ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლონდონი კენჭს უყრის ე.წ. შეუთანხმებელი ბრექსიტის დაბლოკვას


ბრიტანეთის პარლამენტში ამ წუთებში მიმდინარეობს კანონპროექტის განხილვა, რომლის საშუალებითაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ქვეყნის პრემიერ-მინისტრის დაბლოკვას ცდილობენ, რათა ბორის ჯონსონმა ევროკავშირი ხელშეკრულების გარეშე არ დატოვოს. თემთა პალატამ უკვე დაამტკიცა ბრექსიტის გადავადების კანონპროექტი 329 ხმით 300-ის წინააღმდეგ.

პარლამენტარები შიშობენ, რომ შეთანხმების გარეშე ბრიტანეთის ევროპის კავშირიდან გასვლა ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვნად დააზარალებს. ზიანს ვერც ევროკავშირის ეკონომიკა აცდება.

პარლამენტში მომდევნო კენჭისყრა დაახლოებით ერთ საათში, ადგილობრივი დროით, საღამოს 7 საათზე იგეგმება. თუ კანონპროექტი წარმატებით გავიდა, ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს.

საქმე იმაშია, რომ პრემიერმა ბორის ჯონსონმა გუშინ პირველი სერიოზული მარცხი იწვნია, როცა ბრექსიტის კრიზისის გამო, საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა დაკარგა. გადამწყვეტი ნაბიჯი პარლამენტში კონსერვატორმა ფილიპ ლიმ გადადგა, ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა. მან კონსერვატიული პარტია დატოვა და ლიბერალ დემოკრატებს შეუერთდა, რის შემდეგაც ბორის ჯონსონის მთავრობამ, პრაქტიკულად, პარლამენტში მხარდაჭერა დაკარგა. ჯონსონმა პარტიიდან 21 კონსერვატორი გააგდო, რომლებიც მის წინააღმდეგ გამოვიდნენ. გარიცხულთა შორის იყვნენ კენ კლარკი, ვეტერანი პარლამენტარი და ხოფიი ხაზინის მდივანი ფილიპ ჰემონდი და ნიკოლას სოამსი - უინსტონ ჩერჩილის შვილიშვილი.

რადგან გაერთიანებული სამეფოს მთავრობას პარლამენტში უმრავლესობა აღარ ჰყავს, ბრიტანეთში რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოს. მთავრობა აცხადებს, რომ კანონის დამტკიცების შემთხვევაში, საპარლამენტო არჩევნები 17-18 ოქტომბრამდე უნდა გაიმართოს.

ბრიტანეთის პარლამენტში ჩქარობენ, რადგან მომდევნო კვირიდან, ბორის ჯონსონის გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო ორგანო მუშაობას წყვეტს. აგვისტოს ბოლოს, პრემიერმა დედოფალ ელისაბედს სთხოვა, პარლამენტის სესიები 14 ოქტომბრამდე, დედოფლის მიმართვის ოფიციალურ თარიღამდე შეაჩეროს, რაზეც მონარქისგან დადებითი პასუხი მიიღო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG