ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წყლის დაბინძურების პრობლემა


ჩინეთში არამარტო ჰაერი, არამედ წყალიც საგანგაშოდ დაბინძურებულია

ახლახან, როცა ჩინეთის ჩრდილოეთით მდებარე სანჯის პროვინციაში მდინარის წყალი დაბინძურდა, ხელისუფლებამ ამის შესახებ მოსახლეობის მხოლოდ მეხუთე დღეს აცნობა. ქალაქის მერმა ოფიციალურად ბოდიში მოიხადა და ქიმიური წარმოების ადგილობრივი ლიდერები სამსახურიდან დაითხოვა, მაგრამ ამ ფაქტმა ვეღარაფერი უშველა სასმელ წყალს, რომელიც მდინარის გასწვრივ რამდენიმე ქალაქს მიეწოდებოდა.

ჩინეთის მთავრობის ნდობა გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხებში მინიმუმამდეა დასული. ქვეყანაში ყოველწლიურად, მხოლოდ წყლის დაბინძურების 1700-მდე ინციდენტი ფიქსირდება. ჩინეთის მდინარეთა 40 პროცენტი სერიოზულად დაბინძურებულია. ამასთან, წყლის რაოდენობა ქვეყანაში ყოველწლიურად მცირდება და ნაკლებად ხელმისაწვდომი ხდება.

ჟაო ფიჰონგი პეკინის ჯანდაცვის ასოციაციაში წყლის შემადგენლობას იკვლევს.

„პეკინში 100 მდინარიდან სასმელი წყლისთვის მხოლოდ 2-3 თუ გამოდგება. ეს ის რამდენიმე გამონაკლისია, რომელთაც ჩინეთის ხელისუფლება დაბინძურებისგან იცავს. დანარჩენი კი, თუკი ჯერ კიდევ არ დამშრალა, ნარჩენებით ისე დაბინძურდა, რომ სრულიად უვარგისია“ - აღნიშნავს სპეციალისტი.

ჟაო მეუღლესთან ერთად, რომელიც ასევე წყლის ქიმიურ შემადგენლობას იკვლევს, ახლახან სახელმწიფო მედიის და ინტერნეტ-სივრცის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. წყვილმა აღიარა, რომ პეკინის სასმელი წყალი მათ პირს უკვე 20 წელია არ შეხებია.

ამის შემდეგ პეკინის ხელისუფლებამ წყლის ხარისხის სტატისტიკის გამოქვეყნება პირველად დაიწყო. ჟაოს თქმით, ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, რადგან ჩინეთში სასმელი წყლის შემცველობა აქამდე სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენდა.

„ფაქტია, რომ ინფორმაციის გამოქვეყნება სიტუაციის გაუმჯობესებას ემსახურება. ხალხს უკეთ ეცოდინება წყალი, რომელსაც მოიხმარს. ასე ჯობია, რა თქმა უნდა. თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია და საკმარისი არ არის“ - ამბობს ჟაო.

ანგარიშის გამოქვეყნება თუნდაც 3 თვეში ერთხელ საქმეს ვერ უშველის, აღნიშნავს სპეციალისტი. მთავრობამ ხალხს ისიც უნდა შეატყობინოს, თუ რა მოქმედებს უარყოფითად სასმელი წყლის შემადგენლობაზე და რა ღონეს ხმარობს ის სიტუაციის გამოსასწორებლად.

ჰაო იუნგანგი პეკინის წყლის ხარისხის დებატებში მას შემდეგ ჩაერთო, რაც თვითერისმაგვარ მიკრო ბლოგზე საკუთარი პირსაბანი ნიჟარის სკანდალური ფოტოები გამოაქვეყნა.

ამხელა ინტერესს არ ველოდი. ცხოვრების სტანდარტის ამაღლების მოთხოვნა თანდათან იზრდება. არ აქვს მნიშვნელობა, წყალი იქნება ეს, საკვების უსაფრთხოება, ჰაერის დაბინძურება, თუ ქუჩაში მოძრაობა“- ამბობს ის.

როგორც პეკინის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, ჰაო ონკანის წყალს ჭურჭლის სარეცხად, გაფილტრულ წყალს კი სასმელად და საჭმლის დასამზადებლად იყენებს. მისი აზრით, წყლით მომარაგების უბანზე შესაძლოა მართლა იცავდნენ სტანდარტებს, მაგრამ რა ხდება სათავიდან ბინებამდე, ეს - ცალკე თემაა.
XS
SM
MD
LG