ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი კლინტონი საქართველოში იმყოფება


ამერიკის სახელმწიფო მდივანი აშშ-საქართველოს სტრატეგიულ თანამშრომლობასა და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრებს

ამერიკის ხმის კორესპონდენტი სკოტ სტერნსი სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის დელეგაციას ახლავს, რომელიც სომხეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს სტუმრობს. კლინტონი, ამჟამად, ბათუმში იმყოფება. ამერიკის ხმა დღეს სტერნსს სკაიპის საშუალებით ესაუბრა. მისი ინფორმაციით:

„საქართველოში ყოფნისას სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ისაუბრებს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელსაც საფუძველი პრეზიდენტი ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის დროს ჩაეყარა. ქალბატონი კლინტონი მადლობას გადაუხდის პრეზიდენტ სააკაშვილს საქართველოს მიერ ავღანეთის ნატოს ოპერაციაში მიღებული მონაწილეობისთვის. ქართველები, ცოტა ხანში, დამატებით კიდევ ერთ ბატალიონს გაგზავნიან ავღანეთში.

„გარდა ამისა, ბათუმში ყოფნისას ქალბატონი კლინტონი დაესწრება სანაპირო დაცვის ახალი საპატრულო გემების გაშვებას, რომელიც ამერიკის მიერ გაწეული 10 მილიონიანი დახმარების ნაწილია და საქართველოს სანაპირო დაცვის გაძლიერებას მოხმარდება. მოგეხსენებათ, კლინტონი ამ ვიზიტის დროს თბილისში არ ჩავა. ვიზიტი მთლიანად ბათუმში გაიმართება.

„აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხთან დაკავშირებით, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები, რომლებიც ქალბატონ კლინტონთან ერთად იმყოფებიან ამ ვიზიტის მსვლელობისას, აცხადებენ, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს უფლებას დაიბრუნოს საკუთარი ტერიტორიები და ამერიკა ამ თემაზე რუსეთთან საუბარს აგრძელებს.

„ამერიკული დელეგაციის წევრი მაღალჩინოსნები იმედს გამოთქვამენ, რომ მიმდინარე თვეს დანიშნული ჟენევის მოლაპარაკებების დროს განხილული იქნება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მიმდინარე პროცესების მეტი გამჭვირვალობის საკითხი. მოგეხსენებათ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არ ფუნქციონირებს არასამთავრობო ორგანიზაციები, რასაც ვერ ვიტყვით საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ნაწილზე.

„მოგეხსენებათ, რუსეთის დაჟინებული მოთხოვნით, საქართველომ ხელი მოაწერა ძალის არ გამოყენების შეთანხმებას. შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ახლა რუსეთისგან ელოდება მსგავს პირობას.

„კლინტონი საქართველოში დღეს და ხვალ ღამე დარჩება და დილით ბაქოში წავა.“

შეკითხვაზე, შეხვდება თუ არა სახელმწიფო მდივანი ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებს, სტერნსმა უპასუხა:

„საქართველოში გაიმართება მრგვალი მაგიდა ოპოზიციურ პარტიებთან. ამ შეხვედრაზე საუბარი იქნება იმაზე, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოში თავისუფალი სამართლიანი და დემოკრატიული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების გამართვას.“

XS
SM
MD
LG