ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დამკვირვებლები ბელორუსის არჩევნებს აკრიტიკებენ


ბელორუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ლიდია ერმოშინას განცხადებით, მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებზე მონაწილეთა რიცხვმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. საარჩევნო ოლქებზე მოსახლეობის დაახლოებით 50-დან 70 პროცენტამდე გამოცხადდა. ბელორუსმა ქვეყნის ახალ პარლამენტში 109 დეპუტატი აირჩია.

საერთაშორისო დამკვირვებლები არჩევნებს მკაცრად აკრიტიკებენ, ამბობენ რა, რომ ის დასაწყისშივე არაკონკურენტუნარიანი იყო. ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციამ ქვეყანაში 300-ზე მეტი დამკვირვებელი გააგზავნა. საერთაშორისო მონიტორთა მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებში ნათქვამია, რომ:

„თავისუფალი არჩევნები დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად თავისუფლად გამოხატავს ხალხი საკუთარ აზრს, რამდენად თავისუფლად ხდება საარჩევნო კამპანიის ორგანიზება და მართვა“.

დღევანდელ არჩევნებზე ამ რამდენიმე აუცილებელი კომპონენტიდან არცერთი დაფიქსირებულა, აღნიშნავენ დამკვირვებლები. მათი აზრით, საპარლამენტო არჩევნების ადმინისტრატორებიც ძალზე მიკერძოებულები იყვნენ.

ოპოზიციამ არჩევნებს უამრავი დარღვევის გამო ბოიკოტი გამოუცხადა და მასში მონაწილეობაზე თავიდანვე უარი თქვა. შესაბამისად, ახალ პარლამენტში პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს მხარდამჭერები დომინირებენ.
XS
SM
MD
LG