური მთავრობის გადაწყვეტილების გამო, ჯოკოვიჩისთვის ტურნირში მონაწილეობის უფლება მიეცა, პრემიერი სკოტ მორისონი სირთულეების წინაშე აღმოჩნდა.
საზოგადოების პროტესტის შემდეგ, პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ ტიტულოვანი სპორტსმენისთვის, განსკუთრებული გამონაკლისები დაშვებული არ იქნებოდა.
„თუ მტკიცებულებები [სამედიცინო გამონაკლისის აუცილებლობის შესახებ] არასაკმარისი იქნება, მას გამორჩეულად არ მოექცევიან და შემდეგი თვითმფრინავით შინ დაბრუნება მოუწევს“ - აცხადებდა მორისონი.
არავაქცინირებული სპორტსმენისთვის გამონაკლისის დაშვება ადგილობრივების ნაწილის აღშფოთებას იწვევს.
„ჩვენ ყველა სწორად მოვიქეცით. ავიცერით, გავკეთეთ ბუსტერები. ახლა კი გვყავს ვიღაც, ვინც საზღვარგარეთიდან ჩამოდის და გამონაკლისის სახით, აუცრელს შეუძლია ითამაშოს. ეს უბრალოდ სირცხვილია, არ ვაპირებ თამაშის ყურებას“ - ამბობს „როიტერთან“ საუბრისას მელბურნის მკვიდრი, ქრისტინე უორთონი.
ტურნირის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ თამაშზე დამსწრე თითოეული ადამიანი ვაქცინირებული უნდა იყოს, ან უნდა ჰქონდეს სამედიცინო გამონაკლისის დამადასტურებელი საბუთი, რომელიც დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის მიერ იქნება მინიჭებული.
სწორედ ამ გამონაკლისის გათვალისწინებით, ჯოკოვიჩს არ მოეთხოვება კარანტინი და იმავე თავისუფლებით ისარგებლებს, როგორითაც ვაქცინირებული ადამიანები.
„ჩვენ სრულიად გვესმის და თანავუგრძნობთ იმ ადამიანებს, ვისაც ნოვაკის ტურნირში მონაწილეობა აშფთებთ და ეს ბოლო ორი წლის განმავლობაში, მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამოც ხდება.“ - ამბობს ავსტრალიის ჩოგბურთის აღმასრულებელი დირექტორი, ქრეიგ ტილი.
მანამდე ჯოკოვიჩი აცხადებდა, რომ წინააღმდეგი იყო ვაქცინაცია სავალდებულო გამხდარიყო და თავად აცრას არ გეგმავდა.
ავსტრალიის ღია პირველობა 17 იანვარს იწყება. ჯოკოვიჩი ავსტრალიის სლემის მოქმედი ჩემპიონია.
Facebook Forum