ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი სერჟანტი ავღანელ პატიმრებზე გაცვლის შემდეგ გაათავისუფლეს


პრეზიდენტი ობამა სერჟანტ ბერგდალის მშობლებთან ერთად, თეთრი სახლი.
პრეზიდენტი ობამა სერჟანტ ბერგდალის მშობლებთან ერთად, თეთრი სახლი.
პენტაგონის თავკაცმა ჩაკ ჰეგელმა ენ ბი სის ტელევიზიას განუცხადა, რომ ბერგდალი ამერიკის არმიის ჯარისკაცია და რომ შეთანხმებამ, რომელმაც მისი გათავისუფლება გახადა შესაძლებელი, კატარის შუამდგომლობით მიღწეული პატიმართა გაცვლის ოპერაცია იყო. ჰეგელმა ასევე თქვა, რომ პატიმართა გაცვლამდე, კონგრესის ინფორმირებისგან თავის შეკავებას კანონი ითხოვდა.

„ხუთი წლის შემდეგ ბერგდალი სამხედრო ტყვე იყო,“- თქვა ჰეგელმა და აღნიშნა, რომ კონგრესის შეტყობინება გათავისუფლების აქტიდან ოცდაათი დღის განმავლობაში მართლაც მოხდა. ამერიკული მხარე ამერიკელი ჯარისკაცის უსაფრთხოებიდან და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მოქმედებდა. ჰეგელმა მტკიცედ დაიცვა მიღწეული შეთანხმების მიზანშეწონილობა.

კითხვაზე, თუ რამდენად შეუწყობს ხელს აღნიშნული შეთანხმება თალიბებთან სამშვიდობო მოლაპარაკეების განახლებას, ჰეგელმა თქვა, რომ ეს შესაძლოა მართლაც გახდეს შესაძლებელი.

შაბათს, ამერიკელი სერჟანტი ბოუი ბერგდალი ავღანეთში ხუთ წლიანი ტყვეობის შემდეგ გუანტანამოს ბაზაზე 5 თალიბი მებრძოლის გათავისუფლების სანაცვლოდ ამერიკულ სპეცდანიშნულების ძალებს გადასცეს.

ამერიკის პრეზიდენტმა, რომელიც თეთრი სახლიდან მიესალმა საზოგადოებას, განაცხადა, რომ 28 წლის ბერგდალი ამერიკელებს მისი ტყვეობის პერიოდში ახსოვდათ.

ბარაკ ობამა:
„ბერგდალი მის სამშობლოში ახსოვდათ, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატები არასდროს ივიწყებს შეიარაღებულ ძალებში მომსახურე პერსონალს.“

ბარაკ ობამა თეთრ სახლში საუბრისას ბერგდალის მშობლების გვერდიგვერდ იდგა.

ბერგდალის გათავისუფლება კატარის ემირის შუამდგომლობით მიღწეული შეთანხმების შედეგად მოხდა. ობამამ ემირსაც გადაუხადა მადლობა და თქვა, რომ ამერიკა ხუთ ავღანელ დაკავებულს გუანტანამოს ციხეში კატარის მფარველობის ქვეშ გადაიყვანს. თავის მხრივ, პრეზიდენტმა კატარის მთავრობის პირობა დააკონკრეტა, რომ ის ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას დაიცავს.

გავლენიანი ამერიკელი სენატორი ჯონ მაკეინი მიესალმა სერჟანტ ბერგდალის გათავისუფლებას, თუმცა ეჭვის ქვეშ დააყენა პატიმართა გაცვლის ოპერაცია. სენატორმა, ობამას ადმინისტრაციას თხოვა ზუსტად ისაუბროს იმ მოქმედებებზე, რომლებიც გათავისუფლებული ხუთი ავღანელი „ბოროტი და აგრესიული ექსტრემისტის“ მიერ ამერიკის წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობას გამორიცხავს.

ამ ფონზე, ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ამერიკის გადაწყვეტილება ხუთი თალიბი მებრძოლის გუანტანამოში, კატარის მფარველობის ქვეშ გადაყვანის შესახებ, საერთაშორისო ნორმების დარღვევაა. პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისთან დაახლოებული პირის ცნობით, კი „როიტერის“ საინფორმაციო სააგენტო წერს, რომ ჰამიდ კარზაი, ამის შემდეგ კიდევ უფრო მეტი სკეპტიციზმით მიუდგება ამერიკის ზრახვებს ავღანეთში.
XS
SM
MD
LG