ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ორმხრივი შეხვედრები ბრუსელში


შეხვედრების თემა, ძირითადად, საქართველოში ჩატარებული არჩევნები და არსებული ხელისუფლების მხრიდან ახალი ხელისუფლებისთვის ძალაუფლების გადაბარება იყო

მიმდინარე წლის 17ოქტომბერს, ბრუსელში იმყოფებოდენ ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, თორნიკე გორდაძე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგი კაპანაძე. აღსანიშნავია, რომ ეს მათი ბოლო ვიზიტია მოცემულ რანგში.

ვიზიტის მთავარი მიზანი ევროკავშირთან თანამშრომლიბის კომიტეტის სხდომაზე მონაწილეობის მიღება იყო. პარალელურად, ორმხრივი შეხვედრებიც გაიმართა. შეხვედრების თემა, ძირითადად, საქართველოში ჩატარებული არჩევნები და არსებული ხელისუფლების მხრიდან ახალი ხელისუფლებისთვის ძალაუფლების გადაბარება იყო.

საქართველოში მიმდინარე გარდამავალ პერიოდზე და იმაზე, თუ რას ფიქრობენ საერთაშორისო ორგანიზაციები ქვეყანაში არსებული ვითრების შესახებ, „ამერიკის ხმის" კორესპონდენტი ბრიუსელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს - სერგი კაპანაძეს ესაუბრა.

მინისტრის მოადგილე შეეხო იმ რეაქციას, რომელიც ევროპულ სტრუქტურებშია საქართველოში არსებულ ვითარებასთან მიმართებაში. მისი თქმით, ევროპელი კოლეგები იმედს გამოთქვამენ, რომ ის კურსი რომელიც ქვეყანას ჰქონდა აღებული საგარეო პოლიტიკურ რეფორმებთან დაკავშირებით შენარჩუნებული იქნება.

შეკითხვაზე, თუ როგორ აფასებს ახალი ადმინისტრაციის ხედვას, გამოცდილებასა თუ შესაძლებლობას, რომ განახორციელოს ის გეგმები და პროექტები, რომელიც ძველი მთავრობის პერიოდში ხორციელდებოდა და მათ მიერ იყო წამოწყებული, მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ მომავალი ხელისუფლება ცხინვალთან და სოხუმთან პირდაპირი კონტაქტების დამყარებას შეძლებს. ამასთანავე, სერგი კაპანაძემ ხაზი გაუსვა, რომ ეს პირდაპირი კონტაქტები არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპაციის კანონის გაუქმებისა თუ რუსეთისთვის კონფლიქტის მხარის სტატუსის შეცვლის ხარჯზე. „თუ ეს ასე მოხდა ეს იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი,” - განმარტა მინისტრის მოადგილემ.

იმაზე, თუ რამდენად რეალურად ესახება რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაცია და პარალელურად „ნატო"-ში ინტეგრაციის პროცესის გაგრძელება, სერგი კაპანაძემ აღნიშნა, რომ მცდარია შეხედულება იმის თაობაზე, რომ საქართველოს „ნატო"-ში ან ევროკავშირში ინტეგრაციის ერთადერთი გზა რუსეთისგან მწვანე შუქის მიღებით არის შესაძლებელი. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ რუსეთში იმ ხელისუფლების პირობებში რომელიც ახლა იქ არის, არ აქვს მნიშვნელობა თუ რა ტიპის ხელისუფლება იქნება საქართველოში. „არ შეიძლება რუსეთისგან დასავლეთსში ინტეგრაციის ნებართვას ველოდოთ”
გამომდინარე იქედან, რომ საქართველომ წარმატებით ჩაატარა ტესტი დემოკრატიული არჩევნების ჩატარების სახით, ახლა მთავრობა ვალდებულია არა შეანელოს ალიანსისკენ სვლა, არამედ უფრო ახლოს მივიდეს „ნატო"-სთან. რუსეთთან პოლიტიკა და „ნატო"-სთან პოლიტიკა ორი ურთიერთგამომრიცხავი მიმართულება და დიდი შეცდომა იქნება ერთის მეორეზე დაქვემდებარება, - დასძინა სერგი კაპანაძემ.

მინისტრის მოადგილემ, ასევე, პასუხი გასცა ახალი ხელისუფლების მხრიდან კრიტიკას იმის თაობაზე, რომ ყოფილი ხელისუფლება მოვლენებს აჩქარებს და მოსახლეობას ყალბ იმედებს უღვივებს „ნატო"-ში ინტეგრაციისა თუ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილების თაობაზე. სერგი კაპანაძის აზრით, მსგავსი განცხადებები ახალი ხელისუფლების მხრიდან თავის დაზღვევის მიზნით არის გაკეთებული. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ განგებ არანაირი მოლოდინების გაბერვა არ ხდებოდა და ნებისმიერი თარიღის დასახელება ხდებოდა იმ პროგრესისა და ტემპის გათვალისწინებით, რომელიც ქვეყანას ჰქონდა აღებული.

სერგი კაპანაძემ დასძინა, რომ ახლა, როგორც არასდროს, შეინიშნება ევროკავშირის ჩართულობა კონფლიქტის საკითხებში. ეს ჩართულობა ადრე მხოლოდ ნომინალური იყო. ხაზგასასმელია ადგილზე ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის ყოფნა, რაც ამ მისიების უსაფრთხოების საკითხებში უშუალო ჩართულობის ნიშანია.

საუბრისას, სერგი კაპანაძე შეეხო ასოცირების ხელშეკრულების თემას, რომელიც ამ დროისთვის თითქმის დასრულებულია. საუბარი შეეხო, ასევე, სავაჭრო ხელშეკრულების საკითხს, რომელშიც ქვეყანას დიდი პროგრესი აქვს. კაპანაძის თქმით, დაწყებულია სავიზო დიალოგი და თითქმის დასრულებულია ვიზების ხელშეწყობის ხელშეკრულება.

სერგი კაპანაძემ აღნიშნა, რომ სწორი მუშაობისა და სწორი გეზის აღების პირობებში ძალიან მალე შეიძლება იქნას დასრულებული ყოველივე ზემოჩამოთვლილი.
XS
SM
MD
LG