ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომლის მშენებლობაც 2007 წელს დაიწყო და სამ წელიწადში უნდა დასრულებულიყო, სავარაუდოდ, 2017 წლამდე არ გაიხსნება. აზერბაიჯანული წყაროების ცნობით, პრობლემებია, როგორც მეგაპროექტის დაფინანსების საკითხში, ისე სერიოზული ჩამორჩენაა მშენებლობის გრაფიკში.
განსაკუთრებით რთული სიტუაციაა თურქეთის ტერიტორიაზე, სადაც პროექტის მიხედვით, რკინიგზის 76 კილომეტრიანი მონაკვეთი შენდება. აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელმა ჯავიდ გურბანოვმა, რომელიც ახლახანს, თბილისში „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ იმყოფებოდა აღნიშნა, რომ თურქულ მხარეს რკინიგზის ლაინდაგის მოწყობა ანუ მიწისზედა სამუშაოები საერთოდ არ დაუწყია.
სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ საუკუნის პროექტად წოდებული, ევროპა-აზიის დამაკავშირებელი, „ახალი აბრეშუმის რკინის გზა“ერთბაშად რამდენიმე სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდა
„თავიდანვე, ეს რკინიგზის პროექტი, განსაკუთრებით, თურქეთის მონაკვეთი ბევრ კითხვას აჩენდა. მოგეხსენებათ, იქ სულ 76 კილომეტრია და ისეთ ქვეყანას, როგორიც თურქეთია, თითქოს არ უნდა გასჭირვებოდა ამის გაკეთება. თუმცა, აღმოჩნდა რომ დიდ ფულს იპარავდნენ ამ შენებელობაზე, როგორც ჩანს, ამის შესახებ, სხვათა შორის პირდაპირ თქვა, ყარსის გუბერნატორმა. სერიოზული პრობლემები შეიქმნა კონტრაქტორებთან საპარლამენტო არჩევნების გამოც.
თუმცა, ეს მედლის მხოლოდ ერთი მხარეა, მეორე მხარე ის, არის, რომ აღმოსავლეთ თურქეთში უაღრესად რთული ვითარებაა, ასე რომ რკინიგზის მშენებლობაში შეფერხება, შეიძლება გაგრძელდეს.“
მწვავე სამთავრობო კრიზისმა თურქეთში, ბოლო ორი წლის განმავლობაში სამმა(მუნიციპალური, საპრეზიდენტო, საპარლამენტო) არჩევნებმა და ქურთი სეპარატისტების გააქტიურებამ, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის ტემპს სერიოზული დაღი დაასვა.
კონტრაქტორ სამშენებლო კომპანიებთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ჯერ კიდევ სექტემბერში ღიად ისაუბრა თურქეთის პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა ბინალი ილდირიმმა. მან თქვა, რომ პრეზიდენტმა ერდოღანმა პირად კონტროლზე აიყვანა, მნიშვნელოვანი რეგიონული პროექტი.
კვირას, კი საქართველო-თურქეთის საზღვაზე, ახალი საავტომობილო საბაჟო-გამშვები პუნქტის „კარწახის“ გახსნაზე, თურქეთის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრმა ჯენაფ აშჯმა, მშენებლობის ნელი ტემპი მძიმე სამშენებლო გარემოთი ახსნა.
„ჩვენ შევეჯახეთ იმაზე მძიმე გრუნტს, ვიდრე წარმოგვედგინა. ახლა სრულდება გვირაბების მშენებლობა. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას ექსპლუატაციაში მივიღებთ თუ წელს არა, მომავალი წლის ბოლოს მაინც. ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ აზერბაიაჯანის, საქართველოსა და თურქეთისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.“
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სიგრძე, პროექტის მიხედვით, 826 კილომეტრია. აქედან საქართველოს ტერიტორიაზე, 254 კილომეტრი გაივლის. მარაბდა-კარწახის სრულიად ახალი, სარკინიგზო მონაკვეთის სიგრძე კი, თითქმის 159 კილომეტრია. სატესტო მატარებელმა აქ სიმბოლურად, 2015 წლის იანვარში გაირა, მაისში დასრულდა, კარწახთან ახლოს, სარკინიგზო გვირაბის გაჭრა, თუმცა 775 მილიონიან პროექტს ისევ სიძნელეებთან გამკლავება უწევს.
ქართული და აზერბაიჯანული მხარეები ირწმუნებიან, რომ მარაბდა-კარწახის რკინიგზის მონაკვეთი 2015 წლის ბოლოსთვის, ექსპლუატაციისთვის მზად იქნება. თურქული მხარე კი კარწახი-ყარსის სარკინიგზო უბნის დასრულებას მხოლოდ 2016 წლის ნოემბრისთვის გეგმავს. ისიც იმ შემთხვევაში, თუ 1 ნოემბერს დანიშნული, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თურქეთში, მშვიდად ჩაივლის და სამთავრობო კრიზისს ბოლო მოეღება.