ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დემოკრატები ერთმანეთს ნევადაში სატელევიზიო დებატებში, შემდეგ კი ბიულეტენზე დაუპირისპირებიან


ექვსი დემოკრატი, რომელიც პრეზიდენტის კანდიდატობისთვის იბრძვის, 19 თებერვალს ნევადაში მეცხრე საპრეზიდენტო სატელევიზიო დებატებში მიიღებს მონაწილეობას.

ვერმონტის სენატორი ბერნი სანდერსი და ინდიანის შტატის, ქალაქ საუთ ბენდის ყოფილი მერი პუტ ბუტეჯეჯი, ის ორი კანდიდატია, რომლებმაც აიოვასა და ნიუ ჰემფშირის შტატებში პარტიულ სათათბიროზე, საუკეთესო შედეგები აჩვენეს. ეს დემოკრატიულ პრაიმერიში ის შტატებია, რომლებიც საკუთარ ფავორიტებს პირველი წარადგენენ.

ნევადის პრაიმერი, იგივე სათათბირო, შაბათს გაიმართება. სათათბირომდე, სატელევიზიო დებატებში ნიუ-იორკის ყოფილი მერი, მაიკლ ბლუმბერგი პირველად მიიღებს მონაწილეობას. ბლუმბერგი ჯერ-ჯერობით ოფიციალურად არ მონაწილეობს საპრეზიდენტო მარათონში. ის არც ნევადის პრაიმერიში იქნება ბიულეტენზე. თუმცა, მას შემდეგ, რაც კვლევებმა ქვეყნის მასშტაბით აჩვენა, რომ მას ამომრჩევლის 19 პროცენტი უჭერს მხარს, მან კანდიდატობის რბოლაში მონაწილეობისთვის საჭირო მოთხოვნა დააკმაყოფილა. დებატებში მონაწილეობას ასევე მიიღებენ მინესოტელი სენატორი ემი კლობუჩარი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მასაჩუსეტსის სენატორი ელიზაბეტ უორენი.

მინესოტელ სენატორს ემი კლობუჩარს იმედი აქვს, მის მიერ ნიუ ჰემფშირში მესამე ადგილზე გასვლას ნევადის სათათბიროზე თავის სასარგებლოდ გამოიყენებს.

ნევადის სათათბიროს წინ, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ ადგილობრივების ფავორიტი ბერნი სანდერსია. მისი მთავარი მეტოქე ამ შტატში, სავარაუდოდ, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იქნება.

ნევადა შტატების პარტიული სათათბიროების და პრაიმერების გრძელ რიგში რიგით მესამეა, რომელიც ნოემბრის არჩევნებზე, საპრეზიდენტო ნომინანტის შესარჩევად ტარდება. ნომინაციის მფლობელი ზაფხულში, დემოკრატიული პარტიის ეროვნულ ყრილობაზე გამოცხადდება და ის არჩევნებზე რესპუბლიკელ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს დაუპირისპირდება.

ნევადა პირველი შტატია, სადაც დემოკრატ პრეტენდენტებს რასობრივად მრავალფეროვან ამომრჩეველთან შეხვედრა მოუწევთ. ლათინო და აფრო-ამერიკელი ამომრჩევლები ნევადის მოსახლეობის დიდ წილს შეადგენს, რაც თვისობრივად განსხვავდება მეტწილად თეთრკანიანი ამომრჩევლებით დასახლებული აიოვის და ნიუ-ჰემფშირის შტატებისგან, სადაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში, პარტიების შიგნით, პირველი ხმის მიცემა მოხდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG