ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რასმუსენი: ქვეყნის მომავლისთვის მთავრობამ პოლიტიკური სიტუაციის დასტაბილურება უნდა შეძლოს


ანდერს ფოგ რასმუსენი, ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი
ანდერს ფოგ რასმუსენი, ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი "ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ კომენტარში ამბობს, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი ქვეყნის დასავლურ პერსპექტივას ზიანს აყენებს. რასმუსენის განცხადებით, საქართველოს შემთხვევაში შიდა, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, რაც მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს და ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია დაასტაბილუროს.

"საქართველოს შემთხვევაში ადგილობრივი, საერთაშორისო და უსაფრთხოების პოლიტიკა იმდენადაა ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობამ ეს ფაქტორი უნდა გაითვალისწინოს. ამასთან, ნამდვილ დემოკრატიაში ყველამ უნდა სცეს პატივი ძალების განაწილებას მთავრობას, პარლამენტს და სასამართლო სისტემას შორის. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს გარშემო ეჭვები მუდამ იარსებებს", განაცხადა ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა.

საქართველოს ნატოში გაწევრიანება ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი ყველაზე მყარი გარანტია იქნება. რასმუსენი ამბობს, რომ არსებული სიტუაცია საქართველოს ნატოსთან, სავარაუდოდ, აშორებს. მისი თქმით, "მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი შეიძლება ნატოს იმ წევრებმა გამოიყენონ საქართველოს ალიანსში გაწევრიანების საწინააღმდეგოდ, რომლებიც უკვე სკეპტიკურად არიან განწყობილი. მათ შეუძლია შიდაპოლიტიკური დაპირისპირებები კიდევ ერთ დამატებით არგუმენტად გამოიყენონ იმისთვის, თუ რატომ არ უნდა მიიწვიონ საქართველო ნატოში. ჩემი რჩევა, ცხადია ის არის, რომ მთავრობამ ქვეყანაში პოლიტიკურ სიტუაციის დასტაბილურება შეძლოს".

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებას ანდერს ფოგ რასმუსენი უარყოფით ნაბიჯად აფასებს. მას მიაჩნია, რომ სააკაშვილის საკითხს უკავშირდება ის, გაჩნდება თუ არა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მიმართ ახალი კითხვები და ეჭვები დასავლელი პარტნიორების მხრიდან.

რასმუსენის თქმით, "ეს საქართველოსთვის ნეგატიურ ელემენტად მიმაჩნია, მაგრამ თავს შევიკავებ ამ საკითხზე დეტალურად საუბრისგან რადგან არ ვიცი რა არის მის წინააღმდეგ ბრალდებები და ამასთან არ ვიცი, რატომ გადაწყვიტა მან ასე მოულოდნელად საქართველოში უკან დაბრუნება. შესაბამისად, ამ საკითხზე კომენტარს არ გავაკეთებ. მაგრამ როდესაც სიტუაციას გარედან უყურებ, იმის იმედი მაქვს, რომ მას სამართლიანი პროცესი ჩაუტარდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს მიმართ არა მხოლოდ კანონის უზენაესობის თვალსაზრისით, არამედ ზოგადად, ქვეყნის მდგომარეობის შესახებ ახალი კითხვები გაჩნდება".

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს მისი დაპატიმრების შემდეგ შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში გაუარესდა. ცოტა ხნის წინ კი ყოფილმა პრეზიდენტმა უარი განაცხადა ნებისმიერი სამედიცინო დახმარების მიღებაზე, რომელიც შიმშილობის ეფექტების შემსუბუქებასა და მართვას უკავშირდებოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG