ოთხშაბათისთვის, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის ქონის საკითხი ჯერ კიდევ გადაუწყვეტელი იყო. სასწორი შეიძლება გადაიხაროს რესპუბლიკელების მხარეს, რაც შეიძლება ვაშინგტონში გაერთიანებული რესპუბლიკური მმართველობის ახალი ეპოქის დასაწყისი გახდეს, ან გადაიხაროს დემოკრატების სასარგებლოდ და წარმომადგენელთა პალატა, ტრამპის თეთრი სახლის გეგმებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბოლო ხაზად იქცეს.
რამდენიმე ცალკეულ ადგილს, თუნდაც მხოლოდ ერთ ადგილს, საბოლოო შედეგის დადგომაზე გავლენის მოხდენა შეუძლია. ხმების საბოლოოდ დათვლას გარკვეული დრო დასჭირდება და შესაძლოა შემდეგ კვირამდე, ან უფრო მეტხანს გაგრძელდეს.
მას შემდეგ, რაც რესპუბლიკელებმა სენატში უმრავლესობა მოიპოვეს, მაიკ ჯონსონი ფიქრობს, რომ მის პალატაშიც იგივე განმეორდება.
„რესპუბლიკელები მზად არიან ჰქონდეთ ერთიანი მთავრობა თეთრ სახლში, სენატში და წარმომადგენელთა პალატაში“, თქვა ოთხშაბათს მაიკ ჯონსონმა.
ჯონსონმა თქვა, რომ კონგრესის რესპუბლიკელები ტრამპთან ერთად „ამბიციური“ 100 დღის გეგმისთვის ემზადებიან.
თუ რესპუბლიკელები თეთრ სახლთან ერთად წარმომადგენელთა პალატასაც გააკონტროლებენ, მათი გეგმის თავში იქნება გადასახადების შეკვეცა, სამხრეთ საზღვრის გამაგრება და ფედერალური რეგულაციების „ამოშანთვა“.
თავად ტრამპმა მასობრივი დეპორტაციების და თავისი მტრებისთვის სამაგიეროს გადახდის პირობა დადო. რესპუბლიკელებს სურთ ფედერალური სააგენტოები ვაშინგტონიდან გაიყვანონ და სამთავრობო პერსონალი გარეშე კვლევითი ორგანიზაციების დახმარებით ხელახლა დააკომპლექტონ, რათა ფედერალური მთავრობა დაიმორჩილონ.
მაგრამ მაიკ ჯონსონს პალატის მართვა უჭირს და ახალი კონგრესის პირობებში ეს არ შეიცვლება. მკაცრი კურსის მომხრეები, რომლებსაც მარჯორი ტეილორ გრინი, მეთ გაეთზი და სხვები ხელმძღავნელობენ, პარტიის ლიდერებს ხშირად უპირისპირდებოდნენ და ეს თანამედროვე ისტორიაში ერთერთი ყველაზე ქაოტური სხდომების მიზეზი ხდებოდა.
პალატაში დემოკრატიული უმცირესობის ლიდერმა ჰაკიმ ჯეფრიმ განაცხადა, რომ წარმომადგენელთა პალატა „საკმაოდ ქმედუნარიანი“ რჩება. „ყოველი ხმა უნდა დავითვალოთ“, აცხადებს ჯეფრისი.