ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავდასხმა ჟურნალისტებზე მიუღებელია - ამერიკის საელჩო


"თავდასხმა ჟურნალისტებზე მიუღებელია,"- ასე ეხმაურება საქართველოში ამერიკის საელჩო ტელეკომპანია "ფორმულას" მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც ტელეკომპანია 8 აპრილს მის 2 თანამშრომელზე თავდასხმის ფაქტზე საუბრობს.

"ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გმობს ტელეკომპანია ფორმულას თანამშრომლებზე გუშინ განხორციელებულ თავდასხმისა და ვანდალიზმის ფაქტს. ამას წინ უსწრებდა თებერვალში, ფორმულას ჟურნალისტის ვახო სანაიას ცემის ინციდენტი. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ჩაატაროს ამ შემთხვევების სწრაფი, სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიება.

თავდასხმა ჟურნალისტებზე მიუღებელია. დემოკრატიულ სახელმწიფოებში ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ თავისუფლება და შეეძლოთ საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელება. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მათ შესძლონ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება საზოგადოების ინფორმირების, სახელმწიფო ინსტიტუციებისა და მთავრობის ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად,"- წერია საელჩოს განცხადებაში.

მანამდე საგანგებო განცხადება გააკეთა ტელეკომპანია "ფორმულას" გენერალურმა დირექტორმა ზუკა გუმბერიძემ, სადაც მან დეტალურად ისაუბრა მომხდარის შესახებ.

"ეს არ იყო ჩვეულებრივი კრიმინალური შემთხვევა. მანქანიდან არც არაფერია ამოღებული. ადგილზე მივიდა პატრული, თუმცა არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია რა ხდება გამოძიების მიმდინარეობაზე,"- თქვა "ფორმულას" გენერალურმა დირექტორმა.

რაც შეეხება თანამშრომელს, რომელსაც თავდასხმის შედეგად ფიზიკური დაზიანებები აქვს, გუმბარიძემ მისი სახელი და გვარი მისივე თხოვნით, არ დაასახელა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG