ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის მთავრობა მუშაობას 3 კვირით განაახლებს


პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესის ლიდერებთან შეთანხმებას მიაღწია. შეერთებული შტატების მთავრობა დროებით, 3 კვირით ისევ მთელი დატვირთვით ამუშავდება, ვიდრე კანონმდებლები და პრეზიდენტი 2019 წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე შეთანხმდებიან.

ტრამპმა განცხადება დღეს, გვიან შუადღეზე, თეთრი სახლის ვარდების ბაღიდან გააკეთა. "მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ მთავრობის დახურვის პროცესის დასასრულებლად და ფედერალური მთავრობის ასამუშავებლად" - თქვა პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვაში, რომელიც ამერიკულ არხებზე პირდაპირი ეთერით გადაიცა.

შეთანხმება, რომელიც ამერიკის მთავრობას 15 თებერვლამდე დააფინანსებს, არ მოიცავს ბიუჯეტის ყველაზე წინააღმდეგობრივ ნაწილს, ტრამპის ერთ-ერთ მთავარ წინასაარჩევნო დაპირებას მექსიკის საზღვართან კედლის აშენების თაობაზე. თუმცა, პრეზიდენტის თქმით, ორპარტიული კომიტეტი შეიქმნება, რომელიც საზღვრის უსაფრთხოების დაცვის პრობლემებზე იმუშავებს.

ტრამპი ძველებურად აღარ საუბრობს ფიზიკურ კედელზე, რომელიც მისი დაპირებისამებრ, მექსიკის საზღვარზე უნდა აშენებულიყო. პრეზიდენტის რიტორიკაში უფრო და უფრო ხშირად ჩნდება სიტყვები "ბარიერი", "რკინის ღობე" და "საზღვრის უსაფრთხოების დაცვის" სისტემა. "ჩვენ არ გვჭირდება 2 000 მილზე გადაჭიმული ბეტონის კედელი ერთი ზღვიდან მეორე ზღვამდე. ეს არასოდეს შემოგვითავაზებია" - განაცხადა ტრამპმა.

განცხადება მთავრობის ნაწილობრივი დახურვიდან რეკორდულ ვადაში, 35-ე დღეს გაკეთდა. დღეს მთავრობის დაახლოებით 800 ათასი თანამშრომელი შობის დღესასწაულის პერიოდიდან მოყოლებული, კიდევ ერთ ხელფასს გამოტოვებს. ხელფასები ამერიკის მთავრობაში თვეში ორჯერ გაიცემა. მთავრობის თანამშრომლები ხელფასებს სავარაუდოდ მომდევნო კვირაში აიღებენ, მას შემდეგ, რაც შეთანხმებას კონგრესში უყრიან კენჭს და მთავრობა ოფიციალურად ამუშავდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG