ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რეკორდული ღირებულებიდან რეკორდულ ვარდნამდე - ბიტკოინი და ილონ მასკი


21-ე საუკუნის ახალი საავალუტო ერთეულისადმი ნდობა საზოგადოებაში წლებია იზრდება. კრიპტოვალუტა უფრო და უფრო პოპულარული ხდება. თუმცა მის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება ჯერ კვლავ ფრთხილია და ბაზარიც არამყარი.

ამას ბოლო 2 თვის განმავლობაში ბიტკოინის ირგვლივ განვითარებული მოვლენებიც მოწმობს. კრიპტოვალუტის მიმართ ნდობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც ამერიკელმა მილიარდერმა კოლეგა ბიზნესმენებს რჩევა მისცა ჩაედოთ ინვესტიცია ბიტკოინში. მეტიც ილონ მასკმა დაანონსა, რომ კომპანია "თესლა" ავტომობილების გაყიდვას ბიტკოინის საშუალებითაც გეგმავდა. მასკმა, მალევე, ბიტკოინში 1,5 მილიარდი ამერიკული დოლარიც ჩადო.

გავლენიანი მილიარდერის ინვესტიციას სხვებიც შეუერთდნენ, რის გამოც ბიტკოინის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ისტორიულ მაჩვენებლებს მიაღწია. თუმცა, 2 თვის თავზე ბიტკოინის ფასი მკვეთრად დაეცა.

მიზეზი კვლავ მილიარდერი ილონ მასკია, რომელმაც "ტვიტერზე" დაწერა, რომ კომპანია "თესლა" ბიტკოინით ვაჭრობას წყვეტდა. მასკმა მიღებული გადაწყვეტილება კლიმატური ცვლილებებით ახსნა და აღნიშნა, რომ გზა რომლითაც ბიტკოინი გამომუშავდება ემისიის ერთ-ერთი წყაროა.

ბიტკოინის ფასი ამერიკელი მილიარდერის განცხადებამდეც მნიშვნელოვნად იყო შემცირებული. მასკის განცხადების შემდეგ კი კრიპლოვალუტის ფასი, დამატებით, 10%-ით გაუფასურდა. ახლა ერთი ბიტკოინის ფასი დაახლოებით 50 000 ამერიკულ დოლარს შეადგენს.

ამერიკელი მილიარდერის განცხადების შემდეგ ბევრი ინფორმაცია გავრცელდა, მათ შორის, საუბარი იყო რომ მილიარდელმა შესყიდული ბიტკოინები გაყიდა. გავრცელებულ ინფორმაციას ილონ მასკი "ტვიტერზე" გამოეხმაურა და თქვა, რომ 2021 წლის მარტში შეძენილი ბიტკოინები არ გაუყიდია.

ბიტკოინის ღირებულება ბოლო 3 თვის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა გაჩერებული. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ამ დრომდე ბიტკოინი ყველაზე პოპულარული ციფრული ვალუტაა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG