საქართველოს მოსახლეობა და ხელისუფლება პირწმინდად მარცხდება ინვაზიურ მავნებელ - აზიურ ფაროსანათან (Halyomorpha Halys, იგივე Brown Marmorated Stink Bug) ბრძოლაში, რომელსაც გურიაში სპეციფიკური სუნის გამო - „ცუანა“ შეარქვეს.
სუნიანმა ბაღლინჯომ, როგორც შარშან, წელსაც უზარმაზარი ზიანი მიაყენა ქვეყნის მეთხილეობის დარგს. გურიისა და სამეგრელოს რაიონებში ზარალმა შესაძლოა 80%-საც კი გადააჭარბოს.
მოსახლეობის თქმით, პარაზიტთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია არაეფექტურია და მიუხედავად იმისა, რომ 50 000 ჰექტარი ფართობი ქიმიურად დამუშავდა, ამან მავნებელის გავრცელებას ხელი ვერ შეუშალა.
შარშანდელისგან განსხვავებით, ფაროსანა სოფლის მეურნეობის სხვა კულტურებსაც მასიურად მოედო, მათ შორის, სიმინდს, მსხალს, ვაშლს, ჟოლოს, ყურძენს, ლობიოს, წიწაკას, პომიდორს, კიტრს, ბადრიჯანს, ციტრუსს, ლეღვს, ხურმას და ა.შ
საშიშ მავნებელს საერთო ჯამში - 200-ზე მეტი სახეობის მცენარის - ხეხილოვანი, კენკროვანი და ბოსტნეული კულტურების წარმომადგენლების დაზიანება შეუძლია.
აზიური ფაროსანა ძლიერი ხორთუმის მეშვეობით მცენარის ფოთოლში, ყლორტსა და ნაყოფში აღწევს, წვენს წოვს და იქ ლპობად ლაქებს წარმოქმნის. კვებას მავნებელი აპრილის ბოლოდან იწყებს და გვიან შემოდგომამდე აგრძელებს.
ექსპერტთა აზრით, თუ ხელისუფლებამ მავნებელთან ბრძოლის ეფექტურ ხერხს ვერ მიაგნო, წლის ბოლოსთვის, საერთო ზარალმა შესაძლოა - 100 მილიონ ლარს მიაღწიოს.
ლანჩხუთის რაიონის მკვიდრის სერგო გვარჯალაძის აზრით, ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ წელს, დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა მთლიანად მოსავლის გარეშე დარჩეს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, ამაზე დიდი პრობლემა, როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ ხელისუფლებას წესით არ უნდა ჰქონდეს. თუმცა, გვრჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ეს პრობლემა არავის აინტერესებს. არც არც ადგილობრივ და არც ცენტრალურ მთავრობას, არც პოლიტიკურ პარტიებს"სერგო გვარჯალაძე, გურიის მკვიდრი
„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, ამაზე დიდი პრობლემა, როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ ხელისუფლებას, წესით, არ უნდა ჰქონდეს. თუმცა, გვრჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ეს პრობლემა არავის აინტერესებს. არც ადგილობრივ და არც ცენტრალურ მთავრობას, არც პოლიტიკურ პარტიებს. არადა ყველაფერი გადაჭამა ამ მავნებელმა, თხილით დაწყებული და ხეხილით დამთავრებული.“
აზიური ფაროსანა პირველად საქართველოს ტერიტორიაზე 2015 წელს გამოჩნდა. მავნებელი, რომლის სამშობლოც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაა, 2014 წელს, თავდაპირველად, რუსეთის შავიზღვისპირეთში გავრცელდა. ბაღლინჯო რუსეთის ნავსადგურებში, სოჭის ზამთრის ოლიმპიადისთვის განკუთვნილ, გემებით შემოტანილ ხე-ტყის მასალას შემოყვა, რომელიც სწორედ აზიის ქვეყნებში იყო შეძენილი.
2015 წელს, სოჭიდან „ცუანამ“ მიგრაცია ოკუპირებული აფხაზეთისკენ დაიწყო, მასობრივად მოედო სოხუმის, გულრიფშისა და გალის რაიონებს. იქედან კი სამეგრელოსა და გურიაში შემოაღწია. დღეის მდგომარეობით მავნებელი მასობრივად არის გავრცელებული გურიაში, სამეგრელოსა და იმერეთის ნაწილში, განსაკუთრებით, სამტრედიის რაიონში. უკვე შეინიშნება ფაროსანას მოძრაობა ქვეყნის აღმოსავლეთის რაიონების მიმართულებით.
საქართველოს კლიმატის პირობებში, წელიწადის განმავლობაში, მავნებელს სამი თაობა შეუძლია ჰყავდეს. ხუთი ასაკის გავლის შემდეგ, ახალი პოპულაცია მოწითალო ნიმფები (მატლები) ზრდასრულ მავნებლად - იმაგოებად იქცევიან. წლევანდელ გვალვას მათი პოპულაცია უფრო შეეძლო გაეზარდა.
ზუგდიდის სოფელ კახათის მკვიდრი ამბობს, რომ მავნებლის მასობრივი გავრცელების გამო, სამეგრელოში უკიდურესად მძიმე სიტუაციაა შექმნილი, რაც, შესაძლოა, სოციალურ აფეთქებაში გადაიზარდოს
სამეგრელოში თხილი გვქონდა, თხილი აღარ ვარგა! პომიდორი აღარ ვარგა! ვაშლი და მსხალი არ ვარგა! როგორ ვიცხოვროთ?! დასავლეთში მეტი არ გვაქვს ჩვენ არაფერი. სიმინდი ფუჭდები მასიურად უკვე, მიდის სიმინდზე, ხოჭოებით არის სავსეა!“სოფელ კახათის მკვიდრი
„თხილი გვქონდა, თხილი აღარ ვარგა! პომიდორი აღარ ვარგა! ვაშლი და მსხალი არ ვარგა! როგორ ვიცხოვროთ?! დასავლეთში მეტი არ გვაქვს ჩვენ არაფერი. სიმინდი ფუჭდები მასიურად უკვე, მიდის სიმინდზე, ხოჭოებით სავსეა!“
საქართველოს ხელისუფლება ინვაზიურ მავნებელთან ბრძოლის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას ცდილობს. ამჟამად სამეგრელოს და გურიის რეგიონს პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი გრეგ კრავჩუკი სტუმრობს.
კრავჩუკი ამერიკის შეერთებული შტატების ცნობილი ენტომოლოგია, რომელიც უკვე წლებია აზიური ფაროსანას ბიოლოგიის შესწავლასა და მასთან ბრძოლის ღონისძიებებზე მუშაობს. ფაროსანა აშშ-ში 2001 წელს გავრცელდა და მომდევნო წლებში, შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობას 21 მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენა.
საქართველოს ხელისუფლება, ჯერჯერობით, უკომენტაროდ ტოვებს შეკითხვას, განიხილავს თუ არა დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციის გადახდის საკითხს და როგორ მოხდება ზარალის შეფასება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს რჩევა:
მცენარეები ინსექტიციდებით უნდა დამუშავდეს მხოლოდ მავნებლით დასნებოვნებულ ადგილებში. მნიშვნელოვანია, ქიმიური წამლობა ჩატარდეს ნიმფის (მატლის) ფაზაში.
მავნებლის წინააღმდეგ შესაძლებელია გამოყენებულ იქნას საქართველოში რეგისტირებული პირეტროიდების, ნეონიკოტინეოიდების, კარბამატების ჯგუფის პრეპარატები.
საერთაშორისო ექსპერტების გამოცდილებით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ყველაზე ეფექტურია პირეტროიდული ჯგუფიდან ბიფეტრინის შემცველი პრეპარატები - ტალსტარი, ინსეკარი. პრეპარატების ხარჯვის ნორმაა 0.6 - 1ლ ჰექტარზე. ინსექტიციდების პირველადი შესხურება უნდა მოხდეს არა უგვიანეს ივნისის ბოლოს.
მოსახლობამ გამოსაზამთრებლად თავშეფარებული მავნებლები უნდა შეაგროვოს და გაანადგუროს. მოზამთრე პერიოდში ერთი ფაროსანას განადგურება ნიშნავს მომავალი სეზონისთვის 200-მდე ახალი ფაროსანას განადგურებას.
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილი ცხელი ხაზი:
გურია - 16 006
სამეგრელო 16 600
იმერეთი - 16 601
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო სამსახური - 15 01 (ზარი უფასოა)
Facebook Forum