საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პირველად ჩავიდა ბელარუსში, რომელსაც უკვე 22 წელია ალექსანდრ ლუკაშენკო მართავს. ეს არის საპასუხო ვიზიტი, მას შემდეგ, რაც 2015 წლის აპრილში, პრეზიდენტი ლუკაშენკო პირველად ეწვია საქართველოს. ნიშანდობლივია, რომ ევროკავშირმა ბელარუსის პოლიტიკურ ელიტას, მათ შორის ლუკაშენკოს, სანქციები მხოლოდ ერთი თვის წინ მოუხსნა.
მინსკმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და დაინტერესებულია, ქართული პროდუქციის რეექსპორტით ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სივრცეში. პარალელურად, სურს, ერთობლივი, ქართულ-ბელარუსული, საწარმოების შექმნა, რომლებიც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ამოქმედებულ, თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) პრეფერენციებით ისარგებლებენ. მთავარი მიზანი - ორ ქვეყანას შორის ტვირთბრუნვის 200 მილიონ დოლარამდე გაზრდაა. პრეზიდენტმა ლუკაშენკომ კერძოდ ბრძანა:
„რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, ჩვენ განსხვავება პრაქტიკულად არ გვაქვს. არ აქვს მნიშვნელობა რა კურსი აირჩია საქართველომ და რომელ კურსს ვემხრობით ჩვენ, თქვენ ეს იცით და ჩვენც ვიცით, მიუხედავად ამისა, ეს არ გვიშლის ხელს, განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები. ყველა ხალხს და სახელმწიფოს აქვს საკუთარი ინტერესები.“
მინსკიდან თითქმის 5000 კილომეტრის მოშორებით კი, რიადში საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილი, საუდების სამეფოს დინასტიის წინამძღოლს, საუდის არაბეთის მეფეს, 80 წლის სალმანს შეხვდა. საუდის არაბეთთან დიპლომატიური ურთიერთობა საქართველომ 1994 წელს დაამყარა, საელჩო რიადში 20 წლის შემდეგ გაიხსნა, თუმცა, აქამდე სახელმწიფო ვიზიტით არაბეთში არავინ ჩასულა.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეს არის მეექვსე აზიური ქვეყანა (ირანი, ჩინეთი, ინდონეზია, კორეა, იაპონია, საუდის არაბეთი) რომელიც უსუფაშვილმა მოინახულა. მხარეებმა იმსჯელეს ინვესტიციების გაზრდაზე, მათ შორის, სამხედრო სფეროში. რაც, იანვარში, სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორის“ პირველი პარტია შეიძინა, საუდის არაბეთის სამეფო სერიოზულად არის დაინტერესებული ქართული წარმოების სამხედრო ტექნიკით. დავით უსუფაშვილმა ვიზიტის შემდეგ აღნიშნა, საუდის არაბეთიც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ლტოლვილთა დაბრუნებას ოკუპირებულ ანკლავებში.
ისეთი ძლიერი და გავლენიანი ქვეყანა, როგორიც არის საუდის არაბეთი, რომელიც მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტაში თავის სიტყვას ამბობს, არის დაინტერესებული საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობებით.დავით უსუფაშვილი
„ისეთი ძლიერი და გავლენიანი ქვეყანა, როგორიც არის საუდის არაბეთი, რომელიც მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტაში თავის სიტყვას ამბობს, არის დაინტერესებული საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობებით.
ძალიან საყურადღებო იყო მეფე სალმანის მითითებები თავისი კაბინეტის წევრებისთვის, რომ გააქტიურდეს მუშაობა საქართველოს მიმართულებით. მან სპეციალურად აღნიშნა და ხაზი გაუსვა, რომ ჩვენ გვექნება საუდის არაბეთის მხარდაჭერა გაეროს ლტოლვილთა რეზოლუციის საკითხში.“
მაშინ, როცა მინსკსა და რიადში, საქართველოს პრემიერი და პარლამენტის თავჯდომარე შეხვედრებს მართავდნენ, თბილისში, ოფიციალური ვიზიტით, აშშ-ს ევროპული სარდლობის მეთაური, გენერალი ფილიპ ბრიდლავი და ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარი სესილია მალმსტრომი იმყოფებოდნენ.
ევროკომისარმა გამოაცხადა, რომ ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად ამოქმედდა ახალი პროგრამა - EU4Business Initiative, რომელსაც ევროკავშირი 62 მილიონი ევროთი დააფინანსებს. ევროპაში ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების უმაღლესმა სარდალმა გენერალმა ბრიდლავმა კი დღეს პრეზიდენტ მარგველაშვილისგან ოქროს სარწმისის ორდენი მიიღო.