დეტროიტის რამდენიმე კრედიტორთან საუბრისას, მიჩიგანის გუბერნატორმა რიკ სნაიდერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ დეტროიტს ვალის დასაბრუნებლად ფული აღარ აქვს:
„ქალაქი ფაქტობრივად გაკოტრებულია.“
დეტროიტმა გაკოტრების პეტიცია სასამართლოში შეიტანა, რის შემდეგად ქალაქს შტატმა საგანგებო მმართველად კევინ ორი დაუნიშნა. ის ამბობს, რომ ქალაქის მთავარი კრედიტორები პოლიცია და სახანძრო სამსახურია, რომელთა საპენსიო ფონდისთვის ქალაქს 2.5 მილიარდ დოლარზე მეტი მართებს.
ორის თქმით, ქალაქის საბიუჯეტო დეფიციტი 300 მილიონს აღემატება, ხოლო გრძელვადიანი სესხების ოდენობა კი 20 მილიარდს შეადგენს. ქალაქს ამ თანხების გასასტუმრებლად სახსრები არ გააჩნია.
„შოკის მომგვრელი იყო იმის აღმოჩენა, რომ დაუდევარი ხარჯვა ათწლეულების მანძილზე გრძელდებოდა. ძალიან დიდი ხანი გაგრძელდა უყურადღებობა და ახლა შედეგი სახეზე გვაქვს.“
გაკოტრება დეტროიტისთვის დიდი დარტყმაა. ქალაქის ერთ-ერთი მკვიდრი ევერეტ კოტრელი ამბობს, რომ ქალაქი უკვე დიდი ხანია ცდილობს ურბანული იარებისა და უწყვეტი დეგრადაციის იმიჯი მოიშოროს.
„ქალაქის გართ ყველას ჰგონია, რომ დეტროიტი ნაგავსაყრელია. მას პატივს არავინ სცემს. დეტროიტს საკუთარ საქმეებზე თავის გართმევა უკვე აღარ შეუძლია.“
ლელანდ ჰარისონი, ქალაქის კიდევ ერთი მოსახლე, ქალაქის ფისკალურ პრობლემებს მის ლიდერებს აბრალებს. საგანგებო მმართველი ორის მიერ გაკოტრების გამოცხადება მას უკანასკნელ გამოსავალად მიაჩნია:
„მათ საკმარისი დრო ჰქონდათ ქალაქის მდგომარეობის გამოსასწორებლად. მაგრამ როგორც ნათქვამია, თუ საქმეს ვერ აკეთებ, მას შენს ნაცვლად სხვა გააკეთებს. მგონი ასეც მოხდა.“
ქალაქის მოსახლეობა შიშობს, რომ ვალის დასაფარად გაიყიდება ქალაქის ხელოვნების ინსტიტუტში არსებული ისეთი აქტივები, როგორიცაა ძვირადღირებული ფერწერული ტილოები, ქანდაკებები და ისტორიული ექსპონატები.
საგანგებო მმართველი მოსახლეობის დამშვიდებას ცდილობს:
„ამჟამად გასაყიდად არაფერია გატანილი.“
მაგრამ გამორიცხული არაფერია. ქალაქის კუთვნილებაში მყოფი აქტივების ბედს გაკოტრების სასამართლოში ფედერალური მოსამართლე გადაწყვეტს, რომელიც ჯერ დანიშნული არ არის. მანამდე კი დეტროიტის საქმეს შტატის სასამართლო განიხილავს.