ამერიკის 46-ე პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კონგრესის გაერთიანებული სხდომის წინაშე წარდგა და კანონმდებლებსა და ერს სიტყვით მიმართა. ბაიდენმა პრეზიდენტის ფიცი ასი დღის წინ დადო და მან ამ გამოსვლისას სწორედ ამ ასი დღის განმავლობაში გადადგმულ ნაბიჯებზე და მიღწევებზე ისაუბრა.
ბაიდენი ამერიკის პირველი პრეზიდენტია, რომელსაც მთავარ მიღწევებს შორის ჯანდაცვის გლობალურ კრიზისთან გამკლავების გზებზე მოუხდა საუბარი და ამ დღის ერთ-ერთ მთავარ ციფრებადაც სწორედ ვაქცინირებულ ამერიკელთა რაოდენობა სახელდება.
„თითო დოზა იმედი“
ამერიკის ზრდასრული მოსახლეობის ნახევარზე მეტს ვაქცინის ერთი დოზა მაინც უკვე მიღებული აქვს. მოსახლეობის მესამედზე მეტი კი - უკვე სრულადაა აცრილი. ბაიდენი მოქალაქეებს ჰპირდებოდა, რომ მისი პრეზიდენტობის პირველ 100 დღეში 100 მილიონი აცრა გაკეთდებოდა. ამ მიზანს ამერიკამ 58 დღეში მიაღწია, შემდეგ მიზანი 200 მილიონამდე გაიზარდა და ამ ციფრსაც ამერიკამ უკვე გადააჭარბა.
ყველა ზრდასრულ მოქალაქეს ვაქცინის მიღება 1 მაისიდან უნდა შესძლებოდა. საყოველთაო რეგისტრაცია ქვეყანაში 19 აპრილს გაიხსნა.
„თითო დოზა იმედი“ - გაიმეორა პრეზიდენტმა ერთ-ერთი ამერიკელი ექთნის სიტყვები და ამერიკელებს დაბეჯითებით მოუწოდა გაიკეთონ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა.
„ამერიკა წინ მიიწევს“ - პრეზიდენტის გეგმები
„ამერიკა დაბრუნდა“, „ამერიკა მოძრაობაშია, ის წინ მიიწევს“, „თუკი ის ეცემა, მალევე წამოდგება, არასდროს რჩება დაცემული“, - ასეთი იყო რამდენიმე ის ფრაზა, რაც ამ 65-წუთიანი გამოსვლიდან ბევრ მოქალაქეს დაამახსოვრდა.
ბაიდენმა გამოსვლის უდიდესი ნაწილი ქვეყნის შიდა პრობლემებსა და გამოწვევებზე საუბარს დაუთმო. მათ შორის იმ ამბიციურ საკანონმდებლო პაკეტებს, რომელთა დამტკიცებაც და დაფინანსებაც დემოკრატებს სურთ. თემებს შორის იყო: პანდემიის შედეგებთან გამკლავების ფინანსური პაკეტი, ოჯახების დახმარების გეგმა, სამუშაო ადგილების შექმნისა და ინფრასტრუქტურის განახლების გეგმა, საიმიგრაციო პოლიტიკა, გადასახადები, ტექნოლოგიური და სამეცნიერო პროგრესი, განათლება, პოლიციის რეფორმა, იარაღის კონტროლის საკითხები, კლიმატის ცვლილება...
პრეზიდენტმა ბაიდენმა არაერთხელ მოუწოდა ორივე პარტიის წარმომადგენლებს კონსენსუსისკენ, ერთობლივი მუშაობისკენ. თქვა, რომ უმოქმედოდ ყოფნა გამოსავალი არ არის.
პასუხი ავტორიტარ ლიდერებს
ბაიდენმა გამოსვლის მეორე ნაწილი საგარეო პოლიტიკას დაუთმო. თავისი წინამორბედისგან განსხვავებით, ახსენა რუსეთიც. თქვა, რომ ამერიკა ესკალაციას არ ეცდება, მაგრამ აგრესიული ქმედებებისთვის, რუსეთს, ისევე როგორც სხვა ავტორიტარულ ქვეყნებს, პასუხს მოსთხოვს.
„მე ძალიან ნათელი გავხადე პრეზიდენტ პუტინისთვის, რომ მართალია ჩვენ არ ვცდილობთ ესკალაციას, მაგრამ მათ ქმედებებს ექნება შედეგები. მე ვუპასუხე პირდაპირ და პროპორციულად რუსეთის ჩარევას ჩვენს არჩევნებში, კიბერ-თავდასხმებს ჩვენს მთავრობასა და ბიზნესზე - მათ ეს ყველაფერი გააკეთეს და მე ვუპასუხე. მაგრამ ჩვენ ასევე შეგვიძლია ვითანამშრომლოთ იმ საკითხებში, რომლებიც ორივე ჩვენგანის ინტერესებშია, ჩვენ გავაგრძელეთ „ახალი სტარტის“ ხელშეკრულება ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით და და ვმუშაობთ, რომ იგივე გავაკეთოთ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებითაც“, - თქვა პრეზიდენტმა ბაიდენმა.
რაც შეეხება სხვა ავტორიტარულ ქვეყნებს, ბაიდენმა ირანისა და ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ეს ამერიკისა და მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის სერიოზული რისკია. „ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ამ ორივე ქვეყნისგან არსებული საფრთხის გადასალახად, დიპლომატიითა და მკაცრი შეკავებით“, - თქვა ბაიდენმა.
პრეზიდენტმა გლობალური ეკონომიკური კონკურენციის კონტექსტში რამდენჯერმე ახსენა ჩინეთი და თქვა, რომ ამერიკულმა პოლიტიკურმა სპექტრმა დრო კამათსა და უთანხმოებაში არ უნდა დაკარგოს მაშინ, როდესაც 21-ე საუკუნეში ამერიკას გლობალურ კონკურენციას ჩინეთი უწევს.
ისტორიაში პირველად პრეზიდენტის უკან ამ ადგილებს ორი ქალი იკავებდა - პალატის დემოკრატი სპიკერი ნენსი პელოსი და სენატის პრეზიდენტი, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი - კამალა ჰარისი. პელოსი და ჰარისი ქვეყანაში ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე ქალები არიან - ამერიკის ხელისუფლების იერარქიაში ქვეყნის მეორე და მესამე პირები.
პრეზიდენტმა ისაუბრა ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის თაობაზეც და გაიმეორა სულ რამდენიმე კვირის წინანდელი განცხადება, რომ დროა ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი ომი დასრულდეს და ავღანეთიდან ამერიკელი ჯარისკაცები შინ დაბრუნდნენ. თუმცა მან ტერორიზმის საფრთხეზეც ისაუბრა და თქვა, რომ საფრთხე კვლავ რეალურია და მასთან ბრძოლაა საჭირო. „მე ვარ პრეზიდენტი, ვინც იცის, რას ნიშნავს, როდესაც შენი შვილი ჯარში მსახურობს“, - თქვა ჯო ბაიდენმა და მისი გარდაცვლილი ვაჟი, ბო ბაიდენი გაიხსენა.
„ამერიკის ახლა ისე მჯერა და ისე იმედიანად ვარ განწყობილი, როგორც - არასდროს. ჩვენ დავიწყეთ ამბოხის უფსკრულითა და პანდემიისა და ტკივილის ავტოკრატიით. და - ჩვენ, ხალხი, არ შევმკრთალვართ. ამ მომენტში ჩვენი მოწინააღმდეგეები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ჩვენ დავქუცმაცდებოდით და დავმარცხდებოდით. მაგრამ ჩვენ გავერთიანდით, სინათლითა და იმედით, მოვუხმეთ ახალ ძალებს და ახალ გადაწყვეტას, გამოსავალს იმ პოზიციისთვის, რომ 21 საუკუნისტვის კონკურენციაში გავიმარჯვოთ. ჩვენი გზა წინ არის უფრო მშვენიერი ერთობა, უფრო მეტი კეთილდღეობით, მეტი სამართლიანობით. ერთი ერი, ერთი ამერიკა. ამერიკის წინააღმდეგ ფსონის დადება არასდროს ყოფილა სწორი, და არც ახლა არის. ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატები ვართ და არაფერია ისეთი, რისი გაკეთებაც ჩვენ არ შეგვიძლია, თუკი ჩვენ ამას ერთად გავაკეთებთ. ღმერთმა დალოცოს ამერიკა და დაიცვას ჩვენი შეიარაღებული ძალები“, - ამ სიტყვებით დაასრულა კონგრესის გაერთიანებული სხდომის წინაშე თავისი პირველი გამოსვლა ამერიკის 46-ე პრეზიდენტმა.
რესპუბლიკელთა პასუხი
ტრადიციულად, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ სატელევიზიო ეთერში საკანონმდებლო ორგანოს უმცირესობის წარმომადგენლის წინასწარ მომზადებული გამოსვლა გადის. ამჯერად შერჩეული "მოპასუხე" ტიმ სკოტი იყო, ერთადერთი შავკანიანი რესპუბლიკელი სენატორი სამხრეთ კაროლინის შტატიდან. ის ერთ-ერთი წამყვანი პირი იყო საპოლიციო რეფორმის მიმართულებით მიმდინარე მოლაპარაკებებში. გარდა ამისა, ხშირად მოპასუხე პირი კონკრეტული მიზნით და მის მიმართ ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობის მიზნით შეირჩევა ხოლმე.
სკოტმა თქვა, რომ პრეზიდენტი „კარგი კაცი ჩანს“, მაგრამ მისი პოლიტიკა „დამაპირისპირებელია“.
„ჩვენ ერს სწყურია ბევრად მეტი, ვიდრე უბრალოდ განცხადებები. გვჭირდება პოლიტიკა და პროგრესი, რომელიც ერთმანეთთან დაგვაახლოვებს. მაგრამ თვეების შემდეგაც პრეზიდენტი და მისი პარტია ერთმანეთს უფრო და უფრო გვაშორებს“, - თქვა სკოტმა. რესპუბლიკელმა სენატორმა ბაიდენის დასაქმების გეგმაც გააკრიტიკა და მას „დიდი სამთავრობო დანახარჯებისთვის, ფულის გაფლანგვისთვის ლიბერალთა ოცნებების სია“ უწოდა. მან დემოკრატები რასიზმის „პოლიტიკური ქულების დასაწერად“ გამოყენებაშიც დაადანაშაულა.
