ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი საუდის არაბეთში ჩადის


ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ახლო აღმოსავლეთის ტურს აგრძელებს. ისრაელის შემდეგ ის საუდის არაბეთში გაემგზავრა. ენერგომარაგები, ადამიანის უფლებები და უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობა - ეს თემები ქვეყანაში ვიზიტისას უმთავრესი განსახილველი საკითხები იქნება.

თეთრი სახლი განმარტავს, რომ ვიზიტი ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობების გადახედვა-განახლებას. ადმინისტრაციის განცხადებით ბაიდენი საუდის არაბეთის მეფეს, სალმან ბინ აბდულაზიზს სამეფო სასახლეში შეხვდება, შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტს და მის გუნდს, ექნება სამუშაო შეხვედრა ტახტის მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმანთან და საუდის არაბეთის სხვა მინისტრებთან.

ენერგეტიკასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინტერესები იყო ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, რის გამოც პრეზიდენტმა და მისმა გუნდმა გადაწყვიტეს, რომ სამეფოს იზოლირება არ მოეხდინათ - ქვეყნის, რომელიც მსოფლიოს უდიდესი ნავთობ-იმპორტიორი და რეგიონში მნიშვნელოვანი ძალაა და ამასთან, რუსეთთან და ჩინეთთან აღრმავებს კავშირებს.

სააგენტო "როიტერი" ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ თეთრი სახლი არ მოელის, რომ არაბეთი დაუყოვნებლივ გაზრდის ნავთობის წარმოებას და ამის შესახებ გადაწყვეტილება უფრო ფართოდ, 3 აგვისტოს მიიღება. თუმცა ამ ვიზიტს მაინც ბევრი დამკვირვებელი ჰყავს. ექსპერტები ყურადღებით ელიან, თუ რა რიტორიკა და თუნდაც ჟესტები იქნება გამოყენებული ორივე მხრიდან. ამერიკის სადაზვერვო სამსახურებმა დაადგინეს, რომ ტახტის მემკვიდრე უფლისწულმა პირადად გასცა ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის ბრძანება 2018 წელს. თუმცა, უფლისწული ამ ბრალდებებს უარყოფს.

თეთრი სახლი არ პასუხობს შეკითხვებს იმის თაობაზე, ჩამოართმევს თუ არა პრეზიდენტი ბაიდენი ხელს უფლისწულს, რომელიც ქვეყნის დე-ფაქტო მმართველია. შაბათს პრეზიდენტი საუდის მმართველ ლიდერებს წითელი ზღვის საპორტო ქალაქ ჯედაში შეხვდება.

XS
SM
MD
LG