ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისში მიმდინარე პროცესებს დასავლეთში ეხმაურებიან


საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის 50-ე დღეს გადაწყდა, რომ მას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანენ. პარალელურად კი შიმშილობის მე-17 დღეს ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა. ახალ ინფორმაციას საქართველოდან უკვე გამოეხმაურნენ დასავლეთში. განცხადებები როგორც ბრიუსელში ასევე ვაშინგტონში გაკეთდა.

„თბილისში, ელენე ხოშტარიას შიმშილობის დროს მასთან შეხვედრა ჩემთვის დიდი შთაგონება იყო. აღფრთოვანებული ვარ მისი თავდადებით და ბედნიერი ვარ, რომ ის საბოლოოდ უბრუნდება ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. მე მას სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ,“- წერს "ტვიტერზე" ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა.

ფოტიგა საქართველოში გასულ კვირას იმყოფებოდა, ის ელენე ხოშტარიას და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს შეხვდა, ევროპარლამენტარს პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან შეხვედრის საშუალება არ მიეცა. ანა ფოტიგას იუსტიციის სამინისტრომ გლდანის ციხეში შესვლაზე უარი უთხრა.

ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილებას მიესალმება ევროპარლამენტარი ვილა ფონ კრამონი და იმედს გამოთქვამს, რომ შიმშილობას საქართველოს მესამე პრეზიდენტიც შეწყვეტს.

„ამ ინფორმაციამ ძალიან დამამშვიდა. ძალიან ვღელავდი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე. ახლა ბატონი სააკაშვილის ჯერია, რომ მიჰბაძოს მას. საქართველოს მთავრობამ სწრაფად უნდა გადაიყვანოს ის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში და ოპოზიცია მშვიდობიანად უნდა დარჩეს,“- წერს ევროპარლამენტარი ტვიტერზე.

მიხეილ სააკაშვილმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ის მზად იყო შიმშილობა შეეწყვიტა, თუ მას სამოქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანდნენ. დღემდე საქართველოს მთავრობა გლდანის ციხის საავადმყოფოდან მისი გადაყვანის წინააღმდეგი იყო. „ქართული ოცნების“ ლიდერები გადაწყვეტილებას შესაძლო საფრთხეებით ხსნიდნენ.

საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი იან კელი კი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს შეწყდეს თავდასხმები საქართველოს სახალხო დამცველზე.

„სახალხო დამცველზე თავდასხმები და მუქარის მცდელობები უბრალოდ მიუღებელია. სახალხო დამცველი და მისი გუნდი აკეთებენ ზუსტად იმას, რის უფლებამოსილებასაც მათ საქართველოს კონსტიტუცია აძლევს,“- წერს იან კელი.

90-იან წლებში საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი, უილიამ კორტნი კი ამბობს, რომ დასავლეთი სააკაშვილისადმი არასათანადო მოპყრობას არ შეეგუება.

„დასავლეთის თხოვნის მიუხედავად, სააკაშვილის პარტიამ უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე. ის მოითხოვდა ვადამდელ არჩევნებს, როცა დასავლეთის აზრით, ეს აუცილებელი არ ყო. დასავლეთის იმედგაცრუებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს იმაზე თუ როგორ უყურებს ის ამჟამდინელ მდგომარეობას, მაგრამ დასავლეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება მისდამი არასათანადო მოპყრობას“, - ამბობს ამერიკელი დიპლომატი უილიამ კორტნი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG