ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთში ავღანეთის ომთან დაკავშირებით უკმაყოფილება იზრდება


ავღანეთში მიმდინარე ომის საწინააღმდეგო დემონსტრაცია ლონდონში, 20 ნოემბერი, 2010 წ.
ავღანეთში მიმდინარე ომის საწინააღმდეგო დემონსტრაცია ლონდონში, 20 ნოემბერი, 2010 წ.

გასულ შაბათ-კვირას ლონდონში ხუთი ათასი დემონსტრანტი შეიკრიბა, რომლებიც ავღანეთიდან ბრიტანეთის სამხედრო ძალების დაუყოვნებლივ გაყვანას ითხოვდნენ

ბრიტანეთმა წელს ავღანეთში ავბედითი ნიშანსვეტი გაიარა როცა იქ დისლოცირებულ სამხედრო ძალებში მეასე ჯარისკაცი დაიღუპა. პორტუგალიაში ახლახან დასრულებულ ნატოს უმაღლესი დონის შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ალიანსის წევრი სახელმწიფოები უსაფრთხოების დამყარების პასუხისმგებლობას ავღანეთის უშიშროების ძალებს 2014 წელს გადააბარებენ. მაგრამ მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა ბრიტანეთში ომის მოწინააღმდეგე აქტივისტები ავღანეთიდან ბრიტანეთის სამხედრო ძალების დაუყოვნებლივ გაყვანას ითხოვენ.

გასულ შაბათ-კვირას ლონდონის ისტორიული მნიშვნელობის ძეგლებთან დაახლოებით ხუთი ათასი დემონსტრატი შეიკრიბა. ისინი ავღანეთიდან ბრიტანეთის სამხედრო ძალების დაუყოვნებლივ გაყვანას ითხოვდნენ.

ბრიტანეთში ომის საწინააღმდეგო აქციები საკმაოდ ხშირად იმართება, მაგრამ ამჯერად დემონსტრაცია იმით განსხვავდებოდა, რომ მას ავღანეთის ომის ვეტერანი ჯო გლენტონი უძღვებოდა.

ჯომ ციხეში ცხრა თვე გაატარა იმის გამო, რომ მან ავღანეთში მეორე სამხედრო ტურის მოხდაზე უარი თქვა. მან ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ავღანეთში პირველი სამხედრო ტურის დროს მიღებული სამხედრო ჯილდო დაუბრუნა. აი როგორ ახსნა ჯომ საპროტესტო აქციაში თავისი მონაწილეობა:

„ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ ხალხი ამ ომს ეწინააღმდეგება და მას ზიზღით აღიქვამს რადგან, როგორც ჩანს, საომარ მოქმედებებს მხოლოდ რეპუტაციის შენარჩუნების მიზნით წარმართავენ.“

ბრიტანეთს ავღანეთში ცხრა ნახევარი ათასი ჯარისკაცი ჰყავს დისლოცირებული, რაც სიდიდით მეორე ადგილს იკავებს შეერთებული შტატების შემდეგ.

ომის დასაწყისიდან მოყოლებული ბრიტანეთმა ავღანეთში 347 ჯარისკაცი დაკარგა. წელს იქ უკვე 100 ბრიტანელი ჯარიკსაცი დაიღუპა. პირადი შემადგენლობის მზარდი დანაკარგების ფონზე ბრიტანეთის საზოგადოებაში ავღანეთიდან ჯარების გაყვანის მოთხოვნები სულ უფრო ხშირად გაისმის.

ბრიტანეთში ყოველ ნოემბერს საბრძოლო მოქმედებებში დაღუპული სამხედროების მოსახსენიებელი ცერემონიები იმართება. წელს ამ ცერემონიებზე პატივს მიაგებდნენ იმათ, ვინც ავღანეთში დაიღუპა.

უფლისწული ჰენრი, რომელიც ავღანეთში მსახურობდა, ეგრეთწოდებული ხსოვნის ბაღის გახსნის ცერემონიას დაესწრო.

მან მისი მეგობრის, ავღანეთში დაღუპული უმცროსი კაპრალის ჯონათან ვუდგეითის მოსახსენიებლად ხსოვნის ბაღში ჯვარი აღმართა. აღსანიშნავია, რომ ავღანეთში დაღუპული ბრიტანელი ჯარიკსაცების პატივის მისაგებად ბაღში მსგავსი 346 ჯვარი აღიმართა.

ჯონათანის მამამ ტონიმ შვილთან საუბრები გაიხსენა, როცა იგი ავღანეთში მსახურობდა.

„მე ვცდილობდი მისგან იმის გაგებას, თუ რისი გადატანა უხდებოდა მას, მაგრამ იგი მხოლოდ ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლებოდა. მაგრამ მისი თანამებრძოლეებისგან მე ახლა შევიტყვე, რომ თურმე მას იქ ძალიან ბევრის გადატანა მოუხდა და ვფიქრობ, რომ იგი გმირის წოდებას იმსახურებს,“ აღნიშნა მან.

აღსანიშნავია, რომ ხალხის მხარდაჭერა ბრიტანეთის სამხედრო ძალების მიმართ ძალიან მაღალია. მაგრამ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ ცხადყო, რომ ბრიტანელების 70 პროცენტზე მეტს მიაჩნია, რომ ავღანეთის ომის მოგება შუეძლებელია.

ამას გარდა ბრიტანეთის მთავრობა სამთავრობო დანახარჯების უპრეცედენტო შემცირებას აპირებს და ბევრი ავღანეთში მიმდინარე ომზე გაწეულ ყოველწლიურ 8 მილიარდ დოლარს ეჭვის თვალით უყურებს.

შინაური სკეპტიკოსების გათვალისწინებით ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა დევიდ კამერონმა, რომელიც პორტუგალიაში ნატოს უმაღლესი დონის შეხვედრას ესწრებოდა, 2015 წელი ავღანეთიდან ბრიტანეთის სამხედრო ძალების სრული გაყვანის თარიღად დაასახელა.

„მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არის მყარი თარიღი, რომელსაც, ჩემი აზრით, ბრიტანელი ხალხი ნამდვილად იმსახურებს. 2015 წლისთვის ავღანეთის ყველაზე რთულ პროვინციაში, ჰელმანდში, ბრიტანეთის სამხედრო ძალების დისლოცირება მეცხრე წელს მიაღწევს,“ განაცხადა კამერონმა.

თუ ბრიტანელები ავღანეთში მართლაც 2015 წლამდე დარჩებიან, მაშინ ხსოვნის ბაღში კიდევ ბევრი ჯვარი აღიმართება.

ბევრს ეეჭვება, რომ ბრიტანეთის საზოგადოებას გააჩნია იმის ნებისყოფა, რომ ომის კიდევ ხუთ წელს გაუძლოს.

XS
SM
MD
LG