ორგანიზაციამ საერთაშორისო გამჭვირვალობა 2012 წლის კორუფციის აღქმის ინდექსი გამოაქვეყნა, რომელშიც 176 ქვეყანა და ტერიტორიაა შეფასებული. კვლევის თანახმად, კორუფცია გლობალურ პრობლემად რჩება და ის ისეთი საერთაშორისო საკითხების მოგვარებაში წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოწვევას, როგორიცაა კლიმატური ცვლილებები და ადამიანის უფლებათა დაცვა.
კვლევის შედეგების თანახმად , 176 ქვეყნიდან საქართველო 51-ე ადგილზეა. ამ შეფასებით საქართველოს ისეთ ევროპულ ქვეყნებზე უფრო მაღალი ქულა აქვს, როგორიცაა ჩეხეთის რესპუბლიკა, ლატვია, სლოვაკეთი, რუმინეთი და ბულგარეთი. ამასთან, საქართველო უმნიშვნელოდ ჩამორჩება რუანდას, ლიტვის, კოსტა რიკისა და უნგრეთის მაჩვენებლებს. 51-ე ადგილზე საქართველოსთან ერთად სეიშელი იმყოფება.
ქვეყნების შეფასება 100 ქულიანი შკალით ხდება, სადაც 0 უკიდურესად კორუმპირებულ, ხოლო 100 სრულიად სუფთას ნიშნავს. საქართველოს 52 ქულა აქვს.
შეფასების თანახმად, ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყნების ხუთეულში დანია, ფინეთი, ახალი ზელანდია, შვედეთი და სინგაპურია. ბირმა, სუდანი, ავღანეთი, ჩრდილეოთ კორეა და სომალია კი ბოლო ხუთეულში მოხვდნენ. ამერიკა მე-19 ადგილზეა, დიდი ბრიტანეთი მე-17ზე, ჩინეთი მე-80ზე, ინდოეთი 94-ზე და რუსეთი, ირანი, ყაზახეთი და ჰონდურასი 133-ე ადგილს ინაწილებენ.
საერთაშორისო გამჭვირვალობის წარმომადგენელი ჰუგეტ ლებელი აცხადებს, რომ ქვეყნების უმრავლესობა მძიმე კორუფციაშია ჩაფლული.
„ეს იწვევს იმას, რომ ადამიანები იტანჯებიან, ღარიბ ოჯახებს ქრთამის გადახდა უწევთ ექიმთან მისასვლელად ან თუნდაც სუფთა სასმელი წყლის მოსაპოვებლად.“
ის აცხადებს, რომ განვითარებად ქვეყნებში ინფრასტრუქტურის სამშენებლო პროექტები კორუფციის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული წყაროა. ასეთი პროექტებს კი გლობალურ კლიმატზე და კლიმატურ ცვლილებებზე უდიდესი გავლენა აქვთ.
ვაშინგტონში დაფუძნებული ვუდრო ვილსონის ცენტრის მკვლევარი რობინ რაიტსი ამბობს, რომ იმ ქვეყნებშიც კი, სადაც საპრტესტო დემონსტრაციების შედეგად მთავრობები შეიცვალა, კორუფცია კვლავ დიდ პრობლემას წარმოადგენს:
„ბაკშიში ახლო აღმოსავლეთში ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია - ბაკშიში ქრთამს ნიშნავს. ამის შეცვლა სწრაფად ვერ ხერხდება მხოლოდ დემოკრატიული იდეალების ჩამოყალიბებითა და მიზნების დასახვით.“
გლობალური განვითარების ცენტრის მკვლევარი ჩარლზ კენი ამბობს, რომ კორუფციას ბევრი ფორმა აქვს, მათ შორის არის მართვის მოწმობის ქრთამის გადახდით აღება, სამსახურის დაწყება, არაკვალიფიცირებული ადამიანისთვის კონტრაქტის გაფორმება თუ კომპანიის მიერ მთავრობის წარმომადგენლების მოქრთამვა სამშენებლო ან სხვა სახის კონტრაქტების მისაღებად. ის კორუფციას ღარიბი მთავრობების სიმპტომს უწოდებს და ამბობს, რომ თუ საზოგადოება მუდმივად გაამახვილებს ყურადღებას და კორუფციის ფაქტებს საჯაროდ ცნობისლ გახდის, დროთა განმავლობაში ტენდენცია შეიცვლება:
„ეს ცვლილებები საზოგადოების ქცევის ნორმების შეცვლას გულისხმობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მილიონობით ადამიანმა შეხედულება უნდა შეეცვალოს. ამას კი დრო სჭირდება.“
საქართველოში ასეთი ცვლილება 2004 წელს დაიწყო და ქვეყანაში მინიმუმამდე შემცირდა მციზე ზომის კორუფცია. ანტი-კორუფციული კანონმდებლობის მიღების შედეგად კი ქვეყანაში მთავრობის საქმიანობის გარკვეული ასპექტების გამჭვირვალობა გაიზარდა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა აცხადებს, რომ საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი მიმართულებით აქვს ანტი-კორუფციული საქმიანობა გასაუმჯობესებელი. მაგალითად, აუცილებელია ქვეყნის პარლამენტის გაძლიერება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება და შემოწმებისა და ბალანსის დემოკრატიული სისტემის შემოღება.
ანგარიში ასევე ამბობს, რომ პროკურატურა და კონტროლის პალატა სათანადოდ დამოუკიდებელი არ არის, რის გამოც ისინი ხშირად აღმასრულებელი ხელისუფლების პოლიტიკურ ბერკეტებად იყო გამოყენებული. გარდა ამისა, არ ხდებოდა აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალჩინოსნების საქმიანობის სათანადო შემოწმება, რაც მათთვის ხშირად ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და კორუფციის შესაძლებლობებს ქმნიდა.
ანგარიში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზეც საუბრობს და ამბობს, რომ მმართველობის დაუბალანსებელმა სისტემამ საჯარო უწყებების პოლიტიზირება გამოიწვია, რაც განსაკუთრებით წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამოიკვეთა.
ანგარიშის საფუძველზე საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მთავრობას რამდენიმე რეკომენდაციას სთავაზობს, მათ შორისაა, საკანონმდებლო ორგანოსთვის აღმასრულებელი ხელისუფლების ზედამხედველობის როლის გაზრდა, დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების შექმნა, სახელმწიფო ინსტიტუტების მიუკერძოებელი საქმიანობა და მედიაზე სამთავრობო გავლენის მოხსნა.