ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამეცნიერო კონფერენცია ბრუკინგსის ინსტიტუტში


სამეცნიერო კონფერენცია ბრუკინგსის ინსტიტუტში
სამეცნიერო კონფერენცია ბრუკინგსის ინსტიტუტში

2 ივნისს ბრუკინგსის ინსტიტუტში გაიამართა სამეცნიერო-კვლევითი კონფერენცია ტრანსატლანტიკური ურთიერთობების თაობაზე.

2 ივნისს ვაშინგტონში მდებარე ბრუკინგსის ინსტიტუტში გაიმართა ყოველწლიური სამეცნიერო-კვლევითი კონფერენცია თემაზე „ლისაბონის ხელშეკრულებიდან ევროზონის კრიზისამდე: ახალი დასაწყისი თუ ევროპის დასასრული?“

კონფერენციის პირველი ნაწილი ლისაბონის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ტრანსატლანტიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს დაეთმო. თავის გამოსვლაში სტრატეგიულ და საერთაშორისო კვლევათა ცენტრის ევროპის პროგრამის დირექტორმა ჰეთერ კონლიმ აღნიშნა, რომ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში ცივი ომის შემდგომი ეტაპი დასასრულს უახლოვდება, მაგრამ ჯერ-ჯერობით გაურკვეველი რჩება ის, თუ ვინ გაუძღვება ახალ ერას. შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების ახალი სტრატეგიით თუ ვიმსჯელებთ, მასში ევროპა მხოლოდ გაკვრით არის ნახსენები. მისი თქმით:

„ტრანსატალნტიკური ურთიერთობები გარკვეულ გარიგებებზე გახდა დამოკიდებული რადგან შეერთებული შტატების პრიორიტეტებში მე გამოვყოფდი ისეთ პრობლემურ საკითხებს როგორიც არის ავღანეთი, ირანი, შეიარაღებათა კონტროლი, და ბირთვული გუვრცელებლობა. ევროპა ამ პრიორიტეტების ნაწილია, მაგრამ მასზე ყურადღება გამახვილებული როდია. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, ევროპას ამ საკითხების მოგვარებაში თავისი წვლილი შეაქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის შეერთებული შტატების განუყრელი პარტნიორია.“

კონლის აზრით, ამერიკა-ევროპის ურთიერთობების განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს შიდა პრობლემები როგორც შეერთებულ შტატებში (მაგალითად, მექსიკის ყურეში ნავთობჭაბურღილზე მომხდარი ავარიით გამოწვეული ეკოლოგიური კატასტროფა და უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი) ისე ევროკავშირში გლობალური ეკონომიკური კრიზისით წარმოქმნილი რთული მდგომარეობა, რომელსაც პოლიტიკური შედეგები მოჰყვება. ამას გარდა, რუსეთსა და თურქეთთან დაკავშირებით ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის ძალზედ დიდი აზრთა სხვაობა შეინიშნება. კონლის მიაჩნია, რომ ტრანსატლანტიკური ურთიერთობების განვითარების შემდეგი ეტაპი უნდა მიეძღვნას პოსტ-საბჭოური სივრცისა და ბალკანეთის ქვეყნების ინტეგრაციას, რომლის საწინდარს აღმოსავლური პარტნიორობა წარმოადგენს.

საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს აღმასრულებელი დირექტორის მარკ ლეონარდის გამოსვლა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასა და ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე გლობალური ეკონომიკური კრიზისის გავლენას შეეხო. მან დამსწრეთ შეახსენა, რომ ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით ევროკავშირი მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს შეედრება, რისი მანიშნებელი თუნდაც ის არის, რომ ევროპის ბაზარი ყველაზე დიდია მსოფლიოში, ევროკავშირის სამხედრო დანახარჯები რუსეთისას თორმეტჯერ აღემატება და განვითარებად სამყაროში გლობალური ეკონომიკური დახმარების ორი მესამედი ევროკავშირიდან მიედინება. მაგრამ მიუხედავად ამისა ევროკავშირმა დღემდე ვერ გარდაქმნა საკუთარი ეკონომიკური სიმძლავრე შესაბამის პოლიტიკურ გავლენად. მარკ ლეონარდის თქმით, ლისაბონის ხელშეკრულების გაფორმება ამ პროცესის დაჩქარებას ემსახურება. მას მიაჩნია, რომ ევროპაში ძალაუფლებაში ლიდერების ახალი თაობა მოვიდა, რომელსაც იგი „კრიზისის თაობას“ უწოდებს და რომელსაც უფრო გეოეკონომიკა აინტერესებს ვიდრე გეოპოლიტიკა და სამხედრო ბალანსის შენარჩუნება. მარკ ლეონარდი აღნიშნავს:

