ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს კონფერენცია გადაწყვეტილებას იღებს


გაეროს კონფერენცია გადაწყვეტილებას იღებს
გაეროს კონფერენცია გადაწყვეტილებას იღებს

დურბანში მოლაპარაკები და პოლიტიკური დავა კვირას მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. უამრავი კომპრომისის შემდეგ გაეროს გარემოს დაცვის კონფერენციამ როგორც იქნა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

სხდომის სამხრეთ აფრიკელმა თავმჯდომარემ -მაიტე ნკოანა მაშაბანემ- დელეგატებს განუცხადა, რომ ხელშეკრულებათა საბოლოო პაკეტი ყველას მოსაწონი ვერ იქნება: „ყველა კარგად ვხვდებით, რომ შეთანხმება სრულყოფილი არ არის, მაგრამ შესაძლებლობათა ფარგლებში საუკეთესო ვარიანტს უნდა დავჯერდეთ“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

კონფერენციის ყველაზე დიდ მიღწევად შეიძლება ევროკავშირის გეგმის მიღება ჩაითვალოს, რომელიც ცდილობს კლიმატურ ცვლილებებს წინ აღუდგეს. მას ევროკავშირის კლიმატის საკითხების კომისარი, კონი ჰედაგაარდი, ლობირებდა.

კომისრის განცხადებით მსოფლიო ახლა ზღვარზე იმყოფება. ის ცვლილებები მაინც უნდა განხორციელდეს, რომელიც პრაქტიკულად შესაძლებელია. ქვეყნებს ლეგალური ვალდებულებები დაეკისრება, რათა ისინი გარემოს დაცვის ნორმატივებს დაემორჩილონ.

აღნიშნული ხელშეკრულება მონაწილე ქვეყნებს მოუწოდებს სათბური გაზების შემცირების კანონმდებლობა 2015 წლამდე მიიღოს და 2020 წლამდე დანერგოს.

შუაღამის პლენარულ სესიაზე სათბური გაზების შემცირების შესახებ კამათმა პიკს მიაღწია. გრენადის წარმომადგენელი კარლ ჰუდი კანონის ფორმულირების შესახებ ხანგრძლივ დავას აწარმოებდა. მისი თქმით სამუშაო ტექსტში არ იყო გარკვევით მითითებული, ექნებოდა თუ არა კანონის ძალა ხელშეკრულებას:

თუკი ლეგალური ინსტრუმენტი არ გვექნა, რომლითაც ქვეყნებს ვაიძულებთ საკუთარ ქმედებებზე პასუხი აგონ, ქალბატონო თავმჯდომარევ, სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყნები დამაჯერებელ კონტრ-არგუმენტებს გამოიყენებენ. ისეთ რიტორიკას გადავაწყდებით, როგორიცაა: „თვითდამკვიდრება“, ან „განვითარების ხელმისაწვდომობა“. შედეგად კი იმას მივიღებთ, რომ სანამ ისინი განვითარდებიან, ამ პროცესის განმავლობაში ჩვენ მოვკვდებით“.

საბოლოო ხელშეკრულებამ კიოტოს პროტოკოლი უნდა ჩაანაცვლოს - ლეგალური დოკუმენტი, რომელიც 2007 წელს იქნა მიღებული და გაისად ვადა გასდის. ის ქვეყნები, რომლებიც კიოტოს პროტოკოლში მონაწილეობენ, და მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებიცაა, დურბანში შეთანხმდნენ, რომ შემდეგი ხელშეკრულება 5-დან 8 წლამდე ვადით დაიდება. რუსეთმა, იაპონიამ და კანადამ მასში მონაწილეობაზე უარი წინასწარ განაცხადეს.

კონფერენციას ისეთი გადაწყვეტილება არ მიუღია, რომელიც სათბური გაზების შემცირებაზე დაუყოვნებლივ გავლენას მოახდენს. კომპანია „ოქსფამის“ კლიმატის პოლიტიკის მრჩეველი, ტიმ გორი ამბობს, რომ განვითარებად ქვეყნებზე დურბანის კონფერენციის შედეგები სერიოზულ გავლენას ვერ მოახდენს.

მათთვის დიდად არაფერი შეიცვლება. ვფიქრობ, რომ ეს იყო შეთანხმება ე.წ. „დიდ ბიჭებს“, ანუ შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს შორის. შეიძლება მათ კიდევ რამდენიმე მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანაც შეუერთდეს. ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. მაგრამ სამწუხაროა, რომ ღარიბ ქვეყნებს და მათ უღარიბეს მოსახლეობას ცვლილებები ამ წუთში ესაჭიროება და არა წლების შემდეგ“ - აღნიშნავს ის.

კონფერენციაში მონაწილე ქვეყნებმა სპეციალური „მწვანე კლიმატის ფონდის“ შექმნის შესახებაც მოილაპარაკეს. მისი დანიშნულება განვითარებადი ქვეყნებისთვის გარემოს დაცვის პროგრამების დაფინანსებაში ხელშეწყობა იქნება. თუმცა, ფონდის სუბსიდირების შესახებ შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია. ასე რომ ეს საკითხი ჯერჯერობით კონფერენციის დიდ მიღწევად არ შეიძლება ჩაითვალოს და ის დანარჩენ პრობლემებთან ერთად გაეროს მომავალი წლის კონფერენციისთვის გადაიდება, რომელიც გაისად კატარში ჩატარდება.

XS
SM
MD
LG