კორონავირუსის (კოვიდ-19) ეპიდემიის აფეთქებისგან არცერთი ქვეყანა არ არის დაცული. ამიტომ, პრევენციულ ზომებს ჯანდაცვის სისტემები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმართავენ. ახალი ტიპის ვირუსი დღეისთვის 40-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული და ინფიცირებულია 83 ათასამდე ადამიანი.
შეერთებულმა შტატებმა და სამხრეთ კორეამ ერთობლივი სამხედრო წვრთნები გააუქმეს. ვაშინგტონმა საერთაშორისო მგზავრობის ახალი რეგულაციები გამოსცა, რომელშიც ამერიკის მოქალაქეებს სამხრეთ კორეაში მგზავრობისგან თავის შეკავებას ურჩევს. ჩინეთის შემდეგ, სამხრეთ კორეაში კორონავირუსის გავრცელების ყველაზე მეტი, 1 800-მდე შემთხვევა აღირიცხა.
ყველაზე რთული ვითარებაა ეპიდემიის აფეთქების კერაში, ჩინეთში, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა 80 ათასს, დაღუპულთა რაოდენობა კი 3 ათასს აღწევს. იაპონიაში 800-ზე მეტი ინფიცირებული დაფიქსირდა, რის გამოც მთელ ქვეყანაში სასწავლო დაწესებულებები რამდენიმე კვირით დაიკეტა. მთავრობა მოსახლეობას საჯარო თავშეყრის ადგილებში წასვლისგან თავის შეკავებას ურჩევს.
შეერთებულ შტატებში სულ 60 შემთხვევა აღირიცხა, მაგრამ ოთხშაბათს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, საგანგებო ბრიფინგი გამართა, რომელზეც კორონავირუსთან ბრძოლის ჯგუფის ხელმძღვანელად ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი დანიშნა. დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი აცხადებს, რომ ვირუსის გავრცელება გარდაუვალია და ამერიკელები მათი ყოველდღიური ცხოვრების რიტმის სერიოზული დარღვევისთვის უნდა მოემზადონ. ზედმეტად მომზადება სჯობს მოუმზადებლობას, აცხადებს დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი.
იტალიაში 400-ზე მეტი ინფიცირებულია, შესაბამისად ვირუსული ინფექციის აფეთქებისთვის მეზობელ ევროპის ქვეყნებშიც ემზადებიან. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ის საავადმყოფო მოინახულა, სადაც ამ კვირაში კორონავირუსით ერთი ადამიანი დაიღუპა და მედპერსონალი გაამხნევა. "ვიცი, რომ ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია" - უთხრა მან ექიმებს.
ირანში კორონავირუსით იფიცირებულია 250-ზე მეტი ადამიანი. ათეულობით შემთხვევებია ბრიტანეთში და საფრანგეთში, ერთეული ინციდენტები დაფიქსირდა ბევრ ქვეყანაში, მათ შორის - საქართველოში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი შეშფოთებას გამოთქვამს იტალიაში და ირანში კორონავირუსის გავრცელების გამო და ყველა სახელმწიფოს მთავრობას სიფხიზლისკენ მოუწოდებს. ის ხაზს უსვამს სასიკეთო ცნობას იმის შესახებ, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, 9 ქვეყანაში ინფიცირების არცერთი ახალი შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა. ბოლო ერთი კვირის მანძილზე კი იგივე სიტუაციაა 14 სახელმწიფოში.
Facebook Forum