„ეს არის პოსტ-ამერიკული კოჰორტა. დღევანდელი ლიდერები აღარ უყურებენ მსოფლიოს მხოლოდ ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ჭრილში. მათ ყველას ამერიკის პრეზიდენტის მიმართ გარკვეული იმედგაცრუება ახასიათებთ. ამას გარდა სტრუქტურული თვალსაზრისით ისინი აღარ არიან დამოკიდებულნი შეერთებულ შტატებზე ფიზიკური უსაფრთხოების მხრივ. ყოველივე ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შევაბიჯებთ ატლანტიციზმის ახალ ერაში, რომლის მთავარი დამახასიათებელი თვისებები იქნება პრაგმატულ ინტერესებზე დამყარებული ტრანსატლანტიკური ურთიერთობები და ახალი ალიანსების შემქნა.“

კონფერენციის მეორე ნაწილში დისკუსიის საგანი იყო მეზობელ სახელმწიფოებთან ევროკავშირის ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები. ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მდებარე ლიბერალური სტრატეგიის ცენტრის სამეურვეო საბჭოს თავჯდომარემ ივან კრასტევმა თავის გამოსვლაში აღნიშნა:

„ევროკავშირი დიდი ხნის მანძილზე ლაპარაკობდა მრავალწახნაგიან მსოფლიოზე. ის რასაც ჩვენ ნამდვილად არ მოველოდეთ გახლდათ ის, რომ ახლა ჩვენ მრავალწახნაგიანი ევროპის გამომჟღავნების მოწმეები გავხდით. სწორედ ეს არის ის, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ. მე ვფიქრობ, რომ თურქეთი გავლენის დამოუკიდებელ ცენტრად ჩამოყალიბდა, სადაც პოსტ-კემალისტური სახელმწიფო აღმშენებლობის პროექტი უაღრესად დაინტერესებულია ევროკავშირის გამოცდილების გამოყენებაში საკუთარი საზოგადოების დემოკრატიზაციისა და გარდაქმნის მიზნით. მაგრამ აქ აღსანიშნავი ის არის რომ თურქეთს საკუთარი ხედვა აქვს, რომელიც ევროკავშირის ხედვას სულაც არ ემთხვევა, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკის სფეროში. ხოლო რაც შეეხება რუსეთს, მას რასაკვირველია აინტერესებს ევროკავშირთან პარტნიორობა და მოდერნიზაცია, მაგრამ რუსეთის ხელმძღვანელობა დიდი ენთუზიაზმით არ არის გამსჭვალული ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ.“

არანაკლებ საინტერესო იყო საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მარი მენდრას გამოსვლა. აი რა ბრძანა რუსეთთან დაკავშირებით ქალბატონმა მენდრამ:

„რუსეთი ჭეშმარიტ თანამეგობრობას არ სთავაზობს. რა სურს რუსეთს? რუსეთს სურს ხელი შეუშალოს იმ სახელმწიფოებს, რომლებიც არც ევროკავშირში არიან და არც ნატოს წევრები არიან, შეურეთდეს ნებისმიერ წარმონაქმს ან თანამეგობრობას, რომელშიც წევრობა რუსეთს ან არ შეუძლია ან არ სურს. დაფიქრდით ამაზე. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ეს არის რუსეთის ნამდვილი განზრახვა.“

XS
SM
MD
LG