ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის ლიდერები პრეზიდენტ ტრამპს შეხვდნენ. ლიტვის პრეზიდენტთან დალია გრუბაუსკაიტესთან, ესტონეთის პრეზიდენტთან კერსტი კალიულაიდთან და ლატვიის პრეზიდენტთან რაიმონდს ვეიონისთან ერთად, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრესკონფერენცია გამართა.
"არავინ ყოფილა ჩემზე უფრო მკაცრი რუსეთთან", - განაცხადა ტრამპმა.
რუსეთის მიერ ყირიმის აგრესიის შემდეგ, ესტონეთს, ლატვიას და ლიტვას რუსეთის რეგიონული სამხედრო ექსპანსია კიდევ უფრო აშფოთებთ. სამი ქვეყანა მხადაა გაზარდოს თავდაცვის ხარჯები, თუმცა მათ წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში, ისინი ნატოს მოკავშირეებს ეყრდნობიან.
ლიტვის პრეზიდენტმა, პრეზიდენტმა გრუბაუსკაიტემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მან პრეზიდენტ ტრამპთან იხუმრა, რომ ნატოს "სჭირდება ლიდერი, თუნდაც არაპროგნოზირებადი ლიდერი". "ჩვენ ვხედავთ მსგავს ლიდერშიფს პრეზიდენტ ტრამპისგან", - აღნიშნა მან.
მთავარი განსახილველი საკითხები თავდაცვა, კიბერუსაფრთხოება და ტერორიზმი იყო. ბალტიის ქვეყნები ამერიკისგან მუდმივ როტაციულ წარმომადგენლობას ითხოვენ ნატო-რუსეთის საზღვარზე.
ტრამპმა რუსეთთან ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას შეუძლია რუსეთთან ურთიერთობების გამოსწორება.
"მე ვფიქრობ, შემიძლია რუსეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდეს და პრეზიდენტ პუტინთან, ეს კარგი იქნებოდა. მაგრამ ასევე არის დიდი შანსი იმის, რომ ეს არ მოხდება. ვინ იცის", - თქვა ტრამპმა.
პრესკონფერენციაზე შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიმართ დაისვა კითხვა ამერიკის მიერ სირიის დატოვების თაობაზე. პრეზიდენტ ტრამპის განცხადებით, მას სურს ამერიკელი სამხედროები სახლში დაბრუნდნენ.
"ჩვენ მთავარი მისია დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" დამარცხება იყო. ჩვენ თითქმის დავასრულეთ ამაზე მუშაობა და ძალიან სწრაფად მივიღებთ გადაწყვეტილებას, სხვებთან კოორდინირების საფუძველზე, თუ რა გავაკეთოთ... მე მინდა დავტოვოთ [სირია]. მინდა ჩვენი სამხედროები სახლში დავაბრუნო", - თქვა მან.
პრესკონფერენციამდე, თეთრ სახლში შეხვედრისას, ლიტვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მათ ნატოზე და საერთო თავდაცვაზე ისაუბრეს.
„ჩვენ ერთიანი მოლოდინი გვაქვს, რომ შეერთებული შტატები ნატოს საფუძვლიანი რეფორმის მიმართულებით იმუშავებს, განსაკუთრებითს გადაწვეტილების მიღების საკითხებზე, სიმტკიცეზე... ამერიკის გარეშე ეს შეუძლებელია“, - თქვა მან.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ნატოს მოკავშირეების მხრიდან თავდაცვის ხარჯების გაზრდის აუცილებლობას. „ჩვენ აღვნიშნავთ განახლებული პარტნიორობის 100 წლის თავს ჩვენს ქვეყნებს შორის“, - თქვა მან. ტრამპის განცხადებით, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ერთად, ამერიკა „ორმხრივი ვაჭრობის და ინვესტიციების“ საკითხს განიხილავს. მისი თქმით, "ამერიკას აქვს ღრმა და ხანგრძლივი მეგობრული ურთიერთობა ბალტიის ქვეყნებთან".
ტრამპმა სამი ქვეყნის ლიდერს დამოუკიდებლობიდან 100 წლისთავი მიულოცა. "ჩვენ თქვენთან ვართ. ბალტიის ქვეყნები ერთგული მეგობრები და მოკავშირეები არიან", - აღნიშნა მან.
სამი ქვეყნის ლიდერი ამერიკა-ბალტიისპირეთის ბიზნეს ფორუმში მიიღებს მონაწილეობას და კვლევით ინსტიტუტში, ატლანტიკურ საბჭოში, ღონისძიებას გამართავს.
2016 წლიდან მოყოლებული, პრეზიდენტმა ტრამპმა რამოდენიმეჯერ გააკრიტიკა ნატოს წევრი ქვეყნები, რომლებიც, მისი თქმით, არ ასრულებენ თავდაცვითი ხარჯების ბიუჯეტის 2%-ით შესრულების პირობას. რამდენიმე თვის წინ ნატოში სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა ტრამპმა ნატოს ქარტიის მეხუთე მუხლი, რომელიც კოლექტიურ თავდაცვას ეხება, არ ახსენა. თუმცა, მოგვიანებით ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ამერიკის მხრიდან ერთიანი თავდაცვის მხარდაჭერა გაახმოვანა.
Facebook Forum