ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამასა და რომნის კონფრონტაცია მეორე დებატებში


პრეზიდენტი ობამა გაცილებით ენერგიული და აგრესიული იყო მეორე დებატებში

პრეზიდენტი ბარაკ ობამა და რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატი, მიტ რომნი, სამშაბათს, მეორე სატელევიზიო დებატებში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. „ამერიკის ხმის” კორესპონდენტის, კენტ კლეინის თქმით, პირველ დებატებთან შედარებით, ამ ფორუმზე გაცილებით მეტი წინააღმდეგობა იგრძნობოდა, რომლის დროსაც კანდიდატები, პერიოდულად, მარცხდებოდნენ კამათში.

პირველ დებატებში სუსტი გამოსვლის შემდეგ რეიტინგის გაუარესებული მაჩვენებლების ფონზე, პრეზიდენტი ობამა გაცილებით ენერგიული და აგრესიული იყო მეორე დებატებში.

ბარაკ ობამა და მიტ რომნი ერთმანეთს ქალაქ ნიუ იორკთან ახლოს, ჰოფსტრას უნივერსიტეტში, ამომრჩეველთან პირისპირ გამართული შეხვედრის ფორმატში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რომლის დროსაც კანდიდატებს შეკითხვებს დარბაზში მყოფი მერყევი ამომრჩევლები უსვამდნენ.

ოპონენტები რამდენჯერმე შეკამათდნენ, მათ შორის ენერგო პოლიტიკის თემაზე.

„უამრავი ნავთობკომპანია იყო…” - საუბარი დაიწყო ობამამ.
„არა, მე შეკითხვა მაქვს და შეკითხვა იმაში მდგომარეობს, რამდენით შეამცირეთ ისინი?” - სიტყვა შეაწყვეტინა რომნიმ.
„გინდათ, რომ ამ შეკითხვას ვუპასუხო? მოხარული ვიქნები პასუხი გაგცეთ.” - განმარტა ობამამ.
„კი ბატონო, გისმენთ,” - თქვა რომნიმ.
„მოვლენები აი ასე განვითარდა…” - ობამამ საუბარი განაგრძო.

დარბაზიდან დასმული ერთ-ერთი შეკითხვა ბენღაზიში შეერთებული შტატების საკონსულოზე სექტემბრის თვეში განხორციელებულ თავდასხმას შეეხებოდა, რომლის დროსაც ლიბიაში ამერიკის ელჩი და სამი ამერიკელი დაიღუპა.

სათანადო უსაფრთხოების ვერ უზრუნველყოფის გამო, რამაც ეს თავდასხმა განაპირობა, პრეზიდენტმა სრული პასუხისმგებლობა იკისრა, თუმცა, ინციდენტზე რეაგირების გამო ობამამ თავისი მეტოქე გააკრიტიკა.

„სანამ ჩვენ ჯერ ისევ ჩვენი დიპლომატების უსაფრთხოებაზე ვზრუნავდით, გუბერნატორმა რომნიმ პრესრელიზი გაავრცელა და პოლიტიკური ქულების ჩაწერა სცადა. ქვეყნის მთავარსარდალი ასე არ მოქმედებს. სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი არ უნდა იქცეს პოლიტიკურ თემად,” - განმარტა პრეზიდენტმა.

რომნის თქმით, ადმინისტრაციის წარუმატებლობა ბენღაზიში სიმბოლური გამოხატულებაა ზოგადად ახლო აღმოსავლეთში წარუმატებელი პოლიტიკისა და აქვე აღნიშნა, რომ სწორედ ობამა იყო ის ადამიანი, რომელმაც თავდასხმის შემდეგ პოლიტიკური ქულების ჩაწერა სცადა.

„თავდასხმის მეორე დღეს, პრეზიდენტი თანხების მოზიდვის ღონისძიებაზე დასასწრებად ლას ვეგასში გაემგზავრა. მომდევნო დღეს კი კოლორადოში გადაინაცვლა კიდევ ერთ პოლიტიკურ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად. ვფიქრობ, პრეზიდენტისა და [ქვეყნის] ლიდერის მიერ გადადგმულ ამ ნაბიჯებს სიმბოლური დატვირთვა აქვს,” - განაცხადა მიტ რომნიმ.

ეკონომიკის თემაზე მსჯელობისას, პრეზიდენტმა გაწეული საქმიანობა დაიცვა და პირობა დადო, რომ იგი განაგრძობს მუშაობას ვითარების გაუმჯობესების დასაჩქარებლად.

„ჩვენ ხუთი მილიონი სამუშაო ადგილი შევქმენით. 800,000 სამუშაო ადგილი აღარ იკარგება ყოველთვიურად. ჩვენ პროგრესს განვიცდით. ჩვენ გადავარჩინეთ ავტოინდუსტრია, რომელიც კოლაფსის ზღვარზე იყო,” - განაცხადა პრეზიდენტმა.

მიტ რომნის თქმით, ობამას ეკონომიკური მოღვაწეობა სუსტია და არც მისი მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში გამოსწორდება რაიმე.

„ვფიქრობ, თქვენ უკეთ იცით. ვფიქრობ, იცით, რომ უკანასკნელი ოთხი წელიწადი არც ისეთი კარგი იყო, როგორც ამას პრეზიდენტი აღგვიწერს, და რომ არ ხართ დარწმუნებული, რომ მომავალ ოთხ წელიწადში ვითარება გამოსწორდება. თუ თქვენ პრეზიდენტ ობამას მეორე ვადით აირჩევთ, იცით რას უნდა ელოდოთ - თქვენ უკანასკნელ ოთხ წელს გაიმეორებთ,” - განაცხადა რომნიმ.

ბატონმა რომნიმ აღნიშნა, რომ პრეზიდენტი არასაკმარის ნაბიჯებს დგამს ჩინეთთან დაპირისპირების მიზნით, რაც ჩინეთის მხრიდან სავაჭრო საკითხებში თაღლითობის ბრალდებებს უკავშირდება. მისი თქმით, პრეზიდენტად არჩევის პირველივე დღეს იგი ჩინეთს ვალუტის მანიპულატორის კვალიფიკაციას მიანიჭებს. პრეზიდენტმა ჩინეთთან მიმართებაში მისი პოლიტიკა დაიცვა და განმარტა, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში პეკინის წინააღმდეგ მან უამრავი საქმე მოიგო.

კანდიდატებმა იმიგრაციის, ქალების უფლებების, იარაღის კონტროლისა და განათლების საკითხებზეც იდებატეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულმა საზოგადოებრივი აზრის რამდენიმე კვლევამ პრეზიდენტის უმნიშვნელო დაწინაურება აჩვენა.

ამერიკელების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ 3 ოქტომბერს გამართული პირველი საპრეზიდენტო დებატები რომნიმ მოიგო, რის შემდეგაც რესპუბლიკელი კანდიდატის რეიტინგი საზოგადოებრივი აზრის კვლევებში გაუმჯობესდა. უახლესი კვლევების მიხედვით, კანდიდატების რეიტინგები თითქმის გათანაბრდა.

ოთხშაბათს, ორივე საპრეზიდენტო კანდიდატი კამპანიას მერყევ შტატებში განაგრძობს. მიტ რომნი ვირჯინიას ეწვევა, პრეზიდენტი ობამა კი აიოვასა და ოჰაიოს შტატებში გაემგზავრება.

ფინალური დებატები 22 ოქტომბერს, ფლორიდის შტატში გაიმართება, რომლის დროსაც ობამა და რომნი საგარეო პოლიტიკის საკითხებზე იმსჯელებენ.
XS
SM
MD
LG