პაკისტანში დაფუძნებული თალიბანის ქსელის ლიდერი აცხადებს, რომ მისი დაჯგუფება მოლაპარაკებებს აწარმოებს პაკისტანის მთავრობასთან და რომ სამშვიდობო დიალოგი ამ ეტაპზე წარმატებით მიმდინარეობს.
მაულვი ფაქირ მოჰამედი დარწმუნებულია, რომ მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება სახელმძღვანელო დოკუმენტი იქნება პაკისტანის იმ რეგიონებისათვის, სადაც მეამბოხეთა აქტივობა განსაკუთრებით მაღალია. ეს რეგიონები კი პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში, ავღანეთის საზღვართან მდებარეობს.
თალიბი ლიდერი ასევე აზუსტებს, რომ მთავრობამ თალიბების ათობით მებრძოლი კეთილი ნების ნიშნად გაათავისუფლა, სანაცვლოდ კი მეამბოხეებმა თავდასხმები შეწყვიტეს.
მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციაზე პირდაპირ მინიშნებას არ აკეთებს პაკისტანის პრემიერ მინისტრი იუსუფ რეზა გილანი თუმცა აცხადებს, რომ ამ ტიპის მოლაპარაკებები მისი მთავრობის პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია.