ქალაქ ვაშინგტონის (კოლუმბიის ოლქის) პოლიციამ ცნობა გამოაქვეყნა 16 მაისს, თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის დაცვასა და დემონსტრანტებს შორის, თურქეთის საელჩოსთან მომხდარი დაპირისპირების თაობაზე. პოლიციამ განაცხადა, რომ აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით ერდოღანის დაცვის 12 წევრზე დაკავების ორდერი გაიცა და მათ ბრალი ფიზიკური შეურაცყოფის მიყენებაში წარედგინებათ. სულ, პოლიცია 14 პირს ეძებს. მათგან ორი კანადის მოქალაქეა.
„სახელმწიფო დეპარტამენტის, საიდუმლო სამსახურის და მუნიციპალიტეტის პოლიციის დეპარტამენტის სრულყოფილი გამოძიების შედეგად, 18 პირს ბრალი წარედგინა ინციდენტთან დაკავშირებით, რომელსაც 16 მაისს კონსტიტუციის პირველი შესწორების ფარგლებში მომხდარი შეკრების დროს ჰქონდა ადგილი“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
16 მაისს, პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის ამერიკაში ვიზიტის დროს, თურქეთის საელჩოსთან დემონსტრანტებსა და ერდოღანის დაცვის წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა. ინციდენტის ვიდეო ამერიკის ხმის თურქულმა რედაქციამ გაავრცელა. პოლიციის თქმით, მათ ამ პირების იდენტიფიკაცია ვიდეოს მეშვეობით მოახერხეს.
მომხდარი დაპირისპირება, ვაშინგტონსა და ანკარას შორის ურთიერთობების დაძაბვის კიდევ ერთი მიზეზი გახდა. დაპირისპირებას, ტრამპის ადმინისტრაციამ „ძალზედ შემაშფოთებელი“, ხოლო ვაშინგტონის პოლიციამ, „სასტიკი“ უწოდა. ინციდენტს ამერიკაში კანონმდებლების და ოფიციალური პირების მკაცრი რეაქცია მოჰყვა. ბევრმა, ტრამპის ადმინისტრაციას თურქეთის ელჩის გაძევებისკენ მოუწოდა. სახელმწიფო დეპარტამენტმა მომხდარის შესახებ „უმაღლეს დონეზე შეშფოთება გამოხატა.“ თურქეთის საელჩოს განცხადებით, ერდოღანის დაცვა „თავის დაცვას“ ცდილობდა. მათი თქმით, დემონსტრანტები ქურთისტანის მუშათა პარტიასთან იყვნენ დაკავშირებული (PKK).
Facebook Forum