ვაშინგტონში, ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ბრიჯიტ ბრინკმა საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აქვს საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვაში. ამასთან, შეერთებული შტატები ცდილობს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გამოწვევების, მათ შორის, ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის საერთაშორისო ასპარეზზე წინ წამოწევას.
„ჩვენ ვცდილობთ, რომ ოკუპირებული რეგიონების თემა წინ წამოვწიოთ. ჩვენ ჟენევის მოლაპარაკებებში 2008 წლიდან ვიღებთ მონაწილეობას, რათა არსებული პრობლემების გადაწყვეტას შევუწყოთ ხელი, მათ შორის, პოლიტიკური, უსაფრთხოების და ასევე ჰუმანიტარული კუთხით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი საერთაშორისო ყურადღების ცენტრში იყოს,“ განაცხადა ბრინკმა.
სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოში, ისევე როგორც მის მეზობელ მოლდოვასა და უკრაინაში, სასამართლოს დამოუკიდებლობის მხრივ გამოწვევები ჯერ ისევ არსებობს, რაც დიპლომატის თქმით, ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას ხელს უშლის.
„ამ სამ ქვეყანას ბევრი საერთო პრობლემა და გამოწვევა აქვს. ერთი რაც ყველაზე მეტად იკვეთება არის სასამართლო ხელისუფლება, დამოუკიდებელი სასამართლოს ნაკლებობა და პოლიტიკური გავლენა სასამართლოზე. პრობლემაა ასევე პროკურატურა, რომელიც პოლიტიკური ძალების გავლენის ქვეშ ექცევა. ასევე არც თუ ისე ძლიერია დაცვის მხარე, დაცვის იურისტების კადრები... ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია ბიზნესისთვისაც. ინვესტორებმა, როდესაც ისინი ქვეყანაში ბიზნეს იწყებენ, არ იციან თუ რამდენად სამართლიანად მოეპყრობიან მათ და პირნათლად შესრულდება თუ არა მათი კონტრაქტები," აღნიშნა ბრინკმა.
ბრინკი ამერიკის მომავალი ადმინისტრაციის პოლიტიკასაც შეეხო და განაცხადა, რომ არ იცის თუ როგორი შეიძლება იყოს არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპის პოლიტიკა რეგიონისადმი, თუმცა მისივე თქმით, ეს არა მხოლოდ ვაშინგტონზე, არამედ საქართველოზეც არის დამოკიდებული.
ბრინკმა ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოს ამერიკაში ორივე პარტიის, რესპუბლიკელების და დემოკრატების, მხარდაჭერით სარგებლობს. მისი თქმით, საქართველომ უნდა გააგრძელოს საკუთარი წარმატების ისტორიის მოყოლა ვაშინგონში:
„რა იქნება ჩემი მესიჯი საქართველოსთვის და მთელი კავკასიის, რომლებმაც ელოდებიან იმას თუ რა მოხდება? მე არ ვიცი როგორი იქნება [შემდეგი ადმინისტრაციის] პოლიტიკა, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს წარმატება იქნება ყველაზე ძლიერი არგუმენტი, რომელიც ხელს შეუწყობს ამერიკის და საქართველოს ურთიერთების გაღრმავებას... საქართველოს აშშ-ს მხრიდან ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა აქვს და ეს არა მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენ საქართველო მოგვწონს - და რა თქმა უნდა ჩვენ ყველას მოგვწონს საქართველო - არამედ იმიტომ, რომ ეს ამერიკის ეროვნულ ინტერესებშია. საქართველო ხელს უწყობს საერთაშორისო წესრიგის დაცვას და საერთაშორისო უსაფრთხოებას, რაც ამასთანავე ხელს უწყობს ამერიკის უსაფრთხოებას," დასძინა ბრინკმა.