ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის კონგრესი ახალ კანონპროექტს განიხილავს


კანონპროექტი რუსეთან სავაჭრო ურთიერთობების განსაზღვრას ისახავს მიზნად

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატა ახალ კანონპროექტს განიხილავს, რომელიც რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების განსაზღვრას ისახავს მიზნად.

ამავე დროს, კონგრესში მეორე კანონპროექტიც შევა, რომელიც ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა წინააღმდეგ გარკვეული სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

წარმომადგენელთა პალატა ცივი ომის დროინდელი ჯეკსონ ვენიკის კანონის გაუქმებას აპირებს, რომელიც თავის დროზე საბჭოთა კავშირიდან ებრაელების ემიგრაციის შეზღუდვის წინააღმდეგ იყო მიმართული.

ჯეკსონ-ვენიკის შესწორების ანულირების შემდეგ კონგრესმა უნდა დაამტკიცოს კანონი რუსეთთან ნორმალური სავაჭრო ურთიერთობების შესახებ, რაც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში მოსკოვის გაწევრიანების შემდეგ ისედაც უნდა მომხდარიყო.

ახალი კანონის მიღებას ზოგიერთი რესპუბლიკელი კონგრესმენიც უჭერს მხარს. მათ შორის არის კალიფორნიელი კანონმდებელი, დან რორაბაჩერი. მისი თქმით, „დღევანდელი რუსეთი არ არის საბჭოთა კავშირი. ოცწლიანი რეფორმების შემდეგ რუსეთი არ არის იდეალური ქვეყანა, მაგრამ სიტყვის თავისუფლება ასე თუ ისე უზრუნველყოფილია.“

კონგრესში აღნიშნული კანონის განხილვა რუსი ადვოკატის, სერგეი მაგნიტსკის რუსეთის ციხეში გარდაცვალებიდან სამი წლისთავს დაემთხვა. მეორე კანონპროექტი სერგეი მაგნიტსკის საქმეში გარეული რუსი მაღალჩინოსნებისთვის შეერთებულ შტატებში მოგზაურობის აკრძალვას და ამერიკის ბანკებში მათი ანგარიშების გაყინვას ითვალისწინებს.

როგორც დემოკრატი კონგრესმენი მასაჩუსეტის შტატიდან, ჯეიმს მაკგოვერნი ამბობს: „შეერთებული შტატები ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობდა ადამიანის უფლებათა დაცვას და იმ პირებმა, რომელთაც სერგეი მაგნიტსკის სიკვდილში მიუძღვით ბრალი, პასუხი უნდა აგონ.“

დემოკრატი კონგრესმენის განცხადებით, ამ კანონპროექტს ორივე პარტიის წევრები უჭერენ მხარს. მისი თქმით: „რუსეთში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებული სიტუაცია არ არის მხოლოდ რესპუბლიკელების ან დემოკრატების შეშფოთების საგანი. ამით ამერიკის საზოგადოებაა დაინტერესებული.“

წარმომადგენელთა პალატაში მხარდაჭერის მოპოვების შემთხვევაში, კანონპროექტი სენატმა უნდა დაამტკიცოს და შემდეგ პრეზიდენტმა ობამამ მოაწეროს ხელი.

რუსეთმა გააფრთხილა შეერთებული შტატები, რომ ამ პროვოკაციული და არამეგობრული კანონის მიღების შემთხვევაში, მოსკოვის მკაცრი რეაქცია არ დააყოვნებს, თუმცა, არ დაუზუსტებია საპასუხო ნაბიჯების შინაარსი.
XS
SM
MD
LG