ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა საგადასახადო შეღავათების გახანგრძლივებას მოითხოვს


ობამა საგადასახადო შეღავათების გახანგრძლივებას მოითხოვს
ობამა საგადასახადო შეღავათების გახანგრძლივებას მოითხოვს

საუბარია შეღავათებზე, რომელმაც საშუალო ამერიკელის ოჯახს შარშან დაახლოებით ათასი დოლარი დააზოგინა

ობამას ადმინისტრაცია კონგრესს დროებითი საგადასახადო შეზღუდვების შესახებ მიღებული კანონის გახანგრძლივებას სთხოვს. საუბარია ფედერალურ საპენსიო სისტემაზე, რომელსაც სოციალური უზრუნველყოფის პროგრამასაც უწოდებენ. ექსპერტების აზრით ამჯერად პრეზიდენტს შანსი აქვს შეთავაზებული საკანონმდებლო პროექტი კონგრესში წარმატებით დამტკიცდეს.

პრეზიდენტი ობამა ამერიკის ეკონომიკის გაჯანსაღების მომენტით სარგებლობს და კონგრესს სოცუზრუნველყოფის პროგრამების საგადასახადო შეზღუდვების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებას სთხოვს.

ვაშინგტონს ამერიკის წინსვლის შეფერხება ახლა ყველაზე ნაკლებად სჭირდება. უპირველეს ყოვლისა და უმთავრესად ეს იმას ნიშნავს, რომ ახლა მომუშავე ამერიკელებს გადასახადები არ უნდა გავუზარდოთ“.

პრეზიდენტის განცხადებაში იმ შეღავათებზეა საუბარი, რომელმაც საშუალო ამერიკელის ოჯახს შარშან დაახლოებით წლიური ათასი დოლარი დააზოგინა. თუმცა, შეღავათი დროებითი იყო და ის თებერვლის ბოლოს იწურება. თუკი კონგრესმა სასწრაფო ზომები არ მიიღო, კანონს ვადა გაუვა. დემოკრატი სენატორი მაქს ბაკუსი ამბობს, რომ ამ ზომას ამერიკის ეკონომიკისთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს:

საგადასახადო შეღავათის გახანგრძლივება წლის ბოლომდე ოჯახებს კიდევ საშუალოდ 1000 დოლარს დააზოგინებს. ისინი კი ამ ფულს ისევ ადგილობრივ ბიზნესებში დახარჯავენ, რაც ამერიკის ეკონომიკისთვის დამატებითი საწვავივით იქნება“.

ორშაბათს რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებადი წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ჯონ ბეინერმა აღნიშნული შეღავათის გატარების წინაპირობად დაყენებული საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცის მოთხოვნა ოდნავ შეარბილა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად გამოხატავს სპიკერის აზრი ზოგადად რესპუბლიკელი კონგრესმენების დამოკიდებულებას. ერთ-ერთი რესპუბლიკელი სენატორი, ორინ ჰეთჩი აცხადებს, რომ ქვეყანას არ აქვს მოდუნების და დეფიციტის პრობლემის ერთი წამითაც უყურადღებოდ დატოვების უფლება:

დღეისათვის დეფიციტის მთლიანი რაოდენობა 15.3 ტრილიონ დოლარს შეადგენს. ეს თანხა მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობას აღემატება. როცა მათი თანაფარდობა 100 პროცენტს აჭარბებს, ეს ეკონომიკის არამდგრადობაზე მიუთითებს და ევროპული ქვეყნებივით სერიოზული ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის წინაშე გვაყენებს“.

პრეზიდენტი ობამას განცხადებით ყველა ამ გარემოების გათვალისწინებით დროებითი საგადასახადო შეზღუდვების შესახებ მიღებული კანონის გახანგრძლივება მხოლოდ ერთი წლით უნდა მოხდეს. რადგან მისი კიდევ უფრო დიდი ვადით გაგრძელება 50 მილიონი პენსიონერისთვის განკუთვნილი სოციალური სადაზღვევო პროგრამების არსებობას რისკის ქვეშ აყენებს.

XS
SM
MD
LG