ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვენესუელის სოციალისტი ლიდერი


პრეზიდენტი ჩავესი თავისი პოლიტიკური კარიერის მანძილზე ფიდელ კასტროსთან, მაჰმუდ ახმადინეჟადთან და მუამარ კადაფისთან ახლობლობდა

ვენესუელის სოციალისტი ლიდერი კიბოს ავადმყოფობასთან ორწლიანი ბრძოლის შემდეგ 58 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჰუგო ჩავესი ახალგაზრდობაში ბეისბოლის მოთამაშის კარიერაზე ოცნებობდა, თუმცა მისი ცხოვრება ისე წავიდა, რომ ის პოლიტიკის სამყაროში აღმოჩნდა ჩაფლული.

პრეზიდენტი ჩავესი თავისი პოლიტიკური კარიერის მანძილზე ფიდელ კასტროსთან, მაჰმუდ ახმადინეჟადთან და მუამარ კადაფისთან ახლობლობდა.
1992 წელს ახალგაზრდა მედესანტე ჰუგო ჩავესმა ვენესუელის მაშინდელი პრეზიდენტის კარლოს ანდრეს პერესის წინააღმდეგ წარუმატებელი აჯანყება წამოიწყო, რის გამოც ის ციხეში აღმოჩნდა. თუმცა 1998 წელს საპატიმროდან განთავისუფლების შემდეგ ჰუგო ჩავესმა კორუფციასთან და სიღარიბესთან ბრძოლის ლოზუნგებით საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა.

ჩავესი თავის თავს რევოლუციონერად მიიჩნევდა და მისაბაძ მაგალითად ფიდელ კასტრო მიაჩნდა, რომელიც დაახლოებით 50 წლის მანძილზე მართავდა კუბას.

მისი მოწინააღმდეგენი ჰუგო ჩავესის ავტორიტარულ მმართველობაზე ამახვილებენ ყურადღებას. როგორც პოლიტოლოგი ლუის ვისენტე ლეონი აცხადებს:“ ღარიბთა პრობლემების მოგვარებას ის დიდ ყურადღებას უთმობდა, მაგრამ ამავე დროს ვენესუელის დემოკრატიული განვითარება შეფერხდა.“
ჰუგო ჩავესი დაუნდობლად აკრიტიკებდა შეერთებულ შტატებს, რომელსაც ის ხშირად იმპერიას უწოდებდა. ვენესუელის პრეზიდენტი მისი დამხობის მცდელობაში ვაშინგტონს ადანაშაულებდა.

2006 წელს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას ჰუგო ჩავესმა პრეზიდენტ ბუშს დაცინვით ეშმაკეული უწოდა. მისი თქმით:“ აქ გუშინ თავად ეშმაკი გამობრძანდა და მე დღესაც მცემს გოგირდის სუნი.“

პრეზიდენტმა ჩავესმა ვენესუელის ნავთობკომპანიების და მსხვილი მრეწველობის ობიექტების ნაციონალიზაცია განახორციელა. მან ნავთობის ექსპორტიდან შემუსული შემოსავალი სოციალური პროგრამების განვითარებას მოახმარა.

როგორც ამერიკელი ექსპერტი მაიკლ შიფტერი აცხადებს ჩავესის მემარცხენე პოლიტიკამ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება შეაფერხა, თუმცა ამავე დროს მან ღარიბებისთვის უფასო სამედიცინო დახმარება შემოიღო და ვენესუელის ხალხის სიყვარული დაიმსახურა:“ ვენესუელაში ჩავესის მსგავსი ქარიზმა არავის ქონდა და ამიტომ მისი ხსოვნა არასოდეს გაქრება ხალხში.“
2011 წლის ივნისში მას სიმსივნე აღმოაჩნდა და რამდენიმე ოპერაცია გაიკეთა კუბაში. 2012 წლის ოქტომბერში მძიმე ავადმყოფობის მიუხედავად მან მეოთხედ მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები ვენესუელაში. სიკვდილამდე რამდენიმე კვირით ადრე საკუთარ ქალიშვილებთან ერთად გადაღებული ჰუგო ჩევისის ფოტოები უკანასკნელად გამოქვეყნდა პრესაში.
XS
SM
MD
LG