ჩინეთმა სამშაბათს განაცხადა, რომ ის ამერიკული სამი მთავარი გამოცემის ჟურნალისტებს ქვეყნიდან აძევებს. „ნიუ-იორკ თაიმსის“, „ვაშინგტონ პოსტის“ და „უოლ-სტრიტ ჯორნალის“ ჟურნალისტებს ქვეყანაში მუშაობა ეკრძალებათ. პეკინის განცხადებით, ეს პასუხია „ჩინური მედია სააგენტოებისთვის დაწესებულ უკანონო აკრძალვებზე".
დამატებით, პეკინმა ორ სააგენტოს, „თაიმსს“ და ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებულ „ამერიკის ხმას“ მოუწოდა, რომ ჩინეთის მთავრობას დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ მათი საქმიანობის შესახებ.
„ნიუ-იორკ თაიმსის“, „უოლ-სტრიტ ჯორნალის“ და „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტების აკრედიტაცია წლის ბოლოს სრულდებოდა. პეკინმა მათ მოუწოდა, პრესის ბარათები 10 დღის ვადაში ჩააბაროს ქვეყნის მთავრობას.
ჩინეთმა განაცხადა, რომ ამერიკელ ჟურნალისტებს „არ ექნებათ უფლება გააგრძელონ ჟურნალისტებად მუშაობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, მათ შორის ჰონგ-კონგსა და მაკაოს ადმინისტრაციულ რეგიონებში". ამ ტერიტორიებს პეკინისგან გარკვეული ავტონომია აქვთ და მათი მედია გარემო შედარებით უფრო თავისუფალია, ვიდრე საკუთრივ ჩინეთის.
სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, ჩინეტის გადაწვეტილება გააკრიტიკა: „ჩინეთის დღევანდელი გადაწვეტილება, რომ უფრო მეტად შეზღუდოს მსოფლიოს მცდელობა თავისუფალი მედია საქმიანობა აწარმოოს ჩინეთში, მე მამწუხრებს, რადგან ეს ჩინელი ხალხისთვის ძალზედ კარგი იქნებოდა. ეს სამწუხაროა. იმედი მაქვს ისინი ამას გადახედავენ“, - თქვა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა.
ამ გამოცემების ჟურნალისტები აქტიურად აშუქებდნენ კორონავირუსის გავრცელებას, რომელიც ჩინეთში, ქალაქ ვუჰანში დაიწყო. ასევე აქტიურად მუშაობდნენ ჩინეთის მთავრობისთვის სხვა სენსიტიურ საკითხებზეც, მათ შორის მუსლიმი მოსახლეობის იზოლაციაზე და ბანაკებში განთავსებაზე, თუ კომუნისტური პარტიის ლიდერების, მათ შორის პრეზიდენტ სი ძინპინის ბიზნეს საქმიანობაზე.
"ნიუ-იორკ თაიმსის" მთავარმა რედაქტორმა დინ ბაკეტმა, ჟურნალისტების გაძევება მკაცრად გააკრიტიკა და თქვა, რომ ეს „განსაკუთრებით უპასუხისმგებლოა იმ დროში, როცა მსოფლიოს სჭირდება კორონავირუსის პანდემიის შესახებ სანდო ინფორმაციის თავისუფალი და ღია მოძრაობა“.
გადაწვეტილება ასევე დაგმეს „უოლ-სტრიტ ჯორნალის“ და „ვაშინგტონ პოსტის“ რედაქტორებმა.
კოლეგების მსგავსად, განცხადება გაავრცელა „ამერიკის ხმამაც“ და ჩინეთის მიერ მისი საქმიანობის შეზღუდვა გააკრიტიკა.
„ნიუ იორკ თაიმსის“, „ვაშინგტონ პოსტის“ და „უოლ სტრიტ ჯორნალის“ კოლეგების მსგავსად, ვრჩებით ჩვენი საქმიანობის ერთგულნი ჩინეთში და ვგმობთ მისი შეზღუდვის მცდელობას. ჩვენ გავაგრძელებთ ჩინურ ენაზე მოსაუბრე ჩვენი აუდიტორიისთვის ახალი ამბების სანდო, სარწმუნო და ავტორიტეტულ წყაროდ ყოფნას“, - განაცხადა „ამერიკის ხმამ“.
თებერვალში, შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ხუთ ჩინურ სახელმწიფო ახალი ამბების სააგენტოს, შეზღუდვას უწესებდა თანამშრომლების რაოდენობაზე. მხოლოდ 100 ადამიანს შეეძლებოდა შეერთებულ შტატებში მათ წარმომადგენლად მუშაობა.
პომპეოს თქმით, ამ გადაწვეტილების მიზეზი ისაა, რომ ეს სააგენტოები „ჩინური პროპაგანდის ნაწილია“ და ამერიკული კანონმდებლობით ისინი „უცხო ქვეყნის მისიას“ წარმოადგენენ.
Facebook Forum