ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბენიტესი: ნატოში წევრობა რეფორმებთან და შიდა ერთიანობასთანაა დაკავშირებული


საქართველოში ევროატლანტიკური საბჭოს ვიზიტს და საქართველოს სამხრეთში ჩატარებულ საბრძოლო წვრთნებს, სახელწოდებით „მებრძოლი სული“ ამერიკის ხმასთან ატლანტიკური საბჭოს ბრენტ სკოუკროფტის საერთაშორისო უსაფრთხოების ცენტრის წამყვანი ანალიტიკოსი ვაშინგტონში ჯორჯ ბენიტესი ექსკლუზიურ ინტერვიუში აფასებს.

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი დემონსტრირება იყო, რომ ნატო საქართველოს სერიოზულად აღიქავამს და ის ერთგულია საქართველოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების. ნატოს მაღალი რანგის ვიზიტის დროს ნატოს ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების განხილვა მოხდა. ამით დამტკიცდა, რომ ნატომ გააძლიერა ყურადღება ალიანსის აღმოსავლეთში და შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე და შეფასდა სამომავლო რეფორმებისა და ამოცანების განხორციელება საქართველოში-აცხადებს ვაშინგტონში ატლანტიკური საბჭოს ბრენტ სკოუკროფტის საერთაშორისო უსაფრთხოების ცენტრის წამყვანი ანალიტიკოსი ჯორჯ ბენიტესი.

ჯორჯ ბენიტესი: ჩრდილოატლანტიკური საბჭო იშვიათად იკრიბება ბრიუსელს გარეთ, თუმცა საქართველოში ის მეოთხედ ჩავიდა და ძლიერი სიგნალი აჩვენა საქართველოს მიმართ. ნატო-საქართველოს შორის არსებული არსებითი პაკეტი, ასევე ერთობლივი სასწავლო ცენტრი, ძალიან ღირებული ნაბიჯებია ორმხრივ ურთიერთობებში. თუმცა-ნატო საქართველოს ურთიერთობა, როგორც გამოჩნდა, ღრმავდება, ძლიერდება, როგორც მრავალმხრივი თანამშრომლობის ისე ორმხრივი ურთიერთობების კუთხით. ახლა კავკასიასა და კერძოდ, საქართველოში ნატოს ბევრად მეტ აქტივობას აქვს ადგილი და მთლიანობაში, ამ რეგიონს უფრო მეტი ყურადღება ექცევა ნატოში. საბჭოს ვიზიტი საქართველოში ამის კიდევ ერთი დასტურია.

ნატოს სამოქმედო გეგმის არქონის პირობებში, იქმნება თუ არა იმის განცდა, რომ ეს პროცესი უსასრულოდ გაიწელა და წევრობაც გვიანდება? ბენიტესი გვეუბნება, რომ წევრობა შიდა რეფორმებთან, მთავრობის ერთიან პოზიციასთან და რაც მთავარია-ალიანსის ყველა წევრის შემთხვევაში დიდ დროსთან და მოთმინებასთან არის დაკავშირებული.

ჯორჯ ბენიტესი: წევრობისკენ სვლა გრძელი პროცესია, თუმცა ტემპს ორივე მხარე აყალიბებს. ერთის მხრივ, ეს არის თბილისი და მეორეს მხრივ, ნატოს წევრი სახელმწიფოები. ის, თუ რამდენად მეტია სოლიდარობა, ერთიანობა საქართველოს მთავრობის შიგნით პოლიტიკური თუ სამხედრო რეფორმების გატარების მიმართულებით, ძალიან ბევრს განსაზღვრავს, რაც უფრო მალე და აქტიურად მოხდება ეს, გაწევრიანების ტემპიც უფრო სწრაფი იქნება.

ატლანტიკური საბჭოს ექსპერტი ფიქრობს, რომ საქართველოში ნატოს წევრი ქვეყნების მონაწილეობით გამართული სამხედრო წვრთნები რეგიონში უნიკალური თანამშრომლობის პრეცედენტია და მათი ეფექტურად განხორციელებით, ალიანსმა რუსეთს, რეგიონში მისი გაზრდილი მზადყოფნა და აქტიური მიდგომა აჩვენა

ჯორჯ ბენიტესი: ამერიკის ჯარის, ისევე როგორც ალიანსის წევრების წვრთნებში ჩართულობა ეფექტურად ხდება. ამერიკელი საზღვაო ქვეითები კავკასიაში პირველად მონაწილეობენ ერთობლივ სამხედრო სიმულაციებში. ეს პირდაპირი ნიშანია რუსეთისთვის, რომ რეგიონში ნატო ძლიერდება. ეს ასევე პასუხია რუსეთის სამხედროების მზარდ კონცენტრაციაზე რეგიონში, რაც ჩვენს შეშფოთებას იწვევს.

ევროპაში ამერიკის არმიის სარდალმა გენერალმა ბენ ჰოჯესმა ცოტა ხნის წინ ამერიკის ხმას უთხრა, რომ მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები შეერთებული შტატების მიერ საქართველოსადმი მხარდაჭერის გამოხატულებაა და რომ საქართველო სინამდვილეში ევროატლანტიკური თანამეგობრობის მნიშვნელოვანი ნაწილია.

XS
SM
MD
LG