ევროპის უკანასკნელი დიქტატორის მეოთხედ არჩევის შემდეგ, ოფიციალური თბილისის ძირითადი სტრატეგიული პარტნიორები: პოლონეთი, ლიტვა და ესტონეთი, ისევე როგორც მთელი ევროკავშირი, ბელორუსში გამართულ არჩევნებს "ძალადობრივს, არათავისუფალს და არადემოკრატიულს" უწოდებენ, ამერიკის შეერთებული შტატები კი ალექსანდრე ლუკაშენკოს არჩევას "არალეგიტიმურად" მიიჩნევს.
ამ ფონზე, საქართველოს საგარეო უწყების წინასწარი შეფასება ნეიტრალურად და ლუკაშენკოს მხარდამჭერადაც კი შეიძლება შეფასდეს. მსგავსი ტონის შემცველი განცხადება ევროპაში მხოლოდ რუსეთმა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) სადამკვირვებლო მისიამ გააკეთეს.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ კერძოდ თქვა, რომ თბილისს ბელორუსიასთან არსებული კარგი ურთიერთობების გაღრმავება სურს:
„შეფასება ნაადრევი იქნება, იმდენად, რამდენადაც არჩევნები არ დასრულებულა. ჯერ კიდევ გადათვლის პროცესში იმყოფება საარჩევნო შედეგები. რასაკვირველია, ჩვენ დიდი ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს. ჩვენს ინტერესშია, რომ ბელორუსიაში ჩატარდეს სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები.
ბელორუსიის სახელმწიფოსთან, ისევე როგორც ბელორუს ხალხთან ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაკავშირებს. ამ ურთიერთობების გაღრმავება გვსურს, როგორც ხალხთა შორის ურთიერთობების, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით და ამ მიმართულებით ბევრი საინტერესო გეგმა გვაქვს.“
თუ ბელორუსიის 2006 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს გავიხსენებთ, დავინახავთ, რომ საქართველომ მინსკთან ურთიერთობის ვექტორი 180 გრადუსით შეცვალა. მაშინ არჩევნებზე ქართველი დამკვირვებლების არდაშვების გამო საქართველოს საგარეო უწყება ლუკაშენკოს რეჟიმს დიქტატორულს და „ევროპის რუქაზე არსებული პოლიტიკური გაუგებრობას“ უწოდებდა.
ოთხი წლის წინ სააკაშვილის ხელისუფლება აქტიურად ცდილობდა მინსკში არსებული ოპოზიციური სტუდენტური მოძრაობა „ზუბრის“ გაძლიერებას, თუმცა ლუკაშენკოს რეჟიმმა, მაშინ პოპულარული „კმარას“ ორი ქართველი აქტივისტი, მათ შორის გიორგი კანდელაკი, რომელიც დღეს პარლამენტის წევრია, ორი კვირით ციხეში გამოკეტა.
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომიტეტის თავჯდომარე შოთა მალაშხია ამბობს, რომ თბილისის ახალი სტრატეგია ახალი მოთხოვნებიდან გამომდინარეობს:
„საქართველოს პრეზიდენტი გაცდა პრაქტიკულად რეგიონის ფარგლებს. ის პრაქტიკულად დსთ-ს ფარგლებში შეიჭრა, საიდანაც ჩვენ გამოვედით, მაგრამ რეალურად უკვე რუსეთს ვავიწროვებთ.
მისი ჩასვლა იგივე უკრაინაში, ეს იყო ამის დადასტურება. იგივე არის ბელორუსიასთან მიმართებაში. იგივე დამოკიდებულება აქვთ შუა აზიის რესპუბლიკებს და მათ ინვესტიციებს ხედავთ საქართველოში.“
ბელორუსიისა და საქართველოს დაახლოება 2007 წლის სექტემბერში დაიწყო, როცა მინსკს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ეწვია. უკვე 2008 წელს, რუსულ-ქართული ომის დროს, ლუკაშენკომ რუსების მხარე დაიჭირა და მოსკოვს ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას დაპირდა.
მოგვიანებით, ბელარუსმა "ბაწკამ" აღიარების თემით მოსკოვთან ვაჭრობა დაიწყო, რის გამოც თავს რუსული მძვინვარება დაიტეხა. საპასუხოდ, ლუკაშენკომ სააკაშვილის ინტერვიუ ბელორუსიის ცენტრალური არხითაც გაუშვა.
