შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი ("სი-დი-სი" CDC) მთელ მსოფლიოში სახელგანთქმული ამერიკული ფედერალური სააგენტოა. მას როგორც ამერიკაში, ისე მის ფარგლებს გარეთ, გადამდებ დაავადებებთან წარმატებული ბრძოლის დიდი ხნის ისტორია და გამოცდილება აქვს.
ამ სამთავრობო უწყების ხუთი ყოფილი დირექტორი, რომლებიც როგორც დემოკრატიული, ისე რესპუბლიკური ადმინისტრაციის დროს დაინიშნენ, მკაცრად აკრიტიკებენ პანდემიასთან ამერიკის მთავრობის ბრძოლას და თავად "სი-დი-სის" როლის შეზღუდვასაც ამ საქმეში. ხუთივე დირექტორი ამბობს, რომ დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი საქმეს მეტად უნდა უძღვებოდეს და გაცილებით მეტი წვლილი შეჰქონდეს პანდემიასთან ბრძოლაში.
ახალმა კორონავირუსმა 6 თვის მანძილზე 180 000-ზე მეტი ამერიკელის სიცოცხლე შეიწირა. ამასთან, ეს მხოლოდ დადასტურებული სიკვდილობის მონაცემია. დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრში ფიქრობენ, რომ გარდაცვლილთა რეალური რაოდენობა გაცილებით დიდია და საბოლოო ჯამში, კოვიდ-19 ამ წლის ბოლომდე, შეერთებულ შტატებში 2020 წლის სიკვდილობის წამყვანი მიზეზი გახდება.
კრიტიკოსთა შორისაა რიჩარდ ბესერი, რომელიც "სი-დი-სის" სათავეში ედგა 2008-09 წლების ე.წ. ღორის გრიპის პანდემიის დროს. ამ პერიოდში ბესერი ყოველდღიურად მართავდა სატელევიზიო ბრიფინგებს და პრესკონფერენციებს.
ღორის გრიპის სახელით ცნობილი (H1N1) ინფექციური დაავადება, ბოლო დროის ერთ-ერთი ურთულესი პანდემია იყო, რომელმაც მსოფლიოში 60 მილიონი ადამიანი დააინფიცირა, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 274 304 პაციენტს და დადასტურებულად 12 469 გარდაიცვალა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშით, ღორის გრიპით გარდაცვლილთა რეალური რაოდენობა ნახევარ მილიონამდე უნდა იყოს.
ახლა კი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ პანდემიასთან ბრძოლის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელად არა "სი-დი-სის" დირექტორი, არამედ ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი დანიშნა. პრესკონფერენციებზე მას ხშირად თავად პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცვლის. ეს ყოველივე აჩენს ეჭვს, რომ სამუშაო ჯგუფის რჩევები და რეკომენდაციები შესაძლოა პოლიტიკურად მოტივირებული იყოს.
"მართლაც ძალიან მაშფოთებს ის, რომ ინფორმაციას "სი-დი-სისგან" ყოველდღიურად არ ვიღებთ. ჩვენ მათგან ვერ ვიგებთ, თუ რას თვლიან ისინი იზოლაციის და კარანტინის საუკეთესო გამოცდილებად, რა უნდა გაკეთდეს" - უთხრა რიჩარდ ბესერმა "ბოსტონ-გლოუბის" ჟურნალისტს.
ბესერის აზრით, ჯანდაცვის მსგავსი პრობლემების დროს, მთავარი გზავნილები პოლიტიკური ლიდერებისგან არ უნდა ვრცელდებოდეს. პრობლემა იმაშია, რომ "ნახევარი ქვეყანა იტყვის: კარგია, ასე მოვიქცევი. დანარჩენი კი რჩევას, მისი ავტორისგან გამომდინარე, უარყოფს... რაც უფრო დეპოლიტიზებულია გზავნილი, მით უფრო წარმატებულია საქმე" - აღნიშნავს ბესერი.
მის აზრს დევიდ სატჩერიც იზიარებს, რომელიც შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრს ბოდა უძღვედემოკრატი პრეზიდენტის, ბილ კლინტონის ადმინისტრაციის დროს. "ვფიქრობ, აშკარა იყო ის ფაქტი, რომ პანდემიაზე ყოველდღიური ბრიფინგების დროს, "სი-დი-სი" გვერდზე გაწიეს" - აცხადებს სატჩერი.
ის ძველ დროს იგონებს და ამბობს, რომ "როგორც კი მსოფლიოში რაიმე სერიოზული ჯანდაცვის პრობლემა იჩენდა თავს, ხალხი პირველ რიგში "სი-დი-სის" უკავშირდებოდა, და არა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას". თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ ორ ორგანიზაციას შორის, ტრადიციულად ძალიან კარგი სამუშაო ურთიერთობა იყო ჩამოყალიბებული - ყვება სატჩერი.
დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრმა პანდემიის დასაწყისში რამდენიმე სერიოზული შეცდომა დაუშვა. "სი-დი-სი" თავიდან ხალხს ნიღბების ტარებას არ ურჩევდა და დასაწყისში, დეფექტის მქონე ტესტერებს იყენებდა, თუმცა ამ ყველაფერს მაშინ ობიექტური მიზეზებიც ჰქონდა.
ეს შეცდომები მალევე გამოსწორდა, როგორც კი გაცილებით მეტი გახდა ცნობილი ახალი კორონავირუსის თვისებებზე და მის ასიმპტომატურ გავრცელებაზე - ამბობს ჯული გერნბერდინგი, რომელიც "სი-დი-სის" ხელმძღვანელად რესპუბლიკელი პრეზიდენტის, უმცროსი ჯორჯ ბუშის დროს დაინიშნა. ის ახლა ფარმაკო-გიგანტის "მერკის" აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტია.
გერბერდინგმა ტელეკომპანია "ეი-ბი-სისთან" ინტერვიუში თქვა, რომ ახლა რომ შეეძლოს, ყველაზე მეტად დროის უკან გადახვევას ინატრებდა, რადგან ვირუსზე გაცილებით მეტია ცნობილი და მეტი ხალხი გადარჩებოდა. "ვიცით, რომ ის წარმოუდგენლად გადამდებია... და ვიცით, რომ ხალხის უმეტესობა მისგან არც ახლაა დაცული".
თეთრი სახლის ადმინისტრაციის ჯანდაცვის პოლიტიკას და პანდემიის მართვას მწვავედ აკრიტიკებს ტომ ფრიდენი, დემოკრატი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას დროს დანიშნული "სი-დი-სის" დირექტორი. მისი მმართველობის პერიოდში, დასავლეთ აფრიკაში ებოლას კრიზისი მძვინვარებდა. ეს იყო 2014-16 წლები.
"არ მგონია, როდესმე ისე მომხდარიყოს, რომ თეთრი სახლის ან ჯანდაცვის დეპარტამენტის ხალხს ეკარნახა ის, თუ როგორ დაწერილიყო ტექნიკური დოკუმენტი "სი-დი-სის" ვებგვერდზე" - უთხრა ტომ ფრიდენმა ხუთშაბათს, ჯანდაცვის გლობალური ორგანიზაციის Vital Strategies ვებინარზე შეკრებილ აუდიტორიას. მისი თქმით, "ეს სახიფათოა. ეს დიდი პრობლემაა. ეს დიდი პრობლემაა ბევრი მიზეზის გამო, როგორც აქ ზოგიერთ "სი-დი-სის" მცოდნეს მოგეხსენებათ".
სატჩერი და დანარჩენი დირექტორები აკრიტიკებენ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმის გამო, რომ ის სკოლების, უნივერსიტეტების და ბიზნესების გახსნას ჩქარობს. ისინი თვლიან, რომ დაავადების გამომწვევი ვირუსი სარს-კოვ-2 შეერთებულ შტატებში ჯერ კიდევ არ კონტროლდება იმდენად კარგად, რომ ეს ნაბიჯი უსაფრთხო იყოს. სიჩქარე კი პანდემიის დროს ვირუსის გავრცელებას უწყობს ხელს და ეკონომიკის ამუშავებასაც უფრო აფერხებს.
ჯეფრი კოპლანი "სი-დი-სის" ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი თანამშრომელია. ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრში 26 წელი მუშაობდა და ორგანიზაციას სათავეში 1998-2002 წლებში ედგა. მოგვიანებით, მან ქ. ატლანტაში მდებარე ემორის უნივერსიტეტში დააფუძნა მთელი სკოლა, ჯანდაცვის გლობალური ინსტიტუტი.
"ამერიკელ ხალხს სიმართლის ვალი უნდა დავუბრუნოთ და ეს სიმართლე სამეცნიერო მტკიცებულებებთან ერთად, ამ დაავადების გასაკონტროლებლად გამოვიყენოთ" - ამბობს კოპლანი.
ის, რომ აუცილებელია გონს მოგება, გაერთიანება და მეცნიერებაზე დაფუძნებით საუკეთესო კურსის შერჩევა, ეს "სი-დი-სის" ყოფილი დირექტორებისთვის საკამათო არ არის. მათი რეკომენდაციები დაავადების სტანდარტული პრევენციის მეთოდებს ემთხვევა: ნიღბის ტარება, ჯგუფური თავშეყრისთვის თავის არიდება, პირადი ჰიგიენის კარგად დაცვა და ფიზიკური დისტანცია.
Facebook Forum