თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ამერიკის წამლების და სამედიცინო მარაგების წარმოებაში ინვესტირების გასაძლიერებლად, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ცივი ომი დროინდელ ღონისძიებას დაეყრდნობა.
ეს იმ ნაბიჯების წყების ნაწილია, რომელთა საზოგადოებისთვის წარმოდგენა ბაიდენის ადმინისტრაციამ ორშაბათს დაიწყო. თეთრი სახლის მიზანია გააძლიეროს ამერიკული ინდუსტრიული მომარაგების ჯაჭვები და შეამციროს ისტორიულად მაღალი ინფლაციის მაჩვენებელი, რომელიც რამდენიმე წელია ფიქსირდება.
ბაიდენი ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების დეპარტამენტს მისცემს ნებართვას გამოიყენოს ცივი ომის ეპოქის დროინდელი, თავდაცვითი წარმოების კანონით მინიჭებული უფლებამოსილება, „ძირითად წამლებში“ ინვესტიციების შესაძლებლობები შექმნას.
ინვესტიციების არეალი მოიცავს ასევე „სამედიცინო საშუალებებს“, რომელშიც შედის ისეთი მარაგები რაც ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიოლოგიურ ან ბირთვულ თავდასხმებთან დაკავშირებული დაავადებების დიაგნოსტირების, თავიდან აცილების ან მკურნალობისთვისაა განკუთვნილი.
დემოკრატ ბაიდენს, რომელიც 2024 წელს ხელმეორედ არჩევისთვის რბოლაშია ჩართული, სურს ამერიკელებს აჩვენოს რომ ინფლაციას უმკლავდება და პასუხს სცემს შეშფოთების ფართო სპექტრს, რაც შეერთებული შტატების ეკონომიკის მდგომარეობას ეხება. მომარაგების ჯაჭვის სიცოცხლისუნარიანობის საკითხებზე თეთრი სახლის ახალ საბჭოსთან პირველ შეხვედრას პრეზიდენტი ორშაბათს გამართავს.
ბაიდენის ეროვნული ეკონომიკის საბჭოს ხელმძღვანელმა ლაელ ბრეინარდმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მომარაგების ჯაჭვის სტრესი, „კოვიდ-19“ პანდემიის პერიოდის სარეკორდოდ მაღალი დონიდან დაბლა დაეშვა, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ ბევრი დარჩა.