ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანული ევროსკეპტიციზმი და ქართული ევროფობია


ბრიტანელი ხალხის არჩევანით, გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს დატოვებს. გადაწყვეტილებას ევროკავშირის ისტორიაში ანალოგი არ აქვს. უკანასკნელი წლების განმავლობაში საწინააღმდეგო ტენდენცია ფიქსირდებოდა: ევროკავშირი ფართოვდებოდა. ახლა კი, მიუხედავად იმისა, რომ რეფერენდუმი დიდი ხნის წინ დაანონსებული იყო და მისი ნებისმიერი შედეგიც აწონილ–დაწონილი, რეალურმა ფაქტმა მაინც შოკის ეფექტი იქონია. გრძელვადიან პერსპექტივაში ბრიტანეთის გადაწყვეტილების შედეგების პროგნოზირება მარჩიელობის სფეროს უფრო განეკუთვნება, ვიდრე პოლიტიკური მომავლის რაციონალური სცენარის განსაზღვრას.

იმ დროს, როდესაც საქართველო ევროპის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლაზე ნებართვას ელოდა, ევროკავშირი ახალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. ისეთის, რომლის მსგავსი მას ჯერ არ ჰქონია და შესაბამისად, არც მსგავს გამოწვევასთან ადაპტირების გამოცდილებაგააჩნია. ევროპაში მიგრანტთა ტალღის მკვეთრმა ზრდამ ერთის მხრივ ევროკავშირის შიგნით, მეორეს მხრივ კი დევნილების ტალღამ აზიიდან, ბრიტანელი ხალხისგან მკვეთრი პასუხი მიიღო. რა გავლენას მოახდენს საქართველოსთვის ბრიტანეთის გადაწყვეტილება, ამის შესახებ ამერიკის ხმამ რამდენიმე მოსაზრება ჩაწერა. არჩილ ყარაულაშვილი, სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ჩვენთან საუბრისას ამბობს: „მე ვერ ვიტყოდი, რომ რომ ევროკავშირის დაშლის ტენდენტია გვაქვს სახეზე, რადგან ბრიტანეთი ისედაც განცალკევებული იყო: არ წარმოადგენდა შენგენის ზონის წევრს, არ იყო ევროზონის წევრი, ყოველთვის ინარჩუნებდა განსაკუთრებულ მდგომარეობას ევროკავშირში. თუმცა ზოგადად, არ ვგულისხმობ ბრიტანეთის წასვლას, არამედ ის ტენდენციებია არასასურველი ევროკავშირის ერთიანობისთვის, რაც უკავშირდება ნაციონალიზმის ზრდას, ქსენოფობიის მეტ პოპულარობას. ამ მხრივ, დადებითაც ვერანაირად ვერ შეფასდება ტენდენციები. შესაბამისად, საქართველოსთვის რომ შევეცადოთ პოზიტივის დანახვას, მე ასეთს ვერ ვხედავ. თუმცა შეიძლება, ჩვენ შევძლოთ და არანაირი ნეგატივი არ იყოს ბრიტანეთის გასვლის გამო, მაგრამ პოზიტივიც, ცალსახად, შეიძლება ითქვას, რომ არ იქნება. ევროსკეპტიკოსებს დაემატათ კიდევ ერთი არგუმენტი. ახლა ძნელია პროგნოზის გაკეთება, მაგრამ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთი ისედაც არ იყო შენგენის ზონის წევრი და შესაბამისად, გადაწყვეტილებაში საქართველოს უვიზო მიმოსვლის თაობაზე, მონაწილეობას არ იღებს, ამიტომ მე მაინც, ამ კუთხით, ოპტიმისტად დავრჩებოდი.“

ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელი ლევან ცუცქირიძე ამერიკის ხმასთან ამბობს: „პოლიტიკური თვალსაზრისით, შესაძლოა, საქართველოსთვის მდგომარეობა ახლა ცოტა უფრო მძიმე იყოს, ვიდრე აქამდე იყო, რადგან ალბათ, ევროკავშირის სახელმწიფოები და მთავრობები შეეცდებიან აჩვენონ, რომ ისინი ითვალისწინებენ საზოგადოების განწყობებს გადაწყვეტილების მიღებისას ბრუსელში და ფაქტი, რომ მიგრაციასთან დაკავშირებით განწყობა არის მკვეთრად უარყოფითი ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში, ეს ყველამ ვიცით. ახლა წინასწარმეტყველება რთულია ამ საკითხებზე, მაგრამ ერთადერთი, რაც შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, ჩვენ მოგვიწევს გაათმაგებული ენერგიულობით და ეფექტურობით მუშაობა ევროპულ დიპლომატიასთან, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური ამოცანები რეალიზებული იყოს. მე ვფიქრობ, რუსეთის ინტერსებში რჩება ისეთი ევროპა, რომელსაც არ აქვს საერთო პოზიციები. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია დღეისთვის სანქციების საკითხი და როგორ მიუდგება ბრიტანეთი ამ თემას შემდგომში, დაინტერესების საგანი, რა თქმა უნდა არის. თუმცა, მეორეს მხრივ, ბრიტანეთისთვისაც წარმოადგენს ეს საკითხი ერთგვარ ინსტრუმენტს“.

ამ ეტაპზე, როდესაც გაერთიანებული სამეფოს გადაწვეტილება ჯერ კიდევ ძალიან ცხელია, იმის თქმა შეიძლება, რომ დემოკრატიული ღირებულებების ერთიან პლათფორმაზე მდგარი ევროკავშირის დასუსტება ყველაზე მეტად ხელს ჩვენს ჩრდილო მეზობელს აძლევს, რომელიც ევროპაშიც და საქართველოშიც უამრავ რესურსს ხარჯავს ევროსკეპტიციზმის პოზიციების გასაძლიერებლად.

XS
SM
MD
LG