შუალედური არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იმ შტატებს სტუმრობს, რომლებმაც შესაძლოა გადამწყვეტი როლი ითამაშონ უმრავლესობის მოპოვებაში ამერიკის სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამერიკის პრეზიდენტი პენსილვანიაში მესამედ ჩადის. ამ ვიზიტამდე ორი დღით ადრე, წინასაარჩევნო შეხვედრა შტატში მისმა წინამორბედმა, დონალდ ტრამპმაც გამართა. შტატში გამარჯვების მნიშვნელობას შუალედური არჩევნების წინ, ორივე პარტიის წარმომადგენლები უსვამენ ხაზს. ამერიკაში 5 სექტემბრიდან ცხრაკვირიანი მარათონი იწყება, რომლის ბოლოსაც უნდა გადაწყდეს, შეძლებენ თუ არა დემოკრატები საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობის შენარჩუნებას, თუ მას რესპუბლიკელები მოიპოვებენ.
შაბათ საღამოს დონალდ ტრამპმა სიტყვით სკრანტონის სიახლოვეს შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართა. ეს ბაიდენის მშობლიური ქალაქია. პრეზიდენტი კი იქ გასულ კვირას ჩავიდა და პოლიციის დაფინანსების გაზრდის, ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი დანაშაულების სესამცირებლად და სხვა მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. ორი დღის შემდეგ პრეზიდენტი ფილადელფიის "დამოუკიდებლობის დარბაზსაც" ეწვია და იქიდან გაკეთებულ ეროვნულ მიმართვაში პოლიტიკურ ექსპტრემიზმზე ისაუბრა. ორშაბათს ის კიდევ ერთ მნიშვნელოვან მერყევ შტატში - უისკონსინში ჩადის. შემდეგ კი პენსილვანიაში დაბრუნდება და ქალაქ პიტსბურგს ეწვევა.
თეთრი სახლის განმარტებით, ბაიდენი "ამერიკელი მშრომელების ღირსებას" მიაგებს პატივს. 5 სექტემბერს შტატებში მშრომელთა დღეს აღნიშნავენ. შუალედური არჩევნები 8 ნოემბერსაა დაგეგმილი.
ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე მნიშვნელოვან შტატში დონალდ ტრამპი რესპუბლიკელთა კანდიდატებს ოფიციალურად უჭერს მხარს. ბაიდენი კი ამბობს, რომ ზოგიერთი რესპუბლიკელი ახლა ისე ძლიერ ემხრობა და ისე სჯერა "ტრამპიზმის", რომ ისინი ამით ამერიკის ფუნდამენტურ ფასეულობებს ასუსტებენ და ძირს უთხრიან მათ. პრეზიდენტმა ხუთშაბათს ისიც თქვა, რომ შუალედური არჩევნები "ერის სულისთვის ბრძოლა" იქნება. ეს სლოგანი ბაიდენმა 2020 წელსაც გამოიყენა.
Facebook Forum