უპრეცედენტო მიმართვა კონგრესის გაერთიანებული სხდომისადმი
მართალია ეს პრეზიდენტის რანგში მისი პირველი გამოსვლა იყო კანონმდებლების წინაშე, მაგრამ კაპიტოლიუმი მისთვის კარგად ნაცნობი და სასიამოვნო გარემოა. „კარგია დაბრუნება“, - ეს იყო მისი პირველი სიტყვები ტრიბუნაზე ასვლიას.
ბაიდენი პირველად სენატორად 48 წლის წინ აირჩიეს. ის სენატში 36 წლის განმავლობაში წარმოადგენდა დელავერის შტატის მოსახლეობის ინტერესებს. შემდეგ კი, 8 წლის განმავლობაში, როგორც ვიცე-პრეზიდენტი კვლავ აქტიურად მუშაობდა კანონმდებლებთან, და პრეზიდენტ ბარაკ ობამას ამგვარ გამოსვლებსაც ესწრებოდა.
არაფერია ისეთი, რისი გაკეთებაც ჩვენ არ შეგვიძლია, თუკი ჩვენ ამას ერთად გავაკეთებთ,- ჯო ბაიდენი
ბაიდენის წლევანდელი გამოსვლა ბევრი ნიშნით უკვე არის უპრეცედენტო. მართალია ის არ გაიმართა პრეზიდენტის ყოველწლიური, ერისა და კონგრესისადმი მიმართვის ტრადიციის ფარგლებში, რომელსაც „ქვეყნის მდგომარეობის შესახებ ანგარიშად“ მოიხსენიებენ ხოლმე, მაგრამ ის მაინც ამ მასშტაბისა და ამავე რანგის ღონისძიება იყო. სწორედ ამიტომ ანალიტიკოსები და მოქალაქეები სწორედ მსგავს გამოსვლებს ადარებენ.
ისტორია დაიწერა: ერთი-ერთი ყველაზე თვალშისაცემი და დასამახსოვრებელი ამ გამოსვლის შემდეგ ისაა, თუ ვინ იჯდა პრეზიდენტის უკან.
საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის გამოსვლისას, როგორც წესი, მის უკან საკუთარ ადგილებს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის ლიდერები იკავებენ. ისტორიაში პირველად, ამერიკის პრეზიდენტის უკან ამ ადგილებს ორი ქალი იკავებდა - პალატის დემოკრატი სპიკერი ნენსი პელოსი და სენატის პრეზიდენტი, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი - კამალა ჰარისი. პელოსი და ჰარისი ქვეყანაში ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე ქალები არიან - ამერიკის ხელისუფლების იერარქიაში ქვეყნის მეორე და მესამე პირი.
ასევე პირველად, კონგრესში მისულ ამერიკის პრეზიდენტს ნიღაბი ეკეთა და მან ასევე ნიღბით „აღჭურვილ“ და სოციალური დისტანციის დაცვით მსხდომ კანონმდებლებს მიმართა სიტყვით.
დარბაზში, რომელშიც როგორც წესი 1600-ზე მეტი ადამიანი ესწრება ხოლმე მსგავს გამოსვლებს, ამჯერად მხოლოდ 200-მდე დამსწრე იყო. დარბაზში იყვნენ პირველი ლედი ჯილ ბაიდენი და პირველი ჯენტლმენი დაგ ემჰოფი. ასევე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. არ იყვნენ მოწვეულნი სპეციალური სტუმრები.
მინისტრთა კაბინეტიდან გამოსვლას მხოლოდ სახელმწიფო და თავდაცვის მდივნები ესწრებოდნენ. ადმინისტრაცია, როგორც წესი გამოყოფს ხოლმე მინისტრთა კაბინეტის ერთ წევრს, რომელიც გაერთიანებულ სხდომას არ ესწრება იმ მიზეზით, რომ თუკი კაპიტოლიუმის შენობაში შეკრებილი ქვეყნის პირველი პირები კატასტროფის ან თავდასხმის მსხვერპლნი გახდებიან, ქვეყნის მართვის სათავეები ამ უკანასკნელმა გადაიბაროს. იმის გამო, რომ წელს კაბინეტის ყველა წევრი სხდომას უშუალოდ არ ესწრებოდა, ადმინისტრაციამ ამ პირის გამოყოფა საჭიროდ არ მიიჩნია.
თუმცა უსაფრთხოების ზომები მაინც განსაკუთრებით მკაცრი იყო. დედაქალაქში წესრიგს კვლავ ეროვნული გვარდია იცავდა, განსაკუთრებით კი 6 იანვარს განვითარებული მოვლენების ფონზე. მაშინ დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა სწორედ პრეზიდენტ ბაიდენის გამარჯვების რატიფიკაციისთვის სცადეს ხელის შეშლა.