აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს შემადგენელი ნაწილებია, თუმცა იქ მცხოვრები ადამიანების დაცვაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას აკისრია - ასეთი გახლავთ პოლიტიკური მოცემულობა, საერთაშორისო სამართლის ნორმების თანახმად. ამ წესს, რომლის მიხედვით, ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელს აკისრია ვალდებულება ადამიანის უფლებების დაცვაზე, ამყარებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს მიერ არაერთგზის მიღებული გადაწყვეტილებები. ამის მიუხედავად, რუსეთის ფედერაციამ საზღვრების ჩაკეტვის დადგენილება ისე მიიღო, რომ საერთოდ არ მიიჩნია საჭიროდ ეზრუნა მის მიერ აღიარებულ ანკლავებში მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობის დაცვაზე (რომელთა მიმართ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აკისრია).
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, პრემიერმა და მინისტრებმა რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ მზადაა/მზადდება სამედიცინო პუნქტები და ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვებ მოქალაქეებსაც ისეთივე მომსახურებას გაუწევენ ექიმები, როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრებთ.
სამეგრელოში, რუხთან, მრავალპროფილური კლინიკა მზადდება, რომელიც არამხოლოდ მიიღებს პაციენტებს, არამედ უზრუნველყოფს სპეციალურ საკარანტინე სივრცესაც, სადაც აფხაზეთიდან სამკურნალოდ გადმოსული პაციენტების ოჯახის წევრებს შეეძლებათ განთავსება.
ამ დროისთვის ერთი პაციენტს, რომელიც აფხაზეთიდან ზუგდიდში სამკურნალოდ გადმოიყვანეს, ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. მას მოსკოვში მოგზაურობის ისტორია აქვს.
აფხაზეთიდან შემოსულ პაციენტთან დაკავშირებით, COVID-19 -ის დადასტურების შემდგომ, დე-ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, პრემიერ-მინისტრმა ვალერი ბგანბამ მიიღო გადაწყვეტილება ოჩამჩირესა და გალს შორის გადაადგილების აკრძალვის თაობაზე. ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი სწორედ გალის მუნიციპალიტეტის სოფელ საბერიოდან გადმოიყვანეს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაკონტროლებულ სივრცეში. ის მანამდე მოსკოვიდან ადლერში ჩავიდა.
აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ ახალ კორონავირუსთან გასამკლავებლად ოპერატიული შტაბი შექმნა, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ალხაზ კონჯარია ხელმძღვანელობს. მისი თქმით, აფხაზეთში ამ დრომდე ვირუსი არავის დადასტურებია. ერთ პაციენტს, რომელმაც სოხუმში ინფექციურ საავადმყოფოს მიმართა, მხოლოდ ხველის დიაგნოზი დაუსვეს. 30 მარტის განმავლობაში აფხაზეთის ქოლ-ცენტრში 150 ზარი შევიდა მოქალაქეებისგან, ვისაც ვირუსთან დაკავშირებით ინფორმაცია აინტერესებდა.
აფხაზეთმა რუსეთთან საზღვარი 28 მარტს ჩაკეტა. როკის გამშვები პუნქტის ჩაკეტვის შესახებ განცხადება კი 30 მარტს გააკეთა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციამ. მათივე თქმით, ტვირთების გადაადგილება არ შეიზღუდება.
პანდემიის საფრთხის მიუხედავად, ადამიანთა დისტანცირების წესის მოთხოვნებს, მოქალაქეები დიდწილად არ ემორჩილებიან. მაგალითად, აფხაზეთში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პირველსავე დღეს ხალხმრავალი ქორწილი გაიმართა.