ახლახანს, „ვიკილიქსის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალებით ცნობილი ხდება, რომ ლუკაშენკო გაწბილებული დარჩენილა ევროკავშირის პოზიციით, რომელმაც მინსკს აფხაზეთის და ოსეთის არაღიარების სანაცვლოდ კრედიტები არ მისცა.
ცნობილი რუსი ჟურნალისტი ნიკოლაი სვანიძე ფიქრობს, რომ ლუკაშენკო უფრო იყენებს სააკაშვილს, ვიდრე სააკაშვილი ლუკაშენკოს:
„სააკაშვილს რა თქმა უნდა აწყობს ლუკაშენკოსთან მეგობრობა, მით უმეტეს, რომ ლუკაშენკო ამის უფლებას აძლევს და რბილ ფორმაში უთხრას, რომ აი, მოდი ლუკაშენკო ზურგი შევაქციოთ რუსეთს და შემოვტრიალდეთ სახით ევროპისკენ. ლუკაშენკო კი არ ებმევა ამაში, ამ შემთხვევაში სააკაშვილთან დუეტში, ის პასიურ როლს სულაც არ თამაშობს, ის გათვითცნობიერებულად მიდის იმაზე, რომ თქვას: აი შეგვხედეთ, ჩვენ სააკაშვილთან ვმეგობრობთ!
ვის წინააღმდეგ ვმეგობრობთ? ჩვენ თქვენს წინააღმდეგ ვმეგობრობთ! აი, ამას ეუბნება ის რუსეთს! მე ასე ვიტყოდი, ლუკაშენკო იყენებს სააკაშვილს, სააკაშვილს ეს რა თქმა აწყობს, იმიტომ რომ მისი ურთიერთობა რუსეთთან ცნობილია. ლუკაშენკო ეს არის ადამიანი, რომელიც რუსეთ-ბელორუსიის ურთიერთობაში კოზირს იყენებს ისე, როგორც ეს იმ მომენტში მას აწყობს, საკუთარი ძალაუფლების გადასარჩენად.“
შეუძლია, თუ არა თბილისს მშვიდად იყოს იმის გამო, რომ მინსკი არასოდეს სცნობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას?! ექსპერტები ფიქრობენ, ლუკაშენკო მომავალი ხუთი წლის მანძილზეც გააგრძელებს ერთდროულად შანტაჟისა და დაბალანსების პოლიტიკას, როგორც რუსეთის, ისე ამერიკისა და ევროკავშირის მიმართ.
შესაბამისად, არაღიარების თემასაც სავაჭროდ გამოიყენებს ისე, როგორც მისი რეჟიმის ინტერესებში იქნება. საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ამბობს:
„თქვენ მოგეხსენებათ ბატონო ლუკაშენკოს პიროვნული თვისებები. მისთვის პოლიტიკაში პრინციპებზე უფრო მნიშვნელოვანი კონიუნქტურაა. ამიტომ, იმის პროგნოზირება, თუ რა მოხდება მომავალში, რა თქმა უნდა ადვილი არ არის.
იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მინსკი თავის უკვე გაცხადებულ პოზიციას არაღიარებასთან დაკავშირებით, არ შეიცვლის. ბატონი ლუკაშენკო სწორედ ამ ტიპის პოლიტიკოსია, რომელიც დგამს იმ ნაბიჯებს, რომელსაც იმ წუთში აუცილებლად თვლის ერთი პრინციპის რეალიზაციისთვის, რომელიც მისთვის მართლაც ძვირფასია. ეს არის საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება.“
საქართველოს პრეზიდენტს ბელორუსი კოლეგისთვის ოფიციალურად ჯერ კიდევ არ მიულოცია საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება. თუმცა ეს უკვე გააკეთა სააკაშვილის ერთ-ერთმა საყვარელმა მომღერალმა.
ბუბა კიკაბიძემ, ბელორუსიის ოპოზიციის დარბევის მიუხედავად, გუშინ, მინსკში, დიდი კონცერტი გამართა. ეს ღონისძიება დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ იყო ორგანიზებული და მას სახელმწიფო მინისტრი პაპუნა დავითაიაც ესწრებოდა.