ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება


აზერბაიჯანის მოსახლეობა ოთხშაბათს ვადამდელ არჩევნებში პრეზიდენტს ირჩევს. დიდი ალბათობით, არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი გაიმარჯვებს და ის კიდევ შვიდი წლის ვადით დაიკავებს პოსტს. ალიევის პოპულარობა გაიზარდა, მას შემდეგ, რაც მისმა მთავრობამ მთიანი ყარაბაღის რეგიონზე კონტროლი დაიბრუნა.

62 წლის ალიევი 20 წელზე მეტია პრეზიდენტის პოსტს იკავებს. თანამდებობაზე მან 2003 წელს, მამამისი ჩაანაცვლა. აზერბაიჯანი ხშირად ექცევა კრიტიკის ქვეშ ქვეყანაში დემოკრატიული ოპოზიციის შევიწროების და მედიის თავისუფლების შეზღუდვის გამო. კენჭისყრაში, ტრადიციულად, ის ხმების 85%-ზე მეტს იღებს.

არჩევნებს აზერბაიჯანის უფლებადამცველი ჯგუფები აფასებენ, როგორც "არათავისუფალს და არასამართლიანს". აზერბაიჯანის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ არჩევნები სამართლიანი და გამჭვირვალეა.

ორმა მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა. ალიევს ექვსი ნომინალური მოწინააღმდეგე ჰყავს.

ალიევმა ვადამდელი არჩევნები მას შემდეგ დანიშნა, რაც აზერბაიჯანის ჯარმა კონტროლი დაიბრუნა ყარაბაღის რეგიონზე ეთნიკურად სომხური ძალებისგან, რომლებიც მას სამი ათეული წლის განმავლობაში მართავდნენ. არჩევნები თავდაპირველად, 2025 წლის ოქტომბერში იყო დაგეგმილი.

ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ალიევმა არჩევნები იმისთვის გადმოიტანა, რომ ყარაბაღის გამო თავისი გაზრდილი პოპულარობა სათანადოდ და დროულად გამოიყენოს.

აზერბაიჯანი, ნავთობით და გაზით მდიდარი ქვეყანა, ნოემბერში გაეროს COP29 კლიმატის მოლაპარაკებებს უმასპინძლებს. ქვეყნის ენერგორესურსებს ცენტრალური ადგილი უკავია ევროპის გეგმებში უკრაინაში ომის ფონზე რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამომრჩეველთა 70%-ზე მეტმა ხმა 11-საათიანი კენჭისყრის პირველი ცხრა საათის განმავლობაში მისცა.

ალიევმა განაცხადა, რომ სურს არჩევნები "ახალი ეპოქის დასაწყისი იყოს“. პრეზიდენტმა ხმა მთიანი ყარაბაღის რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრში, ხანკენდიში მისცა, რომელსაც ეთნიკური სომხები სტეფანაკერტს უწოდებენ. ესაა რეგიონი, რომელიც საერთაშორისოდ ცნობილი იყო, როგორც მთიანი ყარაბაღი და მიმდებარე ტერიტორიის დიდი ნაწილი 1994 წელს სომხეთის მიერ მხარდაჭერილი ეთნიკური სომხური ძალების სრული კონტროლის ქვეშ მოექცა.

აზერბაიჯანმა ყარაბაღის და მიმდებარე ტერიტორიის უმეტესი ნაწილი 2020 წელს ექვსკვირიან ომში დაიბრუნა, რომელიც მოსკოვის შუამავლობით დადებული ზავით დასრულდა. 2022 წლის დეკემბერში აზერბაიჯანმა დაიწყო რეგიონის სომხეთთან დამაკავშირებელი გზის ბლოკირება, რამაც საკვებისა და საწვავის დეფიციტი გამოიწვია, შემდეგ კი ამას სექტემბრის თვეში დაპირისპირება მოჰყვა. ამ დროს ბაქომ რეგიონზე კონტროლი სრულად აღადგინა. ამის შემდეგ წარმოშობით სომეხმა 100 000-ზე მეტმა მოქალაქემ რეგიონი დატოვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG