ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ სცადა, არ გადაეცა შეერთებული შტატების კონგრესში მიმდინარე გამოძიებისთვის 6 იანვრის მოვლენებთან დაკავშირებული დოკუმენტები. თუმცა, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მისი მეორე მცდელობაც დაბლოკა.
2021 წლის 6 იანვარს ტრამპის მხარდამჭერები ძალის გამოყენებით კონგრესში შეიჭრნენ. ათასობით მომიტინგემ დროებით შეაჩერა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დამტკიცების ფორმალური პროცესი. კანონმდებლების სხდომას კაპიტოლიუმში მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ხელმძღვანელობდა.
როცა ბაიდენმა ტრამპის მცდელობა პირველად დაბლოკა და თეთრი სახლის არქივს უბრძანა, დოკუმენტები კონგრესისთვის 30 დღის განმავლობაში წარედგინა, ყოფილმა პრეზიდენტმა საჩივრით სასამართლოს მიმართა. ტრამპი აცხადებს, რომ საკითხების ის ნაწილი, რომელსაც წარმომადგენელთა პალატის საკონგრესო კომიტეტი იძიებს, ე.წ. აღმასრულებელი პრივილეგიის კატეგორიაში ხვდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ინფორმაცია კონფიდენციალურია და თეთრი სახლის სხვა დანარჩენ კომუნიკაციასთან ერთად, ის ლეგალურად არის დაცული.
კონგრესის სპეციალურ კომიტეტს ჯერჯერობით არ ეძლევა საშუალება დაკითხოს რამდენიმე მნიშვნელოვანი მოწმე. ტრამპის თანაშემწეები და მისი მოკავშირეები აცხადებენ, რომ მათ ტრამპის მიერ არაერთხელ ნახსენები, აღმასრულებელი პრივილეგია იცავთ.
Facebook Forum