ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აპირებს ხელი მოაწეროს განკარგულებას, რომელიც ადგილობრივ ოფიციალურ პირებს მისცემს უფლებას, სწრაფად მოხდეს იმ ადამიანთა დეპორტირება, ან უკან, მექსიკაში გაგზავნა, ვინც სამხრეთ დასავლეთ საზღვრის უკანონო კვეთისას დააკავეს. ეს იმ შემთხვევაში, თუ უკანონოდ საზღვრის გადამკვეთ მიგრანტთა რაოდენობა კონკრეტულ ნიშნულს გადააჭარბებს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "როიტერი" ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, თუმცა მათ ვინაობას არ ასახელებს.
ეს შემზღუდავი მექანიზმი სავარაუდოდ იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუკი დღეში თავშესაფრის მსურველ, საზღვრის დაცვის პოლიციის მიერ დაკავებულთა რაოდენობა დღეში 2 500-ს გადააჭარბებს. ამასთან, ერთ-ერთი წყარო ჟურნალისტებს ეუბნება, რომ უკანონო გადაკვეთის რაოდენობა დღეში 1 500-მდე უნდა ჩამოვიდეს, იმისთვის, რომ თავშესაფრის მთხოვნელების მიმართ შეზღუდვები მოიხსნას.
ეს შეზღუდვა არ შეეხებათ არასრულწლოვნებს, რომლებიც ზრდასრული მეურვის გარეშე კვეთენ საზღვარს.
თეთრ სახლს "როიტერის" მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხი ამ დრომდე არ გაუცია.
საპრეზიდენტო არჩევნებამდე 5 თვით ადრე, შიდა პოლიტიკური საკითხები, მათ შორის მიგრაცია კვლავ აქტუალური თემაა. ბევრი დემოკრატი პრეზიდენტ ბაიდენს ამ მიმართულებით ზედმეტად მკაცრი ზომების მიღების გამო აკრიტიკებს. რესპუბლიკელები კი სამხრეთ საზღვარზე არსებულ მდგომარეობას "კატასტროფულად" მიიჩნევენ და ამაში სწორედ პრეზიდენტ ბაიდენს და მის დემოკრატიულ ადმინისტრაციას ადანაშაულებენ.