მუზეუმის შესასვლელში მდგარი გრანდიოზული სკულპტურული ნამუშევარი მანქანის ბამპერებისგან არის დამზადებული. გუგენჰაიმის სპირალურად დახვეული თეთრი აივნებიდანაც ავტომობილის ნაწილებით დამზადებული ექსტრავაგანტული ფიგურები იმზირებიან. მუზეუმის მესვეურები ხუმრობენ, რომ იქაურობა დროებით ნიუ იორკულ მანქანის სადგომს დაემსგავსა.
გამოფენის ავტორი ჯონ ჩემბერლენია, რომელიც 2011 წლის დეკემბერში 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. გამოფენის კურატორი სიუზან დევიდსონი ამბობს, რომ სამგანზომილებიანი კოლაჟებისგან შემდგარი ექსპოზიცია სახელწოდებას ამართლებს. გამოფენას თავად სკულპტორმა „არჩევანი“ უწოდა.
“მას შეეძლო ფერები ძალზე საინტერესოდ შეეხამებინა, სხვადასხვა ფორმები ერთმანეთისთვის შეერწყა, მეტალის ხმაც კი შეერჩია აწყობის დროს“ - ამბობს ქალბატონი დევიდსონი.
ჩემბერლენს უნიკალური თვისება ჰქონდა ყოველდღიური, უსახური მასალა არაჩვეულებრივ, იშვიათ სანახაობად ექცია. ზოგიერთი აბსტრაქცია პლასტმასით, ან ალუმინის ფოლგით არის დამზადებული. მთავარი სამუშაო მასალა კი მაინც ავტომობილის ნაწილები იყო.
მუზეუმის დირექტორი რიჩარდ არმსტრონგი ამბობს, რომ ჩემბერლენის ნამუშევრები სრულიად გამორჩეულია.
“იმ თავისუფალი სულის განასახიერებაა, რომელმაც მე-20 საუკუნის შუახნის ხელოვნების სტილი განსაზღვრა და დააკანონა“ - აღნიშნავს გუგენჰაიმის დირექტორი.
გამოფენის კურატორის, სიუზან დევიდსონის თქმით რიჩარდ ჩემბერლენი იმ ამერიკული თაობის მეამბოხე სულის ნაწილია, რომელმაც თავის დროზე როკენროლის ლეგენდა, ელვის პრესლი წარმოშვა.
ჩემბერლენის სკულპტურული ნამუშევრები კედლებისგან მოცილებით დგას, რათა დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდეს ისინი ყველა კუთხიდან იხილოს. მწერალი დებორა ბერგი ამბობს, რომ ფიგურები ადამიანში უსაზღვრო წარმოსახვის უნარს აღვიძებს:
“ყოველ ჯერზე რაღაც ახალს, განსხვავებულს პოულობ. ახლა, უკან რომ დავბრუნდე გამოფენის იმავე ნაწილში, დარწმუნებული ვარ, სრულიად ახალ ფიგურას ვნახავ“.
გამოფენას ნიუ-იორკელებთან ერთად ქალაქის სტუმრებიც ათვალიერებენ. ვანეტ ბანაჯი ლუიზიანის შტატიდანაა. ის ამბობს, რომ თავიდან გამოფენა არ მოეწონა, რადგან შორიდან მართლაც ჯართსაყარს გავდა.
“შემდეგ აივნებს ზემოთ ავუყევი და ყველაფერმა უცებ თითქოს აზრი და შინაარსი შეიძინა. უფრო საინტერესო გახდა. თითქოს ხელოვანის ხელწერა, მუშაობის სტილიც განვითარდა და შეიცვალა“ - აღნიშნავს ვიზიტორი.
ირლანდიელი დეკლან კენედი მუზეუმის არქიტექტურით უფრო მოიხიბლა, ვიდრე თავად გამოფენით.
“დიდი რაოდენობით დაღრეცილ მეტალს გავს. ასე რომ სრულებით არ მიზიდავს“ - ამბობს ის.
სიუზან დევიდსონის თქმით ჩემბერლენის საიდუმლო მის წარმოსახვის უნარში და არაორდინალურ ბუნებაში უნდა ვეძებოთ. ის, რასაც ხელოვანს ვერავინ წაართმევს, მისი უცნაურობა, ახირებულობა და გამორჩეულობაა - დასძენს გამოფენის კურატორი.