ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკული დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში


შეერთებულმა შტატებმა ჩინეთში საკმაოდ წარმომადგენლობითი მისია მიავლინა. დელეგაციის სათავეში სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი დგას. მისიაში ასევე მონაწილეობს ხაზინის ხელმძღვანელი ტიმოთი გეიტნერი. დელეგაციაში შედიან შეერთებული შტატების ხელისუფლების ყველა რგოლის წარმომადგენლები, თავდაცვის დეპარტამენტის და წყნარი ოკეანის სარდლობის მაღალჩინოსანი პირების ჩათვლით.

დღეს ჩინეთის ხელისუფლებასთან დელეგაციის მოლაპარაკებები დაიწყო. შეხვედრები ხვალეც გაგრძელდება, რომლის მიზანი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაჯანსაღებაა.

ჩინელი ანალიტიკოსების განცხადებით, ეს შეხვედრები იძლევა იმის შანსს, რომ მსოფლიოს უდიდესი და მესამე ეკონომიკის სახელმწიფოებმა შეძლონ გლობალური ეკონომიკური ვითარების სტაბილურობისთვის ხელშეწყობა, ასევე ევროპის ფინანსური კრიზისის გამოსწორებაში წვლილის შეტანა.

პეკინის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი ში იონგი აცხადებს, რომ ამერიკულ-ჩინური მოლაპარაკების მთავარი თემა ასევე იქნება სამხრეთ კორეის ბრალდებები ჩრდილოეთ კორეის მიმართ გემის ჩაძირვის თაობაზე, რასაც 46 სამხრეთ კორეელი მეზღვაურის სიცოცხლე ემსხვერპლა.

„ჩინეთის ხედვა კვლავ საკმაოდ განსხვავებულია სამხრეთ კორეის და შეერთებული შტატების პოზიციისგან. ამდენად, ვფიქრობ, რომ ერთერთი შეუთანხმებელი საკითხი ჩრდილოეთ კორეა იქნება,“ - განაცხადა იონგმა

პარასკევს ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეასთან ურთიერთობის გაწყვეტით დაიმუქრა. ფხენიანი უარყოფს სეულის ბრალდებას სამხრეთ კორეული გემის ჩაძირვასთან დაკავშირებით.

სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის განცხადებით, შეერთებული შტატები მუშაობს იაპონიასთან, ჩინეთთან და სამხრეთ კორეასთან ერთად, რათა განისაზღვროს, თუ ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა ამ საზღვაო ინციდენტზე.

ტაივანის ტამკანის უნივერსიტეტის პროფესორი სტრატეგიული კვლევების საკითხებში ლინ ჩონგ-პინი ამბობს, რომ ჩინეთი ფხენიანისგან ნელ-ნელა ახდენს დისტანცირებას და ეს მას შემდეგ დაიწყო, რაც 2006 წელს ჩრდილოეთ კორეამ მეორე ბირთვული გამოცდა ჩაატარა.

ჩინეთმა განსაზღვრა, რომ ფხენიანის მხარდაჭერით მისივე ეროვნული ინტერესები დაზარალდება. ამდენად ჩინეთი მხარდამჭერის პოზიციიდან ნეიტრალურ პოზიციაში გადადის,“ - ამბობს ლინი.

ჩინეთის პრემიერ-მინისტრი ვენ ძიაბაო სამხრეთ კორეას ამ კვირაში ეწვევა და სამი აზიური სახელმწიფოს ლიდერთა სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც ასევე იაპონის ლიდერიც დაესწრება. ორი კორეის დაპირისპირების საკითხი ამ სამიტის განხილვის მთავარი თემა იქნება.

მანამდე კი ჩინეთში ჰილარი კლინტონს და შეერთებული შტატების დელეგაციის შეხვედრები გაიმართება, სადაც ჩრდილოეთ კორეის გარდა, მთავარი თემა ორი ქვეყნის ურთიერთობები იქნება. მხარეები ჩინეთში საინვესტიციო კლიმატის საკითხსაც განიხილავენ.

ამ სფეროში დღეს არსებული მდგომარეობა ამერიკული კომპანიებისთვის, არც თუ, სახარბიელოდ გამოიყურება.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ვაშინგტონსა და ჩინეთს შორის ასეთი თანმშრომლობის დაწყება და კონფლიქტების გარეშე სადავო საკითხების განხილვა ორი ქვეყნის ურთიერთობათა ისტორიაში უჩვეულო მოვლენაა.

ჩინეთის საკითხების მკვლევარი, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი დევიდ შამბაუ იხსენებს, რომ ორ ქვეყანას შორის ვითარების დაძაბვა პრეზიდენტ ობამას პეკინში ვიზიტს მოჰყვა. თავდაპირველად, 11 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ჩინელ უფლებათადამცველ ლიუ ქსიაობოს. ხოლო, შემდეგ თავისი როლი შეასრულა შეერთებული შტატების მიერ ტაივანისთვის იარაღის მიყიდვამ და ტიბეტის სულიერი ლიდერის ვაშინგტონში სტუმრობამ.

მაგრამ ეს ყველაფერი ზამთარში იყო. ახლა კი, გაზაფხულია. და ბოლო 6 კვირის მანძილზე ჩვენ ვხდევდით, რომ ორივე მთავრობა სტაბილური ურთიერთობის განვითარებას ცდილობდა,“ - ამბობს შამბაუ.

მისი თქმით, შეერთებულ შტატების დელეგაციის ვიზიტი ძალზედ მნიშვნელოვანია და ამის შედეგი ორ ქვეყანს შორის უსაფრთხოების და ეკონომიკის საკითხებში სერიოზული დიალოგი უნდა იყოს.

XS
SM
MD
LG