ანალოგიური ვითარებაა ცხინვალის მიმართულებითაც. აქ კვლავინდებურად ღიაა კაფეები და კვების სხვა ობიექტები და რიტუალური სუფრების ტრადიციაც გრძელდება. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტთან არსებული რელიგიის საბჭოს წარმომადგენელმა სონია სუბაევამ განცხადება გააკეთა მართლმადიდებელი და ყველა სხვა ეკლესიის წარმომადგენლის მიმართ და მოსთხოვა თავი შეიკავონ ეკლესიებში სტუმრობისა და ღვთისმსახურების რიტუალებზე დაწრებისგან კარანტინის პერიოდში.
როგორც ჩანს, დე-ფაქტო ადმინისტრაციის მიერ გაკონტროლებულ სივრცეში განსაკუთრებული დაუმორჩილებლობის კერებს „იეღოვას მოწმეების“ ეკლესია ქმნის. „მათი წარმომადგენლები ავრცელებენ ინფორმაციას ბოლო ჟამის მალე მოსვლის თაობაზე. დაბეჯითებით გიწევთ რეკომენდაციას, თავი შეიკავოთ პანიკური გამოხდომებისგან სამყაროს აღსასრულის (არმაგედონის) შესახებ და გაფრთხილებთ, რომ მსგავსი პანიკური განცხადებების გამო, ამ რელიგიის წარმომადგენლები მიეცემიან პასუხისგებაში და დაისჯებიან კანონის მთელი სიმკაცრით“, - ასეთი გახლავთ ხუბაევას განცხადება.
ცხინვალის დე-ფაქტო ადმინისტრაცია გარკვეულ განცხადებებს აკეთებს, თუმცა მათი აღსრულება მკაცრად არ აღირიცხება. ასე მაგალითად, ცხინვალში რუსეთის ფედერაციიდან დაბრუნებული სტუდენტებისა და მათი მშობლების საყურადღებოდ ითქვა, რომ უნდა დაეცვათ თვითიზოლაცია, ასევე, უნდა მიეწოდებინათ ინფორმაცია საზედამხედველო სამსახურისთვის ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში ჩამოსვლის თაობაზე. „იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთის ფედერაციაში უნივერსიტეტები დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა, ყველა უცხოელსა და სამხრეთ ოსეთის მკვიდრ სტუდენტს ეძლევა მუდმივ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების რეკომენდაცია. კორონავირუსის ინფექციის თავიდან აცილების მიზნით, მათ მოეთხოვებათ თვითიზოლაცია, ასევე შეუძლიათ ისარგებლონ ცხელი ხაზის მომსახურებით“. მანამდე ცხინვალმა გასასვლელები მსოფლიოს 60 ქვვეყნისთვის ჩაკეტა.
დე-ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ განკარგულებაშია 4 ერთეული სასუნთქი აპარატი და მათი რაოდენობა, 10-მდე გაიზრდება. ამ დროისთვის ცხინვალი არცერთი ახალი კორონავირუსიანი პაციენტის შესახებ არ საუბრობს. „თუ ვინმე დაავადდება, ვუმკურნალებთ შესაბამისი წესით“, - აცხადებენ დე-ფაქტო ადმინისტრაციის ჯანდაცვის უწყების პრეს-სამსახურში. 30 მარტის მონაცემებით, დაკვირვების ქვეშ 77 მოქალაქეა, რომელთაგან 12 იმყოფება სტაციონარში.
"ამერიკის ხმასთან" საუბრისას, ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ამბობს, რომ ცხინვალელი პრო-სახელისუფლებო ჟურნალისტის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის თანახმად, დე-ფაქტო ადმინისტრაციაში ხელოვნური სუნთქვის ერთი აპარატია. ადგილობრივი მოსახლეობის განწყობებზე კითხვის საპასუხოდ კი მეარაყიშვილმა განაცხადა, რომ კრიზისული ვითარების შექმნისთანავე, იქ ვითარება შეიცვლება: „ყველა ამბობს, რომ მზადაა გაიქცეს და გაქცევისთვის ყველაზე მოსახერხებელი ადგილი თბილისია.“
Facebook Forum