ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის გადაწყვეტილებას იცავს


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, განაგრძობს თავისი გადაწყვეტილების დაცვას, ავღანეთიდან ჯარების გამოყვანასთან დაკავშირებით.

ამ თემაზე ბაიდენმა ტელეკომპანია ABC-ის ეთერში ისაუბრა. ჯორჯ სტეფანაპოლუსთან ინტერვიუს დროს, პრეზიდენტმა თქვა, რომ ავღანეთიდან ჯარების გამოყვანა იყო "მარტივი არჩევანი" და მისი უფრო ეფექტურად შესრულება არ შეიძლებოდა.

პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ ვერავინ გათვლიდა თალიბანის ასეთ სწრაფ წინსვლას. მას ეს შესაძლებლობა მანამდეც არაერთხელ უარყო, როდესაც ამერიკული ჯარების ავღანეთიდან გამოყვანაზე საუბრობდა.

"ის აზრი, რომ თალიბანი ასე სწრაფად დაიკავებდა პოზიციებს, იმაზე იყო დაფუძნებული, რომ 300,000 ჯარისკაცი, რომელიც ჩვენ გავწვრთენით და აღვჭურვეთ, უბრალოდ, დაიშლებოდა და დანებდებოდა. არ მგონია, რომ ვინმეს ეს გაეთვალა",- თქვა პრეზიდენტმა.

თუმცა, მიუხედავად ამისა, თალიბანის მიერ პოზიციების სწრაფმა გამყარებამ, ამერიკის მხრადაჭერილი ავღანეთის მთავრობის ჩამოშლამ და ჯარის გაუნებლყოფამ, ბევრი კითხვა გააჩინა ბაიდენის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის გათვლებთან დაკავშირებით. ეს მაშინ, როცა პოლიტიკის ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ სწორედ ეს სფერო უნდა ყოფილიყო ბაიდენი ძლიერი მხარე, ვინაიდან მან წლები იმუშავა სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში და საგარეო პოლიტიკაში სხვა ლიდერებზე მეტადაა ჩახედული.

"ეს იყო ხელმძღვანელობის ჩავარდნა. ეს იყო ჩავარდნა წესიერად დაფიქრებასა და დაგეგმვაში",- თქვა მაიკლ ოჰანლიმ, ბრუკინგსის ინსტიტუტის ექპერტმა.

ჯარების გამოყვანიდან რამდენიმე დღეში, ბაიდენი რეიტინგის 7%-ით დაეცა. "როიტერისა" და "იპსოსის" ერთობლივი კვლევის მიხედვით, პრეზიდენტის საქმიანობას ამერიკელების 46% აფასებს დადებითად. იმავე კვლევის მიხედვით, გასულ პარასკევს, ავღანეთში განვითარებულ მოვლენებამდე, ეს მაჩვენებელი 53% იყო.

ამერიკის კონგრესის რამდენიმე კომიტეტი, რომელთაც დემოკრატები უდგანან სათავეში, პირობას დებს, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას შეკითხვებს დაუსვამს იმაზე, თუ რა მოხდა ავღანეთში და როგორ შეძლო თალიბანმა ქვეყნის ისე სწრაფად დაკავება, რომ ათასობით ამერიკელი და მათი დამხმარე ავღანელები უდიდესი საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ.

ბაიდენის ადმინისტრაციის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება ორივე პარტიიდან იგრძნობა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მიმდინარე მოვლენებს, გავლენა ექნება შუალედურ არჩევნებზეც. კონგრესში უკვე იკვეთება რამდენიმე შესაძლო მოსმენა ამ ზაფხულს და შემოდგომაზე, რომელთა მიზანიც ბაიდენის ეროვნული უსაფრთხოების გუნდისთვის მკაცრი შეკითხვების დასმა იქნება ორივე პარტიის მხრიდან.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დემოკრატმა სენატორმა ბობ მენენდესმა თქვა, რომ კანონმდებლები გამოიძიებენ "ბაიდენის ადმინისტრაციის [ავღანეთიდან] გამოსვლის ხარვეზიან აღსრულებას". მენენდესმა ასევე თქვა, რომ გამოძიების ნაწილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოქმედებებიც იქნება, რომელმაც თალიბანთან "ხარვეზიანი მოლაპარაკებები" აწარმოა, რომლის შედეგადაც ამერიკამ თალიბანთან 2020 წლის თებერვალში სამშვიდობო მოლაპარაკებას მოაწერა ხელი ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი ომის დასამთავრებლად.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG