ბობ დოული, მძიმედ დაჭრილი ამერიკელი ჯარისკაცი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის ბრძოლის ველზე დაღუპული ეგონათ, მოგვიანებით, ათწლეულების განმავლობაში, ამერიკის პოლიტიკურ სცენაზე მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. ის კვირას 98 წლის ასაკში გარდაიცვალა.
დოული კანზასის შტატს შეერთებული შტატების სენატში 27 წლის განმავლობაში წარმოადგენდა. მან ზედა პალატაში რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერობას მიაღწია.
1976 წელს, დოულმა საკუთარი პარტიისგან ვიცე-პრეზიდენტობის ნომინაცია მიიღო, ორი ათწლეულის შემდეგ კი პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, როდესაც დემოკრატი ბილ კლინტონი მეორე ვადით აირჩიეს.
დოულის გარდაცვალების შესახებ ელიზაბეთ დოულის ფონდმა გამოაცხადა. ითქვა, რომ ის ძილში გარდაიცვალა. თითქმის ერთი წლის წინ დოულმა გამოაცხადა, რომ ფილტვის კიბო ჰქონდა და მკურნალობას იწყებდა.
სამძიმრები მთელი პოლიტიკური სპექტრისგან გაჟღერდა.
სიცოცხლის ბოლო წლებში, ის მეორე მსოფლიო ომის თაობის სამხედრო ვეტერანთა სიმამაცის განსახიერება გახდა.
პოლიტიკურ ცხოვრებაში დოულს უფრო კონსერვატორ რესპუბლიკელებთან უთანხმოება ჰქონდა, მაგრამ სამ ათეულ წელზე მეტხანს პარტიის უმაღლესი თანამდებობის პირთა შორის იყო. ვაშინგტონში მას პოლიტიკურ პრაგმატისტად მიიჩნევდნენ.
დოული პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონის ბევრ საზოგადოებრივ პროგრამას შეეწინააღმდეგა, მაგრამ 1964 წლის სამოქალაქო უფლებების აქტს და 1965 წლის საარჩევნო უფლებების აქტს მხარი დაუჭირა.
Facebook Forum