საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს შეერთებული შტატების დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების წარმომადგენლები დააკვირდებიან.
რა მოლოდინები ამერიკელ კანონმდებლებს და რატომ არის მნიშვნელოვანი არჩევნების დემოკრატიულ და მშვიდ გარემოში ჩატარება? ამ კითხვებით „ამერიკის ხმის“ ქართულმა რედაქციამ დემოკრატ კონგრესმენ დევიდ პრაისს მიმართა.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების და ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემის შემდეგ, ამერიკის მთავრობას საქართველოსგან მაღალი მოლოდინები აქვს - ასე აფასებს გავლენიანი ამერიკელი კონგრესმენი, დევიდ პრაისი 8 ოქტომბრის საპარლმენტო არჩევნებს.
„ჩვენ საქართველოსგან, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოსგან, პარტნიორისგან და ევროპული ოჯახის წევრისგან მაღალი მოლოდინები გვაქვს. ეს მოლოდინები მოიცავს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. ოთხი წლის წინ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა და ამან ლეგიტიმაცია მისცა ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემას.
ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ არჩევნები ისევ დემოკრატიული იქნება."კონგრესმენი დევიდ პრაისი
პრაისის თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში პრობლემები არ არსებობს: „ველით, რომ ადამიანებს ექნებათ თავისუფლად გამოხატვის საშუალება, რომ მედია იქნება ღია და თავისუფალი, რომ ყველა მოსაზრება იქნება ხელმისაწვდომი. ჩვენ ვაფასებთ, რომ საქართველო მზადაა ჩაატაროს ღია და გამჭვირვალე არჩევნები. ჩვენ არ ვიცით რა შედეგებით დასრულდება არჩევნები, მაგრამ მზად ვართ ვითანამშრომლოთ როგორც საპარლამენტო უმრავლესობასთან, ასევე უმცირესობასთან.“
ამერიკის კონგრესში ჩრდილოეთ კაროლინის წარმომადგენელი პრაისი, კონგრესმენ პიტერ როსკამთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერი რეზოლუციის ავტორია.
ის ამბობს, რომ საქართველოს ევროპული ოჯახის წევრის მყარი სტატუსი აქვს და ეს სტატუსი ძლიერდება. ის იმედს გამოთქვამს, რომ ამ არჩევნებით ეს სტატუსი გამყარდება.
„მე არჩევნების შედეგებზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ვიცი რომ არჩევნების შედეგად ყველაფერი გამარჯვებულმა არ უნდა მიიღოს და ამით დამარცხებული მთლიანად ჩაახშოს. არ აქვს მნიშვნელობა ვინ გაიმარჯვებს, აუცილებელია არსებობდეს ეფექტური მმართველი კოალიცია, მაგრამ ასევე აუცილებელია არსებობდეს ოპოზიცია და ყველა ხმა ისმოდეს, მათ შორის პარლამენტში.“
პრაისი ასევე ორპარტიული „დემოკრატიის პარტნიორობის პალატის“ წევრია, რომელიც რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 17 პარტნიორ სახელმწიფოსთან თანამშრომლობს. ამ კომისიის საქართველოს პარლამენტი 2006 წლიდანაა.
მისი თქმით, არჩევნებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია თუ რა ხდება არჩევნებს შორის:
„ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს აწუხებს ეკონომიკური პრობლემები, უმუშევრობის საკითხი, ქვეყნის ერთიანობა. საქართველოში რუსეთის ოკუპაცია გრძელდება - საქართველო ევროპის ნაწილია, მას თავისუფლად უნდა შეეძლოს თავისი ორიენტაციის არჩევა. ჩვენ მხარს ვუჭერთ მის არჩევანს, ჩვენ არ ვითხოვთ საქართველოსგან ჩვენსა და სხვა ქვეყანას შორის არჩევანის გაკეთებას და ამას არც სხვა რომელიმე ქვეყანა უნდა ითხოვდეს“.
საქართველო-ამერიკის თანამშრომლობაზე საუბრისას კონგრესმენი ხაზს უსვამსეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების აუცილებლობას. “ეს ყველაფერი ქვეყნის სტაბილურობაზეა დამოკიდებული, სტაბილურობა კი ლეგიტიმურ, დემოკრატიულად არჩეულ მთავრობაზეა დამოკიდებული. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი და მისი შედეგები ყველა მხარემ აღიაროს.“
პრაისის თქმით, ამერიკის კონგრესი საქართველოს პარლამენტთან მჭიდრო ურთიერთობას გააგრძელებს და მზადაა მას მხარი მომავალშიც დაუჭიროს.
საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად ამერიკის დემოკრატიულმა და რესპუბლიკურმა პარტიებმა მისიები უკვე გაგზავნეს. დემოკრატიული პარტიის მისიას საქართველოში ყოფილი სენატორი ტედ კაუფმანი უხელმძღვანელებს.